სხვა

17:30 | 6.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

ჯერ არჩევნები, მერე ჩხუბი

ქვესაშუალო წონაში WBO-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის, ფილიპინელი მენი პაკიაოს მრჩეველმა, მაიკლ კონცმა ინტერნეტ-გამოცემა fanHouse-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ პაკიაო წლეულს აუცილებლად გავა რინგზე, მაგრამ კონკრეტულად როდის გამრთავს ბრძოლას, ეს, ფილიპინებში ჩასატარებელი კონგრესის არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
“მენი არჩევნებში იყრის კენჭს. თუ გამარჯვება ვერ მოახერხა, მაშინ ბრძოლას სავარაუდოდ სექტემბერში დავნიშნავთ, ხოლო თუ კონგრესის წევრი გახდება, მაშინ თარიღი ერთი-ორი თვით გადაიწევს” – განაცხადა კონცმა.
კრივის მოყვარულები უკვე დიდი ხანია სულმოუთქმელად ელიან პაკიაოსა და ფლოიდ მეივეზერ-უმცროსის დაპირისპირებას, მაგრამ მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას ვერა და ვერ მიაღწიეს. მოლაპარაკება შეიძლება ჩიხში ისევ შევიდეს, რადგან ბრძოლის წინ დოპინგ-კონტროლის გავლის საკითხი ჯერაც საკამათოდ რჩება. კონცმა უარყო ინფორმაცია, თითქოს მენი პაკიაო მზადაა დათანხმდეს დოპინგ-კონტროლის უმკაცრეს პირობებს, რომლებიც მეივეზერის ბანაკმა მოითხოვა.
“თუ ფლოიდს ბრძოლის სურვილი აქვს, მენი მზადაა რინგზე ავიდეს და საკადრისად გაუსწორდეს. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ მეტოქესთან, ნებისმიერ ქალაქში დავთანხმდეთ შეხვედრის ჩატარებას, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ სპორტული კომისიის მიერ დაკანონებული წესების დაცვით და არა მეტოქის ახირებების დასაკმაყოფილებლად. იმედია ზედმეტ პრინციპულობას გადააბიჯებენ და მოლაპარაკებას ბოლომდე მივიყვანთ” – დასძინა მსოფლიოს ჩემპიონის მრჩეველმა.
ამ დღეებში პაკიაოს პრომოუთერმა, ბობ არუმმა ფილიპინელის სხვა სავარაუდო მოწინააღმდეგეთა სახელებიც გაახმაურა: ქვესაშუალო წონაში მსოფლიოს ექსჩემპიონი ანტონიო მარგარიტო, WBA-ის ვერსიით პირველი საშუალო წონის უძლიერესი მოკრივე იური ფორმანი და მენი პაკიაოსგან ერთხელ უკვე ნოკაუტნაწნვნევი მიგელ კოტო.
კონცმა ისიც აღნიშნა, რომ მისი კლიენტი აქტიური სპორტული კარიერის დასრულებაზე უკვე სერიოზულად ფიქრობს, რაც მნიშვნელოვანწილად, მოკრივის დედის კატეგორიული მოთხოვნით ყოფილა გამოწვეული. თუმცა ამ ნაბიჯის მინიმუმ მომავალ წლამდე გადადგმა მაინც არ იგეგმება და გულშემატკივრები საყვარელ სპორტსმენს რინგზე კიდევ იხილავენ.

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.156857