ძიუდო

20:28 | 17.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

დიუსელდორფში სატურნირო ბადეები შეავსეს

ხვალ-ზეგ გერმანიის ქალაქი დიუსელდორფი ძიუდოისტთა დიდ პრიზს უმასპინძლებს. პრესტიჟულ ტურნირში საქართველოს ნაკრები ორი შემადგენლობით ჩაერთვება. მთავარმა მწვრთნელმა პიტერ ზაიზენბახერმა განაცხადში ის შეგირდები შეიყვანა, რომლებისაც ყველაზე მეტად ეიმედება. ოპტიმალურ შემადგენლობას მხოლოდ ირაკლი ცირეკიძე (100 კგ) დააკლდება, რომელსაც ტრავმის შემდეგ სასურველი ფორმა ჯერ არ აღუდგენია. უკვე გაიმართა წილისყრა და 14 ქართველის მომავალი მეტოქეებიც ცნობილია.
ამირან პაპინაშვილი (60 კგ) და ბეთქილ შუკვანი (60 კგ) ტურნირში მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთვებიან. პაპინაშვილი იაპონელ ნაოისა ტაკატოსა და ჰონკონგელ იუკ ტინგ ლის შორის მოგებულს შეხვდება. ხოლო შუკვანი – ებრაელი არტიომ არშანსკისა და იემენელი ალი ხოუსროფის წყვილში უძლიერესს. ქართველი მსუბუქწონოსნები ბადის ერთ მხარეს მოხვდნენ და თუ სამ-სამი შეხვედრის მოგებას მოახერხებენ, ნახევარფინალში ერთმანეთს დაეჭიდებიან. ამირან პაპინაშვილის სავარაუდო მეტოქეთა შორის რუსი ევგენი კუდიაკოვი, მონღოლი ბოლდბაატარ განბატი და სომეხი ჰოვანეს დავთიანი არიან. ბეთქილ შუკვანის “მინი-ბადეში” კი აზერბაიჯანელი ილგარ მუშკიევი, მექსიკელი ნაბორ კასტილიო და სამხრეთკორეელი გვანგ-იონ ჩოი მოხვდნენ. ბადის საპირისპირო მხარესაა დიდ პრიზზე პირველ ნომრად განთესილი იაპონელი ჰიროფუმი იამამოტო, რომელიც მსოფლიოს განახლებულ რეიტინგ-სიაში მესამე ადგილზეა. წონის ლიდერი, უზბეკი რიშოდ სობიროვი და მეორეადგილოსანი, იაპონელი ჰიროაკი ჰირაოკა კი გერმანიაში არ ჩასულან.
66 კილოგრამში მოჭიდავე ქართველებიც მეორე წრიდან ჩაერთვებიან საქმეში, ოღონდ ამ წონაში, მონაწილეთა სიუხვის გამო შეხვედრები სამოცდამეოთხედფინალიდან დაიწყება. შალვა ქარდავა ანდორელ დანიელ გარსია გონზალესს დაეჭიდება. ამ წყვილში გამარჯვებულს კი იტალიელი ფრანჩესკო ფარალდო ელის. შეგახსენებთ, ქარდავა ფარალდოს ორიოდ კვირის წინ, პარიზის დიდი სლემის მეთექვსმეტედფინალში შეხვდა და წმინდად წააგო. ლაშა შავდათუაშვილის მეტოქეს მოლდოველი იგორ სოროკასა და ეკვადორელი ისრაელ ვერდუგოს დაპირისპირება გამოავლენს. თუ მათ შორის მოგებულს ჩამოიშორებს, ახალგაზრდა ქართველი რუმინელ დან ფასიეს დაეჭიდება. მერვედფინალში საქართველოს ნაკრების წევრებს გაცილებით ძლიერი მოწინააღმდეგეები ელით. ქარდავას მონღოლი ცაგაანბაატარ ჰაშბაატარის, შავდათუაშვილს კი იაპონელი ჯუნპეი მორიშიტას სახით.
ზებედა რეხვიაშვილი (73 კგ) ტურნირში სამოცდამეოთხედფინალიდან ჩაერთვება. მეტოქეც ძალიან ძლიერი ერგო – იაპონელი იუკი ნიშიამა. თუ მის ძლევას შეძლებს, ისრაელის სახელით მოჭიდავე იოზეფ პალელაშვილს შეხვდება, მერე კი ფრანგ ბენჟამენ დარბალეს. ფინალში გასასვლელად რეხვიაშვილს ექვსი შეხვედრის მოგება დასჭირდება. სავარაუდო მეტოქეთა შორის გამოსარჩევნი არიან: ჰოლანდიელი დექს ელმონი, გერმანელი კრისტოფერ ფიოლკი, პოლონელი ტომაშ ადამიეკი, მონღოლი ნიამ-ოჩირ საინიარგალი და ამერიკელი მაიკლ ელდრედი.
ამავე წონაში, ნუგზარ ტატალაშვილი დიდ პრიზს მეორე წრით გახსნის და რა უნდა მოხდეს, რომ დომინიკელი ფაუსტო ბივეცას ძლევა ვერ შეძლოს. მეთექვსმეტედფინალში კი ბევრად ძლიერი მეტოქის - ბელგიელი დირკ ვან ტიჩელტის პირისპირ დადგება. ბადის ამავე მხარეს არიან შარშანდელი მასტერსის ჩემპიონი, სამხრეთკორეელი კი-ჩუნ ვანგი, ფრანგი უგო ლეგრანი, პოლონელი კრჟიშტოფ ვილკომირსკი და ამერიკელი ნიკოლას დელპოპოლო.
60, 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებში მედლები ტურნირის პირველ დღეს – 18 თებერვალს გათამაშდება. დარჩენილ ოთხ წონაში კი ჩემპიონ-პრიზიორები 19 თებერვალს გამოვლინდებიან. საქართველოს დროშის ქვეშ იჭიდავებენ: ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (ორივე 81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი, ზურაბ ზვიადაური (90 კგ), ლევან ჟორჟოლიანი, ნოდარ მეტრეველი (100 კგ), ზვიად ხანჯალიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ).
ჭრიკიშვილი გერმანელი ჰანეს კონრადისა და ბერძენი ალექსის ნტანაციდისის წყვილში გამარჯვებულს დაეჭიდება. წიკლაური - ბელარუს ალექსანდრ სტიაშენკას, ლიპარტელიანი - ჰოლანდიელი რობი ვან ლაარჰოვენსა და მოლდოველ ივან რემარენკოს შორის უძლიერესს, ზვიადაური - არგენტინელ ჰექტორ კამპოსს, ჟორჟოლიანი - მაროკოელი ადილ ფიკრისა და ტაჯიკი მაკამადმუროდ აბდურახმონოვის წყვილიდან გასულს, მეტრეველი - ყირგიზ ალექსეი ტასკინს, ხანჯალიაშვილი ებრაელ ორ სასონსა და ჰოლანდიელ გრიმ ვუისტერსს შორის მოგებულს, ხოლო ოქრუაშვილი - გერმანელ მატიას შმუნკს ან ყაზახ ულან რისკულს.

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.178837