საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ, გამოცემა “სპორტ-ექსპრესთან” საუბარში განაცხადა, რომ მოსკოვის “სპარტაკიდან” “როსტოვში” მისი განათხოვრება მოულოდნელი იყო.
ჯანო ანანიძე: “მოულოდნელი იყო თუ არა “როსტოვში” გადასვლა? მართალი გითხრათ, დიახ. თუმცა, ვინმე თუ ფიქრობს, რომ ეს ჩემთვის დარტყმა იყო, ძალიან ცდება. რა თქმა უნდა, “სპარტაკი” უზომოდ მიყვარს, მაგრამ თუ უნდა დავამტკიცო, რომ გუნდს ვჭირდები, ნებისმიერი გამოცდისთვის მზად ვარ”.
- “როსტოვის” გარდა, სხვა გუნდების ვარიანტები თუ იყო?
- რამდენიმე ვარიანტი იყო. სხვათა შორის, უცხოური კლუბების. თუმცა მე ჩავთვალე, რომ “როსტოვში” თამაში უფრო საინტერესო იქნებოდა. ეს გუნდი სიმპათიურ, ჩემთვის მისაღებ ფეხბურთს თამაშობს. იგივე მითხრეს ადამიანებმა, ვისთვისაც ჩემი ბედი სულერთი არაა.
- თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს, რევაზ ჩელებაძეს გულისხმობთ, რომელმაც თავის დროზე “სპარტაკში” მიგიყვანათ?
- ამჟამად, ის საქართველოში “ქობულეთს” ავარჯიშებს, მაგრამ ჩვენ მუდმივად ვკონტაქტობთ. “წადი და ითამაშე. შენ საუკეთესო უნდა იყო”, – მითხრა ჩელებაძემ. ასეთი სიტყვები დასაფასებელია.
- ახალ გუნდში როგორ მიგიღეს?
- მე და არტიომ ძიუბა გუნდში სულ რამდენიმე დღეა ვართ, მაგრამ “როსტოვში” უკვე “თავისიანებად” მიგვიღეს. აქ საშა შეშუკოვი დაგვხვდა, რომელთან ერთად “სპარტაკში” ვთამაშობდით. ასე რომ, ადაპტაციის პრობლემა არ ყოფილა. რაც შეეხება მოედანზე სათამაშო კონტაქტებს, ვფიქრობ, ისინი გამოიძებნება.
- თუმცა, ალბათ, გესმით, რომ სასტარტო შემადგენლობაში ადგილის გარანტიას არავინ მოგცემთ?
- ეს კარგად ვიცი. “როსტოვში” კარგი ნახევარმცველები საკმაოდაა: კანგა, კალაჩიოვი, გაცკანი, შეშუკოვი, პოლოზი. აქედან გამომდინარე, უნდა დავამტკიცო, რომ გუნდს ვჭირდები. ეს ჩემი პროფესიის ნაწილია.