იტალიურმა "ჯენოამ" ლონდონის "ტოტენჰემისგან" ესპანელი თავდამსხმელი იაგო ფალკე შეიძინა. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.
ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი გადაიხადეს გენუელებმა 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, თუმცა transfermarket-ის ინფორმაციით, აღნიშნული ტრანსფერი ერთ მილიონ ევრომდე ღირებულებისაა.
ფალკე ერთ-ერთი მოგზაური ფეხბურთელია. "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილმა ფეხი ვერცერთ კლუბში მოიკიდა. 2008 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით "იუვენტუსს" შეუერთდა, თუმცა მთავარი გუნდის მაისურით ერთი შეხვედრაც არ ჩაუტარებია. "ბებერ ქალბატონს" ესპანელი "ბარიში", "ვილიარეალში" და "ტოტენჰემში" ჰყავდა განათხოვრებული, სადაც საბოლოოდ გაყიდა კიდეც. ლონდონელებს ფალკე "საუთჰემპტონში", "ალმერიაში" და "რაიოში" ჰყავდათ იჯარით გაშვებული.
საბოლოოდ, იაგო ფალკე კვლავ იტალიას დაუბრუნდა. თავდამსხმელმა გასული სეზონი "რაიოში" გაატარა და 31 მატჩში, 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
გიორგი ბალახაძე