ფეხბურთი

11:12 | 5.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯემალ ზეინკლიშვილის ხუმრობანი

შიშველი ვარსკვლავები


 

1964 წლის ნოემბერში სსრკ-ის ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ ყველა დინამოელს ყველასათვის საოცნებო, მაშინ პოპულარული მანქანები - გაზ-21 გვაჩუქეს. მომდევნო წლის გაზაფხულზე მესხს და მეტრეველს მოველაპარაკე, წავიდეთ ბორჯომში და ერთი კაცურად ვიქეიფოთ-მეთქი! კაჩალინს ვთხოვე, მამაჩემს დავხედავ, ავად არის და ბიჭებსაც წავიყვან-მეთქი. გაგვიშვა სამი დღით სამივე, თუმცა, რასაკვირველია, არ იცოდა, რომ საქეიფოდ მივდიოდით. მივდივართ ღიღინ-ღიღინით, ძალიან ცხელა, გზაში ნელ-ნელა ვიხდით ტანსაცმელს და ბოლოს ტრუსებისამარა დავრჩით. ხაშურთან ერთი სასაცილო აზრი მომივიდა და ჩავაქრე მანქანა! Mმიშას და სლავას ვუთხარი - ბიჭებო, მოაწექით და დაიქოქება-მეთქი. ყლაპეს და მართლა ჩავიდნენ მანქანიდან მოსაწოლად. მეც ეს მინდოდა, მყის დავქოქე, დავადე გაზს ფეხი და ბორჯომამდე არ გამიჩერებია! დარჩნენ მესხი და მეტრეველი ტრუსებისამარა შუა გზაში!!! შევარდნილან ბუჩქებში, ერიდებათ, ამხელა ფეხბურთელები ვინმემ რომ არ დაინახოს შიშვლები! მათ ბედად, მილიციის ინსპექტორს სამთვლიანი მოტოციკლით გამოუვლია და ბიჭებმა ბუჩქებიდან იმას დაუძახეს. გადარეულა ის ინსპექტორი, წარმოგიდგენიათ, რას გაიფიქრებდა!!! თბილისში ვეღარ დაბრუნდნენ ტრუსიკიანები, მყისვე გავარდებოდა ხმა ქალაქში და კაჩალინს ვერ გადაურჩებოდნენ, სთხოვეს და ინსპექტორმა ისევ ბორჯომში ჩამოიყვანა, მაგრამ ისე იყვნენ გაბრაზებულები, ჩემსკენ არ მოუხედავთ! Oმიშასთვის და სლავასთვის პურმარილს ვინ დაიშურებდა? ორი დღე იქეიფეს უჩემოდ, მესამე დღეს კი ვეღარ გაძლეს და ისევ ერთად ვიყავით!!!

მას მერე, მესხი და მეტრეველი კარგა ხანს აღარაფერს მიჯერებდნენ...

„დინამოდან“ „მეშახტეში“

1964 წლის წინ შეკრებაზე წავედით და მაშინდელი სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი სიხარულიძე წამოგვყვა. ცალკე კუპე ჰქონდა დაქირავებული და თითო-თითოდ უძახდა ფეხბურთელებს. იქიდან ბიჭები დამუნჯებულები გამოდიოდნენ. მომიწია ჩემმა ჯერმა, შევედი და მაგიდაზე კონიაკის ბოთლი ჰქონდა გახსნილი. დამისხა და დალიეო-მითხრა. დავლიე, ისევ დამისხა და ასე რამდენჯერმე. სულ ექვსი ჭიქა დავლიე... სიხარულიძეს თვალები გაუფართოვდა და დამიღრიალა – ზეინკლიშვილო, ჩემი შიშით ვერავინ დალია, შენ როგორ გაბედე, ღორი ყოფილხარ, შენი დედაცო -… შემაგინა!!! გინება ასე არ უნდა-მეთქი, გადავედი ჭკუიდან, ვეცი ყელში და ვახრჩობდი! ძლივს გამაგდებინეს ხელიდან! მას მერე გადამეკიდა, მაგრამ ისე მაგრად ვთამაშობდი, ვერაფერი მომიხერხა, თანაც იმ წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონები გავხდით! მომდევნო სეზონში საზარდული დამეჭიმა და რამდენიმე კვირა არ მივარჯიშია, საავადმყოფოში ვიწექი. რამდენიმე თამაში წავაგეთ, ჰოდა, სიხარულიძემაც იხელთა დრო და ხელი მოაწერინა დინამოელებს და თბილისის „დინამოდან“ გამაგდეს იმ მოტივით, რომ გუნდმა ჩემს გამო წააგო მატჩები, განსაკუთრებით ლენინგრადის „ზენიტთან“ თბილისშიო, არადა ამ დროს საავადმყოფოში ვიწექი!!!

28 წლის ფეხბურთელი სიხარულიძის შიშით არსად აღარ მიმიღეს, იმხელა გავლენა ჰქონდა, მე კი არა, მიშა მესხს დაამთავრებინა ფეხბურთი და ვერაფერს გავხდი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონმა ტყიბულის „მეშახტეში“ დავამთავრე კარიერა...

პაშას ტრუსიკი

1987 წელს 50 წელი შემისრულდა და დიდი იუბილეს გადახდა გადავწყვიტე ბორჯომში. ლამის მთელი საქართველო დავპატიჟე! მოსკოვიდან ჩემი მეგობარი გენერალი კოლესნიკოვი ჩამოვიდა, დიდი სუფრა გაიშალა, მეტრანახევრიანი ტორტი გამომიცხვეს, რომლის თავზეც უზარმაზარი ბურთი იდო! რა გამაჩერებდა, რომ ჩემს იუბილეზე რაიმე სიურპრიზი არ მომეფიქრებინა? ავდექი და ჩემს რუს სიდედრ პაშას, რომელსაც ყველა იცნობდა და ყველას უყვარდა, დიდი ტრუსიკი მოვპარე და ჩავიცვი! ზედ შარვალი შემოვიცვი. გახურდა ქეიფი, მოვითხოვე სიტყვა – პაშას თამადობით ჩვენს დედებს გაუმარჯოსო! ყველა ადგა ფეხზე და პაშას სადღეგრძელოს სვამს. მოიცადეთ, ყველას უნდა დაგიმტკიცოთ, როგორ მიყვარს სიდედრი-მეთქი! ავედი მაგიდაზე და... ჩავიხადე შარვალი!!! პაშას ტრუსიკმა წითლად გამოანათა, მთელი სუფრა დაწვა სიცილით და კარგა ხანი აღარც ჭამის და აღარც დალევის თავი აღარ ჰქონდა არავის...

„კომბიკორმა“

საფეხბურთო კარიერა რომ დავამთავრე, ჩემს მშობლიურ ბორჯომში გადმოვსახლდი, ბორჯომ-ხარაგაულის რესტორნების ხელმღღვანელად დავიწყე მუშაობა და ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ვიქნებოდი - სმა ხშირად მიწევდა. ერთხელ სახლში ძალიან მთვრალი დავბრუნდი, ისეთი მთვრალი, კარგა ხანს მოვუნდი შინ მისვლას და გზაში საკმაოდ მომშივდა. ჩემი სიდედრი გემრიელ საჭმელებს აკეთებდა და სამზარეულოდონ ისეთმა მადისაღმძვრელმა სუნმა შემიღიტინა ცხვირში, შევედი და დიდი ჯამი საცივისა გავათავე. ცოტა მეეჭვებოდა, რაღაცა სქელი საცივი გაუკეთებია პაშას-მეთქი, მაგრამ სანამ არ მოვლოკე, არ გავჩერებულვარ! გამოვძეხი და მშვიდად მივიძინე... დილას კი პაშას კივილმა გამაღვიძა: ჯემალი, ადეკი, გამე კურდები შემოპარულანო! გადავირიე, ვინ ქურდები, როგორ გამიბედეს, ჩემს სახლში რა უნდოდათ-მეთქი! რამე ხომ არაა წაღებული? - ვეკითხები პაშას. ჩვენი პატარა გოჩებისტვის ერტი ჯამი კომბიკორმა მოვამზადე, სამზარეულოში მაგიდაზე იდო და მამადზაგლებს სულ ცაუგიატო – რუსულ-ქართულით შემომჩივლა სიდედრმა...

 

მამუკა კვარაცხელია

0.134646