ფეხბურთი

16:02 | 21.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დინამოს” და “ჩიხურას” წლის დასრულება სუპერთასით სურთ

სუპერთასის საპრიზო ფონდი 50000 ლარია


 

კვირას, 22 დეკემბერს, ვაკეში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ფეხბურთში საქართველოს სუპერთასის მატჩი გაიმართება.

ერთმანეთს გასული სეზონის ჩემპიონი და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი თბილისის “დინამო” და თასის ფინალისტი საჩხერის “ჩიხურა” შეხვდებიან. მატჩი 17 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება უფასოა. შეხვედრის მთავარი არბიტრი ლაშა სილაგავაა, გვერდითი მსაჯები ზაზა მენთეშაშვილი და გურამ ჩიგოგიძე. პირველი დამატებითი ასისტენტი თორნიკე გვანცელაძეა, ხოლო მეორე – გოგა ყრუაშვილი. მეოთხე მსაჯი გიორგი ვადაჭკორიაა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სუპერთასისთვის საპრიზო ფონდიც დააწესა 50000 ლარის ოდენობით. გამარჯვებული გუნდი 30000 ლარს მიიღებს, ხოლო დამარცხებული – 20000-ს.

სუპერთასამდე, შაბათს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გაიმართა, რომელშიც “დინამოს” მთავარი მწვრთნელი მალხაზ ჟვანია და ამავე გუნდის მარცხენა მცველი დავით კვირკველია, ასევე, “ჩიხურას” თავკაცი სოსო ფრუიძე მონაწილეობდნენ.

სოსო ფრუიძე: “ისე მოხდა, რომ წელს ჩვენ და “დინამო” ერთმანეთს მგონი მეოთხედ ვხდებით. თასის ფინალში ვითამაშეთ, ორი თამაში ჩემპიონატში ჩავატარეთ და ახლა სუპერთასია. ძალიან კარგია, რომ “დინამოს” ამდენჯერ ვეთამაშებით. ალბათ, მოვიდა ის დრო, რომ ერთი თამაში მაინც მოვუგოთ. ძალიან გამეხარდება თუ გავიმარჯვებთ. მალხაზს “დინამოს” მთავარ მწვრთნელად დანიშვნას ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ”.

მალხაზ ჟვანია: “ჩემი პირველი შანსია, რომ “დინამოსთან” ერთად ტიტული მოვიპოვო. ყველანაირად მზად ვართ, რომ მომავალი თამაში ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ. მოწინააღმდეგეს ვაფასებთ. “ჩიხურას” კარგი შემადგენლობა ჰყავს”.

დავით კვირკველია: “რთული მატჩი იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ ერთი თამაშია, ორივე გუნდი სრულ მობილიზებას მოახდენს, წელი წარმატებით რომ ჩაამთავროს. “ჩიხურა” კარგი გუნდია და შეეცდება შედეგს მიაღწიოს. ჩემპიონატის ბოლო თამაშის მერე, სუპერთასისთვის ვემზადებით და ვეცდებით კარგი შედეგი ვაჩვენოთ”.  

-რამდენად მიზანშეწონილია სუპერთასის მატჩის წლის ბოლოს ჩატარება? თქვენ როდის ისურვებდით ამ თამაშის გამართვას?

ფრუიძე: “ჩემპიონატის ბოლო თამაშში, რომელიც გორში ჩავატარეთ, მოედანი ისეთი გაყინული იყო, რომ ვერც ჩვენ და ვერც მოწინააღდეგემ ფეხბურთი ვერ ვაჩვენეთ. უკეთესი იქნება თუ სუპერთასის თამაში მეორე წრის დასაწყისში გაიმართება და ჩემპიონატისთვის მოსამზადებლადაც გამოდგება. ამ დროს ფეხბურთელები უფრო კონდიციებში არიან. ასეთ პირობებში თამაში ფეხბურთელებსაც არ უნდათ”.

ჟვანია: “ძალიან რთულია თამაში, როდესაც მოედანი გაყინულია. გარდა ამისა, გუნდი უკვე გადაღლილია და დასასვენებლად ემზადება. კარგია, როდესაც ფეხბურთელები დასვენებული არიან  და სუპერთასის თამაშს ისე ხვდებიან. ჩემი აზრით, უკეთესი იქნება ეს მატჩი ზაფხულში სეზონის დაწყებამდე ჩატარდეს”.

კვირკველია: “მეც იგივე აზრი მაქვს. ამ პერიოდში ფეხბურთელი უკვე დასვენებაზე ფიქრობ. თან კონდიციებშიც არ ხარ. იმედია, კვირას ამინდიც ხელს შეგვიწყობს. 5 საათიც ისეთი დროა, რომ უკვე ყინავს. მეც ვფიქრობ, რომ სუპერთასის ჩატარება სეზონის დაწყებამდე სჯობს”.

-მომავალ მატჩში გიორგი რეხვიაშვილი და ჯაბა ჯიღაური თუ ითამაშებენ, რომლებიც “ჩიხურაში” “დინამოდან” არიან განათხოვრებული და როგორც ჩემპიონატში, ასევე, თასზე თბილისელების წინააღმდეგ საჩხერელთა რიგებში ასპარეზობის უფლება არ აქვთ?

ჟვანია: “ეს საკითხი დღეს გადაწყდება”.

ფრუიძე: “კლუბებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში არ წერია, რომ მათ სუპერთასზე თამაშის უფლება არ აქვთ. იქ წერია, რომ ჩემპიონატში და თასზე თამაში არ შეუძლიათ”.

-გუნდში ტრავმირებულები თუ გყავთ?

ჟვანია: “მერანთან” თამაშის მერე, ჯაბა დვალმა მცირე ტრავმა მიიღო. ვარჯიშზე შევხედავთ როგორ მდგომარეობაში იქნება”.

ფრუიძე: “ტრავმირებულები არ გვყავს”.


0.131914