ფეხბურთი

17:29 | 24.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დინამოს” “ვადუცი” გაუვლია, ჯერი “ჩიხურაზეა”

ევროპის ლიგის დებიუტანტის, საჩხერის “ჩიხურას” მეტოქე პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლიხტენშტაინის “ვადუცია”. ხსენებული საფეხბურთო კლუბი 1932 წლის 14 თებერვალს დაარსდა.

“ვადუცი” შვეიცარიის ჩელენჯლიგაში (პირველი ლიგა) გამოდის და გასულ სეზონში, მე-9 ადგილი დაიკავა. სხვათა შორის, “ვადუცი” ლიხტენშტაინის პირველი გუნდია, რომელსაც შვეიცარიის სუპერლიგაში უთამაშია და 2009 წელს მე-10 პოზიციაზე გავიდა. “ვადუცს” თავისი ქვეყნის ჩემპიონატი ერთხელ, 1936 წელს მოუგია, ხოლო თასს 41-ჯერ დაეუფლა, რაც ლიხტენშტაინისთვის რეკორდია.

გუნდის მთავარი მწვრთნელი შვეიცარიელი ჯორჯო კონტინია. აქვე გეტყვით, რომ 2008-2010 წლებში, ლიხტენშტაინელები გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილ ნახევარმცველ პიერ ლიტბარსკის გაუწვრთნია. “ვადუცი” საშინაო მატჩებს ლიხტენშტაინში, ქალაქ ვადუცში, “რაინპარკ შტადიონზე” ატარებს. ხსენებული არენა 7838 გულშემატკივარს იტევს.

“ვადუცი” პირველი ლიხტენშტაინური კლუბია, რომელსაც ევროტურნირებზე უთამაშია. 1992-1993 წლების სეზონში, თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში, ლიხტენშტაინელები უკრაინულ ოდესის “ჩერნომორეცს” დაუპირისპირდნენ და ორი მატჩის ჯამში 1:12 წააგეს – 0:5 სახლში და 1:7 სტუმრად. 1998 წლიდან მოყოლებული, “ვადუცი” რეგულარულად მონაწილეობს უეფას თასისა და შემდეგ, ევროპის ლიგის გათამაშებაში.

სხვათა შორის, 2007-2008 წლების სეზონში, ლიხტენშტაინის გუნდი უეფას თასის პირველ ეტაპზე თბილისის “დინამოს” დაუპირისპირდა. თბილისელებმა პირველი მატჩი სტუმრად 2:0 მოიგეს, ხოლო საკუთარ მოედანზე მეტოქეს უგოლოდ დაშორდნენ. შედეგად, “დინამო” მომდევნო ეტაპზე გავიდა.

მიმდინარე წლის 20 ივნისის მონაცემებით, “ვადუცის” შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები: პეტერ იელე, ოლივერ კლაუსი (შვეიცარია);

მცველები: დანიელ კაუფმანი, პაველ პერგლი (ჩეხეთი), ნიკ ფონ ნიდერჰეუზერნი, ნიკოლას გეტაცი (ორივე - შვეიცარია), ვლადან მილოშევიჩი (სერბეთი);

ნახევარმცველები: მარიო ზარა (ავსტრია), დიეგო ჩიკონე, რამონ ჩეკინი, პასკალ შურპფი (ყველა - შვეიცარია), ფრანც ბურგმაიერი, ანდრეა მაკოპი (იტალია), ნიკოლას ჰასლერი, მარკუს ნოიმაირი (გერმანია);

თავდამსხმელები: მატიას ბარონი (გერმანია), მანუელ სუტერი, ნიკო აბეგლენი (ორივე - შვეიცარია), გილიერმე აფონსუ (ანგოლა), ამინ ტიღაზუი (საფრანგეთი), პაკ კვანგ-რიონგი (ჩრდილოეთ კორეა).


თეგებივადუცი
0.120341