ძიუდო

23:23 | 9.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯანაშვილი და მჭედლიშვილი მსოფლიოს ოქროს მიუახლოვდნენ

საქართველოს იუნიორ ძიუდოისტთა ნაკრების წევრი მარიამ ჯანაშვილი მაიამიში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია. 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ევროპის მოქმედი ჩემპიონი სეზონის უმთავრეს შეჯიბრებაზე ტრავმით ჭიდაობს, მაგრამ მეტოქეებს იპონ-იპონ ამარცხებს.

ფინალის გზას ჯანაშვილი პორტუგალიელი ჟოანა ფერნანდეშის 7 წამში ძლევით შეუყვა. გერმანელ კატია შტიბელინგთან სამ იუკოს აგებდა და მეოთხე წუთზე ბეჭებზე დააგდო. ნახევარფინალში იაპონელ ჩიშიმა მადეას წუთნახევარში ვაზარის ჩამორჩენა შეუტრიალა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი კანადელ ჯესიკა კლიმკაიტს დაუპირისპირდება.

მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ერთადერთი ნაბიჯი კიდევ ერთ ქართველ ძიუდოისტს აშორებს – ვაჟთა ნაკრების წევრი კობა მჭედლიშვილიც (66 კგ) ფინალშია. იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორის რანგში ჩავიდა და მეოთხედფინალამდე არაევროპელი მეტოქეები ჩამოიშორა – გაბონელ არნოლდ კოუსუ ოუველუსა და ეკვადორელ კევინ ლეკაროს წუთზე ცოტა მეტი დრო აკმარა. კოსტარიკელ ხულიან სანჩოს კი სამწუთნახევარში ყველა შეფასების ილეთი აუღო. მეოთხედფინალში ბელარუსი გრიგორი კლებჩაც სანჩოს დღეში ჩააგდო, ოღონდ ნახევარი წუთით ნაკლებში. ფინალის საგზური კი ყაზახი დიდარ ხამზას იუკოთი ძლევით მოიპოვა. მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის კობა მჭედლიშვილი იაპონელი ჰიფუმი აბეს დაეჭიდება.

ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი მზია ბებოშვილი (48 კგ) მსოფლიოზეც ბრინჯაოს უტევს. მას კვარცხლბეკს ერთადერთი გამარჯვებაღა აშორებს – რეპეშაჟის ფინალში ბულგარელ ბეტინა ტემელკოვას შეხვდება. ძირითად ბადეში ბებოშვილმა ტაივანელ ჰსინ ლეი ცაის იუკოთი აჯობა. მონღოლი ხორლოოდოი ბიშრელტი 69 წამში გააკრა ტატამს. მეოთხედფინალში კი გერმანელ პატრიცია სზეკელთან ორი იუკოთი დამარცხდა და “ბრინჯაოს ნახევარფინალში” გადაერთო, სადაც უნგრელ რეკა პაპს ვაზარით სძლია.

დღესვე ამერიკულ ტატამზე გიორგი კაციაშვილი (60 კგ), სიმონ მამარდაშვილი (66 კგ), სალომე მარგიანი (48 კგ) და გურანდა შოთაძეც (52 კგ) გავიდნენ, მაგრამ მეოთხედფინალამდე ვერ მივიდნენ და ჩემპიონატს გამოეთიშნენ.

კაციაშვილისთვის დაუძლეველი ბარიერი მერვედფინალი და სომეხი ჰარუთინ დერმიშიანი აღმოჩნდა. იქამდე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ქართველმა ჩემპიონმა სამხრეთაფრიკელი შელდინ სერ კაჩელჰოფერი და უნგრელი ბენჩე ბოროში იპონ-იპონ ჩამოიცილა.

მამარდაშვილი ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო და უმალ წააგო ბულგარელ ივან სტეფანოვთან. მარგიანი ალჟირელ სადჯია ამრანეს ვერ გასცდა, ხოლო შოთაძე – ფრანგ ასტრიდ ნეტოს.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით პირველ საათზე დაიწყება.

0.133411