გიბრალტარში მიმდინარე პრესტიჟული საჭადრაკო ტურნირის მე-3 ტური წარმატებული გამოდგა ლელა ჯავახიშვილისთვის (2430). ქართველმა მოჭადრაკემ გერმანელი ანდრეას გიკასი (2189) თეთრი ფიგურებით დაამარცხა და 2.0 ქულით 70-ე ადგილზე გადაინაცვლა.
საკუთარი პარტია ფრედ დაასრულა ბელა ხოტენაშვილმა (2527), რომელიც ასევე თეთრებით ესპანელ ირენ ნიკოლასს (2249) ეთამაშებოდა. ბელა 1.5 ქულით, ჯერჯერობით, 137-ეა.
ცნობისთვის, გიბრალტარის მასტერსის გათამაშებაში ქულათა მაქსიმუმით 10 მოჭადრაკე დაწინაურდა, სულ კი შეჯიბრს 255 (!) მონაწილე ჰყავს.
მე-4 ტურში ქართველი მოჭადრაკეები შავი ფიგურებით ითამაშებენ. ჯავახიშვილი პეტერ ჰაულის (ნორვეგია, 2278) დაუპირისპირდება, ხოლო ხოტენაშვილი – ტერი ჩეპმენს (ინგლისი).
შეგახსენებთ, რომ ტურნირზე პარტიები 6 თებერვლის ჩათვლით, 10 ტურად შვეიცარული სისტემით ჩატარდება. ფორმატი ასეთია: 100 წუთი 40 სვლაზე, 50 წუთი 20 სვლაზე, 15 წუთი პარტიის ბოლომდე+30 წუთიანი დამატებით პირველივე სვლიდან.
პირველი ადგილის გაყოფის შემთხვევაში, მონაწილეთა შორის ტაი-ბრეიქი გაიმართება, ხოლო თუ პირველი ადგილის პრეტენდენტი ოთხზე მეტია, მაშინ რეიტინგ-პერფორმანსით აირჩევა 4 საუკეთესო და გამარჯვებული მათ შორის გაირკვევა.
მასტერსის ტურნირის საერთო გამარჯვებული 20 000 ინგლისური ფუნტით დაჯილდოვდება, II პოზიციაზე გასული 14 000-ს მიიღებს, ხოლო მესამეადგილოსანი – 12 000-ს. ქალებში თანხები ასე განაწილდება: I – 15 000, II – 10 000, III – 5 000.