საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა, უკრაინაში იმყოფება, სადაც მას Football.ua-ს ჟურნალისტი გაესაუბრა. ინტერვიუს დასაწყისში, ჟურნალისტი მას უკრაინული ფეხბურთის გმირად მოიხსენიებს და ამის მიზეზი ყველასთვის გასაგებია. ინტერვიუს დაწყებამდე, კანკავამ ჟურნალისტს სთხოვა, არაფერი ეკითხა ოლეგ გუსევის შესახებ. (შეგახსენებთ, რომ მარტში, კიევის “დინამოსა” და “დნიპროს” დაპირისპირებისას, კიეველთა კაპიტანს – ოლეგ გუსევს ენა გადაეყლაპა და სიკვდილს მხოლოდ კანკავას დახმარებით გადაურჩა). აღნიშნულ ინტერვიუს, რომელშიც კანკავა საკმაოდ ბევრ თემაზე საუბრობს, ქვემოთ შემოგთავაზებთ:
- ჯაბა, სად გაატარეთ შვებულება?
- ორი კვირა თურქეთში გავატარე, მეტი დრო არ მქონდა.
- საქართველოში ჩასვლა მოახერხეთ?
- ზუსტად ორი დღით, შემდეგ მეგობრებთან ერთად თურქეთში წავედი.
- ბოდიში, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ: ცოლ-შვილი არ გყავთ, როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?
- ჩვეულებრივად. მოგებული თამაშის შემდეგ, მეგობრებთან ერთად რესტორანში მივდივარ.
- მოგწონთ, როდესაც ქუჩაში ხალხი გცნობთ? თქვენ ხომ აქ ყველა გიცნობთ.
-სიმართლე გითხრათ, სასიამოვნოა, როდესაც გცნობენ, მაგრამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენას ვერიდები.
- რატომ?
- სპეციალურად. არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა.
- ბოლო თვეების მანძილზე მეტ პოპულარობას გრძნობდით?
- გუსევის ეპიზოდს გულისხმობთ?
- დიახ, მაგრამ თუ შენიშნეთ, გუსევი საერთოდ არ მიხსენებია.
- (იცინის) დიახ, ძალიან პოპულარული გავხდი.
- მხოლოდ უკრაინაში?
- საქართველოში მხოლოდ ორი დღე გავატარე და არ ვიცი, იქ როგორი დამოკიდებულება აქვთ ჩემს მიმართ ამ ეპიზოდის მერე. უკრაინაში კი, ნამდვილად პოპულარული გავხდი.
- ეს ყველაფერი მომაბეზრებელი არაა?
- უკვე მივეჩვიე კიდეც, მაგრამ უფრო სასიამოვნოა, როდესაც ფეხბურთელად გიცნობენ და არა ვინმეს გადამრჩენად. ჩემთვის, მეორე ფაქტორი უმნიშვნელოა.
- იმ პერიოდში ბევრი ზარი შემოგდიოდათ?
- უჩვეულოდ ბევრი. თავიდან ყველას ვპასუხობდი, ბოლოს კი ერთ-ერთ ჟურნალისტს უხეშად ვუპასუხე და ზარებიც შეწყდა.
- ერთ-ერთ სოციალურ ქსელში, თქვენს გვერდზე, თქვენი კი არა, უცხო ქალბატონის ფოტოა...
- დედაჩემია.
- თქვენი ოჯახი როგორ უდგებოდა ფეხბურთს, როდესაც ბავშვი იყავით? მხარს გიჭერდათ?
- როგორც კი თამაში დავიწყე, ოჯახი მაშინვე გვერდით დამიდგა და ახლაც ასეა. მეტიც, ჩემს მშობლებს ძალიან უნდოდათ, ფეხბურთელი გამოვსულიყავი.
- რომელია თქვენთვის ყველაზე ნათელი მოგონება საბავშვო ფეხბურთიდან?
- (ფიქრობს) შეიძლება, ერთი ადამიანი გამოვყო?
- რა თქმა უნდა!
- მან ჩემში ნამდვილი ფეხბურთელი აღზარდა. იმ ადამიანის დამსახურება, რომლის შესახებაც ახლა ვლაპარაკობ, ჩემთვის ფასდაუდებელია. რთულ ფინანსურ პირობებში ვიზრდებოდი და ეს ადამიანი ძალიან დამეხმარა.
- კონკრეტულად რაში?
- აბსოლუტურად ყველაფერში – მათ შორის, ფინანსურადაც. იყო დრო, როდესაც მის ბინაშიც კი ვცხოვრობდი. მაჭმევდა, ბუცებს ყიდულობდა და მავარჯიშებდა. ეს ადამიანი არასოდეს დამავიწყდება. მასთან ურთიერთობას არასოდეს შევწყვეტ და ყოველთვის დავეხმარები. ჩაიწერეთ, ეს კაცი გურამ ჩომახიძეა.
- გამოდის, არც თუ ისე მდიდარ ოჯახში გაიზარდეთ. სად მუშაობდნენ თქვენი მშობლები?
- მხოლოდ მამა მუშაობდა – სადაც სამსახურს იშოვიდა. დედაჩემის ძმაც ძალიან მეხმარებოდა.
- ფეხბურთელობის გარდა, სხვა პროფესიაზე თუ გიფიქრიათ?
- არასოდეს. ვგრძნობდი, რომ ან ფეხბურთელი გავხდებოდი, ან ვერაფერს მივაღწევდი.
- “ალანიაში” 17 წლის ასაკში გადახვედით. ერთი წლის შემდეგ კი იყო კიევის “არსენალი”. სხვა ქვეყნიდან თუ გქონდათ შემოთავაზება, როცა “არსენალი” აირჩიეთ?
- არანაირი.
- რა განწყობით წახვედით კიევში?
- სიმართლეს გეტყვით: არაფერზე ვფიქრობდი, ჩემი პრობლემების გარდა. ერთადერთი, რაც რუსეთის მერე მსურდა, რომელიმე გუნდში მოხვედრა იყო. “ალანიამდე” რუსულად ერთი სიტყვაც კი არ ვიცოდი და “არსენალში” გადასვლამდეც მხოლოდ რამდენიმე თუ ვისწავლე. ორივე შემთხვევაში, მთავარი ფინანსური მხარე იყო, რადგან ოჯახს უნდა დავხმარებოდი. მეტი არაფერი მაინტერესებდა.
- “არსენალთან” კონტრაქტის გაფორმება სერიოზული ფინანსური წარმატება იყო?
- არა, რადგან ხელფასი, ისევე, როგორც “ალანიაში”, მხოლოდ შვიდი ათას დოლარს შეადგენდა.
- ახლა ყველაფერი შეიცვალა – საიდუმლო არაა, რომ საკმაოდ დიდი ხელფასი გაქვთ. არასდროს გიფიქრიათ, რომ ფული თქვენზე უარყოფითად მოქმედებდა?
- ვცდილობ, იგივე ადამიანად დავრჩე, მაგრამ არ ვიცი, რამდენად გამომდის.
- როგორ ცხოვრებას არჩევდით - საკმარისი შემოსავლით, მაგრამ ფუფუნების გარეშე, თუ იმდენ ფულს, რომ არ იცით, რაში დახარჯოთ?
- (პაუზის შემდეგ) ცხადია, უკეთესია, როდესაც ბევრი ფული გაქვს. თავად?
- ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობა ფუფუნების საშუალებას არ მაძლევს. თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია კონტრაქტის ფინანსური მხარე?
- ძალიან მნიშვნელოვანია! და ვთვლი, რომ არამარტო ჩემთვის, არამედ ყველა ფეხბურთელისთვის.
- ფეხბურთელთა უმრავლესობა ამჯობინებს, მსგავს ინტერვიუებში თქვას, რომ მისთვის ფული მთავარი არაა…
- ჩემთვის კი არის! ვფიქრობ, როდესაც ამას ამბობენ, ისინი იტყუებიან.
- თქვენ აგენტი არ გყავთ. წარმოიდგინეთ სიტუაცია: კლუბს თქვენთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს და კვირაში 40 ათას დოლარს გთავაზობთ, თქვენ კი 60 ათასი გსურთ. შეევაჭრებით?
- ასეთი მოლაპარაკებები მხოლოდ “დნიპროსთან” მქონია. მეტიც, მოლაპარაკება ახლაც მიმდინარეობს, რადგან ზამთარში კონტრაქტი მიმთავრდება. ყოველთვის ასე ხდება: მე ჩემს მოთხოვნებს ვაყენებ, კლუბი – თავისას და დაახლოებით შუაზე ვჯერდებით. არასოდეს მომითხოვია, ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც მე მსურდა.
- როდესაც “დნიპროს” ინტერესის შესახებ შეიტყვეთ, მოლაპარაკებები დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა?
- მაშინ საქართველოში აგენტი მყავდა, რომელმაც დამირეკა და ამის შესახებ მითხრა. დნეპროპეტროვსკში ჩავედი და კონტრაქტი შევათანხმე, სულ ესაა. იმ დღიდან, “არსენალთან” აღარაფერი მაკავშირებს.
- რომელი უფრო იყო: ფინანსურად კარგი შემოთავაზება, რომელზეც უარის თქმა ძნელია, თუ კარიერული წინსვლისთვის გადადგმული ნაბიჯი?
- ორივე ფაქტორმა დიდი როლი ითამაშა. პირველად, “დნიპროში” მივხვდი, რომ პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის 100%-ით უნდა დაიხარჯო. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმატებას ვერასდროს მიაღწევ.
- მაგრამ “დნიპროში” გადმოსვლით, შეიძლებოდა, თქვენი სათამაშო წუთები შემცირებულიყო...
- ცხადია, მაგრამ უარს ვერ ვიტყოდი, რადგან ეს კლუბი უკეთეს ხელფასსა და განვითარების პერსპექტივას მთავაზობდა.
- პირველმა წელიწად-ნახევარმა კარგად ჩაიარა, სტაბილურად თამაშობდით და მწვრთნელიც გენდობოდათ. რამ შეგაფერხათ - ტრავმამ, თუ რაიმე სხვა ფაქტორიც არსებობდა?
- მხოლოდ და მხოლოდ ტრავმამ, რომელმაც ორი წელი დამაკარგვინა. მკურნალობა უაზროდ გამიგრძელდა. ფეხის თითი მოვიტეხე და ოთხი ოპერაცია გავიკეთე, მაგრამ ვერაფრით მოვიშუშე. ყველაფერი არასწორი დიაგნოზის ბრალია.
- თქვენს ადგილას, ბევრი დეპრესიაში ჩავარდებოდა.
- წელიწად-ნახევრის შემდეგ, მეც საშინელ დეპრესიაში ჩავვარდი – ოჯახის წევრებთან ლაპარაკიც აღარ შემეძლო, სულ ვყვიროდი და ძალიან აგრესიული გავხდი. მხოლოდ გერმანიაში გაკეთებულმა უკანასკნელმა ოპერაციამ მიშველა.
- თავად აღნიშნეთ, რომ “დნიპროსთან” მხოლოდ ნახევარწლიანი კონტრაქტი დაგრჩათ და გსურთ ხელშეკრულების გახანგრძლივება?
- დიახ, “დნიპროში” თამაში მინდა. პირველ რიგში, ტოპ-ლიგებიდან მხოლოდ საშუალო გუნდების შემოთავაზებები მაქვს და “დნიპროს” მათში არ გავცვლი. აქ უკვე ყველაფერს მივეჩვიე – ქალაქს, გუნდსაც და გულშემატკივრებს.
ლევან გოგოტიშვილი