“ნაპოლისა” და “იუვენტუსს” შორის გასამართ მატჩამდე, რომელიც პრესამ უკვე მონათლა “სკუდეტოსთვის” გადამწყვეტ ბრძოლად, იტალიის ეროვნული ნაკრებისა და “ბებერი ქალბატონის” ლეგენდარული თავდამსხმელი ჯამლუკა ვიალი La Stampa-ს ჟურნალისტ გაესაუბრა.
48 წლის სპეციალისტმა, რომელიც წლებია Sky Sport-ის წამყვანად და ექსპერტად მუშაობს, მომავალი მატჩის მოლოდონებზე და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
- ბატონო ჯანლუკა, “ნაპოლისა” და “იუვენტუსის” მატჩის შედეგი მართლა გადამწყვეტი იქნება “სკუდეტოსთვის” ბრძოლაში? თუ როგორც ანტონიო კონტემ თქვა, ეს ეს ერთ-ერთია იმ 12 ფინალიდან, რომლებიც “იუვენტუსს” სეზონის ბოლომდე დარჩა?
- არ ვიცი, როგორაა საქმე “იუვენტუსთან” მიმართებაში, აი, “ნაპოლის” კი, მხოლოდ გამარჯვება სჭირდება იმისათვის, რომ “სკუდეტოსთვის” ბრძოლის შანსი შეინარჩუნოს. ტურინელებთან მიღწეული წარმატება, შესაძლოა, ნეაპოლელი ფეხბურთელების განწყობაზე აისახოს, მათ ენთუზიაზმი და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა შემატოს.
- თუ “ნაპოლი” დამარცხდა?
- ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მას მოტივაცია დაეკარგება.
- ფიქრობთ, რომ “იუვენტუსის” გამარჯვება ინტრიგას მოკლავს? რაც არ უნდა იყოს, ასეთ შემთხვევაში “ბებერი ქალბატონი” მდევარს 9 ქულით დაშორდება.
- ყველას გვახსოვს, რომ გუნდებს ამაზე უფრო დიდი ჩამორჩენაც აღმოუფხვრიათ. წინ კიდევ რამდენიმე თამაშია. ამასთან, მომავალი მატჩის შედეგს დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და “იუვენტუსისთვის” აქ მოგება მხოლოდ მოედანზე მოგების ტოლფასი არ იქნება.
- ანუ, ფიქრობთ, რომ “ნაპოლის” ბრძოლის გაგრძელების ძალა აღარ შერჩება?
- თავად დაფიქრდით - გუნდი მეორესთან სტუმრად ჩადის და იმარჯვებს. ესე იგი, ის მასზე ძლიერია და საფიქრალიც არაფერია. თუ “ნაპოლი” დამარცხდება, ვფიქრობ, ის უფრო იმაზე იფიქრებს, რომ “ლაციო”, “მილანი” და “ინტერი” არ დაეწიონ.
- რომელი გუნდი ხვდება მომავალ მატჩს უკეთ მომზადებული?
- “იუვენტუსი” უკეთეს ფორმაშია, მათ უკვე გაიარეს სეზონის რთული პერიოდი. ტურინელებს შეეძლოთ “ნაპოლისთან” უფრო დიდი უპირატესობა მოეპოვებინათ, მაგრამ თავს ახლაც საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ და ლიდერებად რჩებიან.
- “ნაპოლიმ” “სამპდორიასა” და “უდინეზესთან” მატჩებში კონკურენტთან მიახლოების შანსი დაკარგა. ეს სისუსტის გამოვლინებაა?
- “ნაპოლი” დიდებული გუნდია, რომელიც, შესაძლოა, იმაზე უკეთ თამაშობს, ვიდრე მისგან ელოდნენ. მაგრამ როდესაც მათ წინაშე კონკრეტული თამაშის უთუოდ მოგების ამოცანა დგას, მიზნის მიღწევა უჭირთ და ეს უფრო ფსიქოლოგიური პრობლემის ბრალი უნდა იყოს. მაგალითისთვის, უდინეზეში გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა და აუცილებლად მოიგებდა, რომ არა შედეგით გამოწვეული ზეწოლა. იმ გუნდებისთვის, რომლებიც წარმატებებს მიეჩვივნენ, ასეთი სიტუაცია რთული არაა, მაგრამ “ნაპოლი” მსგავს მდგომარეობაში პირველადაა. სამი ფრე ჩემპიონატში და ორი მარცხი ევროპის ლიგაზე, სწორედ ზეწოლის ბრალია, რასაც “ნაპოლი” ვერ გაუმკლავდა.
- “ნაპოლის” ტიფოზები “სან პაოლოზე” “იუვენტუსს” ნამდვილ ჯოჯოხეთს მოუწყობენ. ამას როგორ უნდა გაუმკლავდნენ?
- საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი მსგავსი ამბავი, როდესაც “სამპდორიაში” გამოვდიოდი. ნეაპოლში მარადონას გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობდით. მეორე თუ მესამე ადგილზე ვიყავით და ყველაფერი ცუდად დასრულდა, მაგრამ იმ წელს, როდესაც სკუდეტო მოვიგეთ, ნეაპოლშიც სასურველ შედეგს მივაღწიეთ.
- მაყურებლები მართლა დაეხმარებიან “ნაპოლის”, თუ ზეწოლა უფრო გაიზრდება? “სამპდორიასთან” მატჩში გულშემატკივარმა გუნდს უსტვინა.
- ტიფოზების მხურვალე მხარდაჭერამ, შესაძლოა, ორ შედეგამდე მიგვიყვანოს: ისინი გუნდს შეტევაში თამაშს აიძულებენ, ან ფეხბურთელებს შეცდომის დაშვების შიში დაეუფლებათ. ვფიქრობ, ნეაპოლელები ფეხბურთელებს ასეთ რთულ სიტუაციაში სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებენ.
- როგორ ფიქრობთ, დადგა დრო, როდესაც კავანი კრიზისს გაუმკლავდება?
- ვფიქრობ, კავანი კონტეს უმთავრესი თავის ტკივილია. ანტონიომ კარგად იცის, რომ დიდი ფეხბურთელები ასეთ მატჩებში პრობლემებს უკან იტოვებენ. ამასთან, “ნაპოლიში” ინსინეც თამაშობს.
- ფიქრობთ, ის მოახერხებს გადამწყვეტი მოთამაშე გახდეს კონკრეტულად ამ მატჩში?
- დიახ, მას შეუძლია ლიდერობა. ლორენცო კრეატიული ფეხბურთელია. ის კარგია, როდესაც უბრალოდ თამაშობს, მაგრამ რაღაც საოცრების მოხდენაც შეუძლია. მისი ხასიათის ფეხბურთელები, ხშირად გუნდს ათი კაცის ამარა ტოვებენ, მაგრამ ინსინე გუნდს არასდროს ეთიშება.
- რასაც ვერ იტყვით ჯოვინკოზე.
- კონტე მას აფასებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯოვინკო მოედანზე ზუსტად იმას აკეთებს, რასაც მისგან მწვრთნელი ითხოვს. მაყურებლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ეფექტურობას, ქარიზმას, მწვრთნელი კი, ყურადღებას ციფრებს და სტატისტიკას ანიჭებს. ჯოვინკო მუდამ ყურადღების ცენტრშია და მისგან რაღაც განსაკუთრებულს ითხოვენ. სხვა ფეხბურთელები ჩრდილში რჩებიან და კარგ მოთამაშეებად ითვლებიან.
- პოგბა ასეთთა რიცხვს მიეკუთვნება?
- პოლმა თავიდანვე მოახდინა შთაბეჭდილება და ამან ადაპტაციის პროცესი გაუიოლა. მან მოლოდინის თამაშა ძალიან მაღლა აწია. იქამდე მივედით, რომ სამი თამაში რომ ჩაატარა ჩვეულ დონეზე, მას ვარსკვლავურ ავადმყოფობაში დასდეს ბრალი.
- ახლანდელი სეზონის “იუვენტუსი” უფრო მოგწონთ თუ გასული სეზონისა?
- განსაკუთრებულ სხვაობას ვერ ვხედავ. მხოლოდ მოულოდნელობის ეფექტი დაიკარგა და სხვა გუნდებმა “იუვენტუსის” წინააღმდეგ თამაში ისწავლეს. ტურინელებს არაფერი სჭირთ გასაკრიტიკებელი.
- ფიქრობთ, მომავალი შეხვედრა სხვაგვარი იქნებოდა “იუვენტუსს” გლაზგოში რომ წაეგო?
- “ნაპოლიმ” “სელტიკი” არაფერში არ უნდა დაადანაშაულოს, რადგან არაფერი შეიცვლებოდა. “იუვენტუსი” იმ დონის გუნდია, რომ ყველა თამაშის უმაღლეს დონეზე ჩატარება შეუძლია და მომდევნო მატჩისთვის მოსამზადებლად რამდენიმე დღეც ეყოფა.
- “ნაპოლის” მოსამზადებლად ნაკლები დრო ჰქონდა, რადგან “უდინეზეს” ორშაბათს ეთამაშა.
- ოთხი დღე ცოტა სულაც არაა. ინგლისში ხუთ დღეში სამ თამაშს ვატარებდით და არავინ წუწუნებდა. თუმცა, იტალიაში ფეხბურთი სამუშაოა, ინგლისში კი, გართობა.
- როგორც მწვრთნელი, რას ელით მომავალი მატჩისგან?
- ორივე გუნდი მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს, “იუვენტუსიც” კი, რომლისთვისაც ფრე მისაღები შედეგია. თუკი “იუვენტუსი” აქცენტს კონტრშეტევებზე გააკეთებს, როგორც გლაზგოში. ეს “ნაპოლის” დამსახურება იქნება , რადგან ძალიან კარგი გუნდი უნდა იყო, ტურინელებს დაცვაში გარჯა რომ აიძულო.