უკანასკნელი წლებია საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ყველაზე დაძაბულ და საინტერესო სანახაობად “ზესტაფონი” – “დინამოს” დაპირისპირებები ითვლება. ყველაზე გამართული საფეხბურთო ინფრასტრუქტურის და სოლიდური შემადგენლობების მქონე მეტოქეები მიმდინარე ეროვნული პირველობის დასაწყისშივე დაუპირიპირდნენ ერთმანეთს. გასულ ტურში დედაქალაქელებმა შინ მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს ბოლნისის “სიონი” და ექვსი ქულით ლიდერობდნენ სატურნირო ცხრილს, ხოლო ზესტაფონელებმა დასანანი მარცხი იწვნიეს საჩხერის “ჩიხურასთან”. მატჩისადმი დიდ ინტერესს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ტურის ცენტრალურ შეხვედრას ესწრებოდა ეროვნული ნაკრების თავკაცი თემურ ქეცბაია.
შეხვედრა ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო და მოწინააღმდეგეებმა დებიუტშივე გაცვალეს გოლები. თავდაპირველად გაგოშიძის გადაცემის შემდეგ უხეშად შეცდა გველესიანი, რის წყალობითაც მეკარესთან პირისპირ სარდალიშვილი აღმოჩნდა. ფეროელთა შუახაზელმა მიგინეიშვილის მოტყუებაც შეძლო და კარში დაარტყა. საკუთარი კარის გადარჩენას თოთაძე ცდილობდა, რომელიც კარში იდგა და ბურთსაც შეეხო, მაგრამ გოლისგან მაინც ვერ იხსნა “დინამო” – 1:0. საპასუხო შეტევაში თბილისელებმა იხეირეს. შეტევის მარჯვენა ფლანგიდან თავისი გუნდის იერიში პაპუნაშვილმა წამოიწყო, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი გაითამაშა საჯარიმოს ხაზთან მყოფ პარუნაშვილთან და ცაციათი დაარტყა. მოჭრილის და საუცხოო სიზუსტით დარტყმული ბურთის მოგერიება პავლოვიჩმა თავგანწირულ ნახტომშიც ვერ შეძლო და ანგარიშიც გათანაბრდა – 1:1.
მასპინძელთა თავკაცმა გია გეგუჩაძემ 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია. დაცვაში თორნიკე გრიგალაშვილი-თედორე გრიგალაშვილი-რენე ფერეირა-გაგოშიძის კვარტეტი იცავდა თავს. საყრდენებად შარიქაძე და გვალია იყვნენ გამწესებული, ფლანგებზე სარდალიშვილი და ჭანტურიშვილი მოქმედებდნენ, ხოლო შუაში ჭანკოტაძე. წინ კი ეულად ჯაბა დვალი ირჯებოდა. რაც შეეხება თბილისელებს, კახი გოგიჩაიშვილმა დაცვაში ადგილი პაპავა-გველესიანი-თოთაძე-შერგელაშვილის ოთხეულს ანდო. საყრდენებად გოგიჩაიშვილმა ცინცაძე-ძარიას დუეტი დააყენა. ფლანგებზე პაპუნაშვილი და ჯანელიძე მორაობდნენ, შუაში კი პარუნაშვილი. თბილისელთა მთავარი შემტევი კი გუნდის კაპიტანი ჩისკო იყო.
სადებიუტო გოლთაცვენის შემდეგ თამაში შედარებით ჩაწყნარდა. სტუმრები ბურთის ფლობის მხრივ ჯობდნენ მოწინააღმდეგეებს, თუმცა სახიფათო მომენტი მაინც დასავლელებმა შექმნეს. 22-ე წუთზე დაახლობით 23 მეტრიდან გიორგი ჭანკოტაძემ დააქუხა ძლიერად, რომლის შედეგადაც თბილისელთა კარის ხარიხა შეზანზარდა. 32-ე წუთზე ისევ ზესტაფონელებს ჰქონდათ გატანის რეალური შანსი, როდესაც დვალი აღმოჩნდა მიგინეიშვილთან პირისპირ. ბურთის დამუშავების პროცესში ფორვარდთან ერთად ბურთზე თოთაძეც ახტა, რომელიც ბურთს ფაქტობრივად ვერ შეწვდა, შედეგად კი დვალი მიწაზე გართხმული აღმოჩნდა. მატჩის რეფერიმ, დამხმარე არბიტრთან ერთად წესების დარღვევა არ დააფიქსირა, რასაც ზესტაფონელთა პროტესტი მოჰყვა, თუმცა რა თქმა უნდა, უშედეგო.
ტაიმის ბოლომდე მეტექეებმა ერთმანეთი რამდენიმეჯერ შეაწუხეს, თუმცა სერიოზული ჯაფა არც პავლოვიჩს და არც მიგინეიშვილს არ დადგომია. დოის ამ მონაკვეთში კი მასპინძლები აშკარად უკეთესად გამოიყურებოდნენ. ისინი უფრო მეტად იყვნენ მოტივირებულნი, მაგრამ შესვენებაზე გუნდები იმ ანგარიშით გავიდნენ, რომელიც დებიუტშივე დაფიქსირდა – 1:1.
მეორე ტაიმი ზესტაფონელთა მიერ შესრულებული სახიფათო სტანდარტულით დაიწყო. მასპინძლებმა საჯარიმოს დარტყმის უფლება ზედ მეტოქის საჯარიმოს ხაზთან მიიღეს. ჭანკოტაძის დარტყმულმა თბილისელთა ხარიხას რამდენიმე სანტიმეტრში გადაუარა. 51-ე წუთზე მასპნძლებმა საწადელს მაინც მაღწიეს და დაწინაურდნენ. ფეროელთა შეტევისას თბილისელთა საჯარიმოს ხაზთან ბურთი დვალმა მიიღო, მან სიტუაცია სწორად შეაფასა, გამოზომილი და ზუსტი დარტყმით დინამოელთა კარის დარაჯს მიგინეიშვილს შანსი არ დაუტოვა. ბურთი “დინამოს” კარის “ცხრიანში” შევიდა, თუმცა ბადეში არ გახვეულა. არბიტრმა ხელი ცენტრისკენ გაიშვირა და გოლი ჩათვალა. თბილისელებმა პროტესტი მცრე დოზით გამოთქვეს, თუმცა თემიდის მსახურის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა – 2:1.
ანგარიშში ჩამორჩენამ დედაქალაქელები გაააქტიურა. თბილისელთა თავკაცმა შეტევის გასაძლიერებლად თამაშში საბანაძე და ჩირგაძე ჩართო, ჯანელიძის და პარუნაშვლის ნაცვლად. ამ ბიჭებმა და შემდეგ შეცვლაზე შემოსულმა ლობჟანიძემ მატჩის ბედის გადაწყვეტაში დიდი როლი ითამაშეს. 65-ე წუთზე სტუმრებს გათანაბრების ჩინებული შანსი მიეცათ კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ, როდესაც საჰაერო ბრძოლა ყველას გველესიანმა მოუგო და ხელსაყრელ მდგომარეობაში მყოფ საბანაძეს თავით უპასა. ნიკამ ასევე თავით ცადა დაახლოებით 5-6 მეტრიდან გატანა, მაგრამ მისი მცდელობის შემდეგ ბურთმა ხარიხას გადაუქროლა. 70-ე წუთზე დინამოელებს ისევ ჰქონდათ წონასწორობის აღდგენის საშუალება, მაგრამ ამის გაკეთება მაინც ვერ მოახერხეს. სახიფათო შეტევა საბანაძის აქტიურობას მოჰყვა, რომლის დარტყმის შემდეგ პავლოვიჩმა ბურთი მუშტებით, იძულებით მის წინ უკუაგდო. დამატებაზე პაპუნაშვილი ცდილობდა გატანას, მაგრამ უხერხულ მდგომარეობაში მყოფმა ზუსტად დარტყმა ვეღარ შეძლო და სიტუაციაც განიმუხტა.
77-ე წუთზე დინამოელთაგან საუკეთესო პაპუნაშვილმა კონტრშეტევა წამოიწყო და გამჭოლი პასით საბანაძე პავლოვიჩთან პირისპირ დატოვა. ნიკას, ფაქტობრივად, ხელს ვერავინ უშლიდა, მან ბურთიანად მოახეხა საჯარიმოში შეჭრა, მაგრამ პავლოვიჩს მოტყუება ვეღარ შეძლო. ბალკანელმა კიპერმა წესების სრული დაცვით მოახეხა ბურთის ფორვარდისთვის ართმევა. ცოტა ხანში ზესტაფონელთა საპასუხო შეტევა ჭანტურიშვილის დარტყმით დასრულდა, რომელსაც მიგინეიშვილი ნახტომში დაეუფლა.
დინამოელთა უპირატესობამ შედეგი მატჩის ეპილოგში გამოიღო, როდესაც ყოფილი თანაგუნდელები ზედიზედ ორჯერ ძარიამ დაამწუხრა. წონასწორობის აღდგენაში ირაკლის შეცვლაზე შემოსულები, ჩირგაძე და ლობჟანიძე დაეხმარნენ, რომელმაც ჩინებული გადაცემით ძარია პავლოვიჩთან პირისპირ დატოვა. თბილისელთა საყრდენმა თავის შანსი ხელიდან არ გაუშვა – 2:2. ორიოდ წუთში თბილისელთა შეტევა პაპუნაშვილმა წამოიწყო, რომელმაც სისწრაფის ხარჯზე დაჩაგრა გაგოშიძე, შეიჭრა მოწინააღმდეგის საჯარიმოში და გადაცემა გაუკეთა ძარიას, რომელსაც ხელს აღარავინ უშლადა და “დინამო” დაწინაურდა – 2:3. მოვლენების ასეთმა განვითარებამ მასპინძლების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ბუნებრივია მძიმედ იმოქმედა. მათ დარჩენიულ დროში რაიმე ღირებულის შექმნა ვერ შეძლეს, რათა ქულა მაინც მოეპოვებინათ. ვადაჭკორიას საფინალო სასტვენმა “დნამოს” ზედიზედ მესამე გამარჯვება დააფიქსირა. რაც მთავარია, ახალგაზრდა თბილისელები გაცილებით სიმპათიურად და მოტივირებულად გამოიყურებიან წინა წლებთან შედარებით, რაც ადასტურებს იმ გადაწყვეტილებს სისწორეს, რომელიც გუნდის ხელმძღვანელებმა მიიღეს სეზონის დასაწყისში.
ზესტაფონი - დინამო 2:3 (1:1)
23 აგვისტო. 18:00. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე. 3500 მაყურებელი
ზესტაფონი: პავლოვიჩი, გაგოშიძე (რობაქიძე, 90), თედორე გრიგალაშვილი, რენე ფერეირა, თორნიკე გრიგალაშვილი, გვალია, სარდალიშვილი, შარიქაძე, ჭანტურიშვილი (კაპანაძე, 84), ჭანკოტაძე (ფანცულაია, 73), დვალი.
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
დინამო: მიგინეიშვილი, თოთაძე, ცინცაძე, გიორგი ჯანელიძე (საბანაძე, 58), პაპუნაშვილი, პარუნაშვილი (ჩირგაძე, 63), პაპავა, ჩისკო (ლობჟანიძე, 78), გველესიანი, შერგელაშვილი, ძარია.
მთავარი მწვრთნელი: კახი გოგიჩაიშვილი
გოლები: 1:0 სარდალიშვილი (5), 1:1 პაპუნაშვილი (6), 2:1 დვალი (51), 2:2 ძარია (85), 2:3 ძარია (88).
გაფრთხილება: გვალია (37), პაპუნაშვილი (39), თოთაძე (54)
არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია (თბილისი)
1. | დინამო (თბილისი) |
3 | 3 | 0 | 0 | 6:2 | 9 | |
2. | დინამო (ბათუმი) |
3 | 2 | 0 | 1 | 3:2 | 6 | |
3. | ტორპედო (ქუთაისი) |
2 | 1 | 1 | 0 | 3:0 | 4 | |
4. | მეტალურგი (რუსთავი) |
2 | 1 |
1 | 0 | 2:1 | 4 | |
5. | დილა (გორი) |
3 | 1 | 1 | 1 | 2:1 | 4 | |
6. | შუქურა | 2 | 1 | 1 | 0 | 2:1 | 4 | |
7. | ზესტაფონი | 3 |
1 |
0 |
2 |
9:5 |
3 |
|
8. | ვიტ ჯორჯია |
2 | 1 | 0 | 1 | 2:1 | 3 | |
9. | ჩიხურა | 2 | 1 | 0 | 1 | 2:2 | 3 | |
10. | ბოლნისი | 2 | 1 | 0 | 1 | 1:1 | 3 | |
11. | ცხინვალი | 2 | 1 | 0 | 1 | 1:2 | 3 | |
12. | სამტრედია | 2 | 1 | 0 | 1 | 1:2 | 3 | |
13. | ზუგდიდი | 2 | 0 | 1 | 1 | 1:2 | 1 | |
14. | გურია | 2 | 0 | 1 | 1 | 0:6 | 1 | |
15. | მერანი (მარტვილი) |
2 | 0 | 0 | 2 | 0:3 | 0 | |
16. | ფოთი | 2 | 0 | 0 | 2 | 0:4 | 0 |