ფეხბურთი

13:37 | 5.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯალიაშვილმა ლატვიის თასზე გაიტანა

 

დაუგავპილსის “დაუგავამ”, რომლის რიგებშიც ოთხი ქართველი ფეხბურთელი გამოდის, ლატვიის თასის 1/2-ფინალში გააღწია.

“დაუგავამ”, თავის მოედანზე, მოქმედი ჩემპიონი “ვენტსპილსი” 2:1 დაამარცხა და გუნდის წარმატებას სათავე ჯემალ ჯალიაშვილმა დაუდო, რომელმაც მე-12 წუთზე ანგარიში გახსნა. ჯალიაშვილი 73-ე წუთზე შეცვალეს. მის მსგავსად სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ გიორგი ხუმარაშვილი, ბიძინა ცინცაძე და გიორგი ჩიხრაძე, რომლებმაც თავიდან ბოლომდე ითამაშეს. “ვენტსპილსის” რიგებში მოედანზე პირველი წუთიდან იმყოფებოდა თორნიკე თარხნიშვილი, რომელიც 71-ე წუთზე შეცვალეს.

დანიის სუპერლიგის 25-ე ტურში, “ორჰუსმა” შინ “რანდერსთან” 0:1 წააგო. დავით დევდარიანი მასპინძელთა სასტარტოში იმყოფებოდა და მე-20 წუთზე გააფრთხილეს, ხოლო 54-ე წუთზე შეცვალეს. მათე ვაწაძე მოედანზე 89-ე წუთზე შევიდა. დავით სხირტლაძემ ორი ტაიმი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. “ორჰუსი” 29 ქულით 12 გუნდში მეცხრეა. 

ლიტვის A ლიგის მე-6 ტურში, “თრაკაიმ” შინ კლაიპედას “ატლანტასს” ვერ მოუგო – 0:0. ბესიკ ამაშუკელი მასპინძელთა სასტარტოში იყო და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე შეცვალეს. მან 83-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. “თრაკაი” 10 გუნდში 11 ქულით მეორე ადგილზეა.  

“კრუოიამ” გასვლაზე “ჟალგირისთან” 0:2 წააგო. ვაჟა ბედოიძე სტუმართა 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. “კრუიოია” 8 ქულით მეხუთეა.

მოლდოვის ნაციონალ ლიგის (უმაღლესი ლიგა) 25-ე ტურში, “ტირასპოლმა”, სადაც ლაშა ჯაფარიძე გამოდის, შინაურ კედლებში “ოლიმპიას” 2:1 მოუგო. ქართველი განაპირა მცველი სრულად გაისარჯა. “ტირასპოლი” 54 ქულით 12 გუნდში მეორეა.  

რუსეთის პრემიერლიგის 24-ე ტურში ეკატერინბურგის “ურალმა” სტუმრად მოსკოვის “სპარტაკს” 1:0 მოუგო. ლაშა გვალია ეკატერინბურგელთა სამატჩო განაცხადში არ იმყოფებოდა. მან წინა დღეს დუბლშემადგენლობაში მეორე ტაიმი ითამაშა.

რუსეთის პირველი დივიზიონის 30-ე ტურში, ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ” ძერჟინსკში ადგილობრივ “ხიმკის” 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლი, 56-ე წუთზე, გორის “დილას” ექსფორვარდმა ნათან ჟუნიორმა გაიტანა. გიორგი ნავალოვსკიმ ხაბაროვსკელებში თავიდან ბოლომდე ითამაშა, ხოლო გოგუა ძირითადი დროის დასრულებამდე 10 წუთით ადრე შეცვალეს. კახა ალადაშვილი სათადარიგოებში ყოფნით შემოიფარგლა. “სკა-ენერგიას” 44 ქულა აქვს და 19 გუნდში მეშვიდეა.

ორენბურგის “გაზოვიკმა” იაროსლავლში “შინიკს” 1:0 მოუგო. ზურაბ არზიანს გამარჯვებულებში არ უთამაშია. “გაზოვიკი” 43 ქულით მერვეა.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 29-ე ტურში, დიუსელდორფის “ფორტუნამ” სტუმრად “პადერბორნს” 2:1 სძლია. ლევან ყენია დიუსელდორფელთა 18-კაციან განაცხადში არ იყო. გადაწყვეტილია, რომ სეზონის ბოლო ქართველი გუნდიდან წავა. “ფორტუნას” 37 ქულა დაუგროვდა და 18 გუნდში მეთერთმეტეა.

საფრანგეთის ლიგა ნაციონალის (მე-3 ლიგა) 27-ე ტურში “ლუზენაკმა” საკუთარ მოედანზე “პარიზს” ვერ მოუგო – 1:1. ამირან სანაიამ მოედანზე 90 წუთი დაჰყო. “ლუზენაკი” გათამაშებას 53 ქულით ლიდერობს.

უკრაინის პრემიერლიგის 24-ე ტურში, “სევასტოპოლმა” პოლტავის “ვორსკლა” მიიღო და 1:0 სძლია. მათე ღვინიანიძე და დავით დარციმელია სევასტოპოლელთა სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდნენ. “სევასტოპოლი” 22 ქულით 16 გუნდში მეთერთმეტეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111046