“როსტოვში” იჯარით მოთამაშე ჯანო ანანიძეს ზაფხულში “სპარტაკში” დაბრუნება სურს, რათა მოსკოვურ კლუბში თავისი შესაძლებლობები დაამტკიცოს. ამის შესახებ მან “სოვეტსკი სპორტთან” ინტერვიუში განაცხადა.
ჯანო ანანიძე: “მიმდინარე სეზონი ჩემს კარიერაში საუკეთესოა. მუდმივად ვთამაშობ, გოლები გამაქვს და საგოლე პასებს ვაკეთებ. ეს იმას უკავშირდება, რომ უბრალოდ უფრო მეტს ვთამაშობ. “სპარტაკში”ვარჯიშებზე თავს “ვიკლავდი”, მაგრამ მოედანზე მხოლოდ 20 წუთი გავდიოდი. სათამაშო რიტმი არ მყოფნიდა და ფსიქოლოგიურად მიძნელდებოდა. “როსტოვში” კი, მწვრთნელი მენდობა და ყოველ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში ვარ.
- ცოტა ხნის წინ, “როსტოვის” მთავარმა მწვრთნელმა ჩვენს გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა: “ჯანო ჩემი სიხარულიაო”.
- ვერ ვიფიქრებდი, რომ მისი საყვარელი ფეხბურთელი გავხდებოდი. სეზონის დაწყებამდე მწვრთნელს აქებდნენ, ყვებოდნენ, რომ გუნდში კარგი ატმოსფერო და საინტერესო ვარჯიშებია. როსტოვში ჩასვლის შემდეგ, ამაში თავად დავრწმუნდი. ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები, ალბათ, მისი პატივისცემა ამიტომ დავიმსახურე.
- იჯარის ვარიანტი როგორ წარმოიშვა?
- “როსტოვს” ჩემი აყვანა ჯერ კიდევ შარშან ზამთარში სურდა. მაშინ, უარი არ მითქვამს, მაგრამ პაუზა ავიღე. სეზონის დაწყებამდე ვალერი კარპინმა მიხმო და რადგან ცოტას ვთამაშობდი, იჯარით წასვლა შემომთავაზა.
- დიდი ხანი ფიქრობდით?
- უპრობლემოდ დავთანხმდი, რადგან არ მომწონდა, რომ “სპარტაკში” 15-20 წუთი ვთამაშობდი. ისეთ ასაკში ვარ, რომ ჩემი თავი ყოველ თამაშში უნდა წარმოვაჩინო. “სპარტაკში” დარჩენის შემთხვევაში, შესაძლოა, დღემდე სათადარიგოთა სკამზე ვმჯდარიყავი და მორიგი წელიწადი “ჩამვარდნოდა”.
- ე.ი. “სპარტაკზე” ნაწყენი არ ხართ?
- არა, რადგან მესმოდა, რომ ეს ჩემთვის უფრო უკეთესი იქნებოდა. მე თავად “სპარტაკის” ხელმძღვანელობას რამდენიმეჯერ შევთავაზე რომ იჯარით გავეშვი, ვინაიდან თამაში მსურდა.
- ივნისში “როსტოვთან” საიჯარო ხელშეკრულება გიმთავრდებათ. დარჩენა არ გიფიქრიათ?
- ადგილობრივი გულშემატკივრები ძალიან შემიყვარდა. სტადიონზე, ყოველთვის საუცხოო ატმოსფეროა და ქალაქიც საფეხბურთოა. თუმცა, როსტოველებს არ ეწყინებათ თუ ვიტყვი, რომ “როსტოვში” გადასვლა ჩემს კარიერაში ტრამპლინია. მინდოდა ადგილობრივ გუნდს დავხმარებოდი და ახალ დონეზე გავსულიყავი.
- ზაფხულში “სპარტაკში” ნებისმიერ შემთხვევაში დაბრუნდებით?
- დიახ. ამ ხნის განმავლობაში ფიზიკურადაც მოვმაგრდი და უფრო თავდაჯერებული გავხდი. ახლა მსურს, რომ “სპარტაკში” დავბრუნდე და ჩემი შესაძლებლობები წარმოვაჩინო. ეს გუნდი მიყვარს და მინდა დავამტკიცო, რომ მის რიგებში თამაში და სარგებელის მოტანა შემიძლია. “სპარტაკთან” ერთად შეკრებაზე წავალ, იქნებ ახალ მწვრთნელს მოვეწონო.
- გაგიკვირდათ, როდესაც ვალერი კარპინის გაშვების ამბავი შეიტყვეთ?
- შოკში არ ვყოფილვარ. ყველაფერი აქეთ მიდიოდა, რადგან გუნდს შედეგი არ ჰქონდა. ყველგან წერდნენ, რომ კარპინი გასაშვები იყო. ალბათ, ეს იძულებითი გადაწყვეტილება გახლდათ. რაც არ უნდა იყოს, ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდი აუტსაიდერ “ანჟისთან” ქულებს არ უნდა კარგავდეს და მეორე დივიზიონის “ტოსნოსთან” არ უნდა აგებდეს.
- “სპარტაკის” თამაშს თვალს ადევნებთ?
- ამჟამად, “სპარტაკის” გულშემატკივარი ვარ. ვცდილობ გუნდის ყველა თამაშს ვუყურო და ინტერნეტში სიახლეები წავიკითხო. მაინტერესებს გუნდში რა ხდება.
- გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელ დმიტრი გუნკოზე რას იტყვით?
- “სპარტაკში” რომ მოვხვდი, მასთან ძალიან ცოტა ხანს ვიმუშავე. გუნკო ძალიან მონდომებული ადამიანია და ფეხბურთის თავისი ხედვა აქვს. მას დუბლშემადგენლობაში ყველაფერი გამოსდიოდა, მაგრამ პირველი გუნდი სულ სხვა რამაა.
- ანანიძისა და ძიუბას წყვილი ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა. საიდან ასეთი ურთიერთგაგება?
- “სპარტაკში” ვარჯიშის დროს ერთმანეთის ყოველთვის გვესმოდა, მაგრამ ოფიციალურ მატჩებში მოედანზე ერთად იშვიათად გავდიოდით. “როსტოვში” ყველაფერი შეიცვალა – მუდმივად ერთად ვთამაშობთ და შედეგიც სახეზეა. “ზურგით” ვგრძნობ არტიომი სად იმყოფება. ვიცი, რომ თუ ბურთს თავისუფალ ზონაში ჩავაგდებ, ძიუბაც იქ გაჩნდება და როგორც საჭიროა, ყველაფერს ისე გააკეთებს. სასიამოვნოა, რომ ჩემს გადაცემებს გონივრულად იყენებს და საუკეთესო ბომბარდირის წოდებისთვის იბრძვის.
- ძიუბა რუსეთის ნაკრებში გამოძახებას იმსახურებს?
- ის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია და საგოლე პასებს აკეთებს. მასთან დაკავშირებით რა კითხვები უნდა იყოს? არ მესმის ნაკრებში რატომ არაა. თუმცა, ყველა მწვრთნელს განსხვავებული აზრი აქვს და კაპელო მიიჩნევს, რომ ძიუბა არ სჭირდება.