ფეხბურთი

9:46 | 21.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯეფრი ჰერსტი: “1974 და 1978 წლებში ჰოლანდიელები სრულყოფილ ფეხბურთს თამაშობდნენ”

ჯეფრი ჰერსტი ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული ფიგურაა – იგი ერთადერთია, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში 3 გოლი აქვს გატანილი. 1966 წლის მუნდიალზე მიღწეული ტრიუმფის გარდა, ჰერსტს 1968 წელს ევროპის პირველობის ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული, 1965-ში კი აღმოსავლეთლონდონის “ვესტ ჰემ იუნაიტედთან” ერთად თასების თასს დაეუფლა. რამდენიმე მუნდიალზე ჰერსტი მიმომხილველად მუშაობდა და მისი თვალსაზრისი გულშემატკივართათვის საინტერესო და საყურადღებოცაა.

- მსოფლიოს ჩემპიონატების გახსენებისას უპირველესად რომელი ემოცია გახსენდებათ?

- შვეციის 1958 წლის მუნდიალზე პელეს თამაშმა მომხიბლა. ბრაზილიელი ჩემზე ერთი წლითაა უფროსი და მას ვქომაგობდი. მაშინ 16 წლისა გახლდით და “ვესტ ჰემში” პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, თანაც თანატოლებს შორის საუკეთესო მოთამაშედ ნამდვილად არ ვითვლებოდი. მოგვიანებით მონდომებამ და შრომამ თავისი გაიტანა. ინგლისის ნაკრებში სერ ალფ რამსეიმ ამიყვანა, დიდი ნდობა გამომიცხადა და მეც მწვრთნელის, პარტნიორთა და გულშემატკივართა იმედი გავამართლე. 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ინგლისის ეროვნულ გუნდის რიგებში მხოლოდ 5 მატჩი მქონდა ჩატარებული,

მუნდიალის განცხადში შეყვანამ თითქოს ფრთები შემასხა, მთელი ტურნირი აღმაფრენით ჩავატარე, ფინალი კი დაუვიწყარია – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებს ჰეთ-თრიკი შევუსრულე.

- ალბათ კითხვაც არაა საჭირო, თუ რომელია თქვენი ყველაზე უფრო დასამახსოვრებელი საფეხბურთო შთაბეჭდილება...

- არაფერი შეედრება იმ გრძნობას, როდესაც არბიტრმა ფინალის დასრულების სასტვენი მისცა. მთელი 2 თვის განმავლობაში საგულდაგულოდ კი ვემზადებოდით, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ძნელად ვიჯერებდით, რომ საბოლოოდ მსოფლიოს ჩემპიონები გავხდებოდით. მეც გაურკვევლობაში გახლდით – არ ვიცოდი, რამსეი ძირითადში დამაყენებდა თუ არა. გერმნელებთან გადამწყვეტი მატჩის მიწურულს “უემბლიზე” ისეთი ხმაური იდგა, მსაჯის სასტვენის ხმა ვერ გავიგე, სამაგიეროდ დავინახე მისი ზემოთ აწეული ორივე ხელი და მივხვდი, ზღაპარი კეთილად რომ დასრულდა. ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ მოზეიმე ადამიანთა ზღვას შევუერთდით. ამდენი ბედნიერი სახე არც მანამდე და არც მას შემდეგ არასდროს მინახავს. ყველაზე მეტად კი იცით რა ჩამებეჭდა გონებაში? ერთ-ერთ გულშემატკივარს ბანერი ჰქონდა გამოტანილი, რომელსაც დიდი ასოებით ეწერა: “ნობი სტაილზი ინგლისის პრემიერ მინისტრად”.

- მსოფლიოს ჩემპიონატების საუკეთესო ფეხბურთელად ვის თვლით?

- ყოველგვარი ჭოჭმანის გარეშე პელეს დაგისახელებთ. მსგავსი მოქნილი, ტექნიკური და მიზანმიმართული მოთამაშე მინდორზე არ შემხვედრია. ამასთან პელე მეტად აგრესიული ფეხბურთელი იყო და თავითაც ბრწყინვალედ თამაშობდა. იგი დიდი ხნის განმავლობაში იყო საუკეთესო ფორმაში, რასაც მის მიერ 12 წლის ინტერვალით, 1958 და 1970 წლებში მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონობა ადასტურებს. “ვესტ ჰემში” ჩემი დამრიგებელი რონ გრინვუდი ამბობდა, ფეხბურთი მარტივი თამაშია, რომელსაც მოთამაშეები ართულებენო. პელეზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით – იგი ურთულეს ილეთებს ისე მარტივად ასრულებდა, გაიფიქრებდი, ამის გაკეთებას რა უნდაო...

- მსოფლიოს ბევრი პირველობისთვის მიგიდევნებიათ თვალი. საუკეთესო შთაბეჭდილება მუნდიალის მონაწილე რომელმა ნაკრებებმა დატოვეს?

- რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მსოფლიოს ჩემპიონს არ დაგისახელებთ. 1974 და 1978 წლების ჰოლანდია ჩემი აზრით უძლიერესი იყო. ჰოლანდიელები სრულყოფილ ფეხბურთს თამაშობდნენ. განსაკუთრებით იოჰან კრუიფმა მომხიბლა. მას პელეს შემდეგ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთა ჩამონათვალში მეორე ადგილზე დავაყენებდი. აქვე ჩემ საკლუბო სიმპატიასაც გაგიმხელთ. ლონდონის “არსენალი” და “ბარსელონა” ტრადიციისადმი ერთგულებისთვის საყოველთაო პატივისცემას იმსახურებენ.

- ინგლისის ნაკრების ყველა დროის თქვენეულ სიმბოლურ ნაკრებს ხომ ვერ დაგვისახელებთ?

- კარში გორდონ ბენქსს დავაყენებდი, დაცვაში ალფ რამსეის, ბობი მურს, ტონი ადამსს, რეი უილსონს. წინა ხაზზე კი ტომ ფინის, ბობი ჩარლტონს, ბრაიან რობსონს, დანკან ედვარდსს, ჯიმი გრივზსა და ალან შირერს გავამწესებდი.

0.169