თბილისის “დინამოს” ღირსებას 31 წლის ჩეხი ცენტრალური მცველი რადეკ დოსოუდილი დაიცავს. აღნიშნულის შესახებ დინამოელთა ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება. დოსოუდილი ბოლო 2 სეზონის მანძილზე “მლადა ბოლესლავში” თამაშობდა, რომელიც ჩეხეთის პირველობაზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.
“დინამოს” ახალწვეული 5 წელი სლოვაკეთში ასპარეზობდა, სადაც ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი ჯერ – “პეტრჟალკას” შემადგენლობაში, შემდეგ კი ბრატისლავის “სლოვანის” რიგებში გახდა.
დოსოუდილი პრაღის “სპარტას” აღზრდილია. იგი “სლავიაშიც” თამაშობდა, როდესაც გუნდმა ჩეხეთის ჩემპიონობა არავის დაუთმო. იყო თურქულ “დენიზლიშიც”. ჩეხეთის ნაკრების შემადგენლობაში არის 2003 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მონაწილე.
რადეკ დოსოუდილი: “ძალიან გამიხარდა როდესაც “დინამოდან” დამიკავშირდნენ. “დინამო” ძალიან კარგი გუნდია. სასიამოვნოა, რომ გუნდში ჩეხი მწვრთნელები მუშაობენ. არის შანსი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით გამოსვლის.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად საქართველოს ჩემპიონი ჰოლანდიურ შეკრებაზე იმყოფება, სადაც სპარინგ-მატჩებიც დაიგეგმა. 28 ივნისს “დინამოს” მეტოქე დიუსელდორფის “ფორტუნა” იქნება, 2 და 5 ივლისს კი ბელგიური კლუბები – “ბრიუგე” და “გენტი”. 7 ივლისს თბილისელები კიდევ ერთ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებენ, მეტოქის ვინაობა კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ისიც ვთქვათ, რომ დღეს დილით გამართული ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ, საღამოს ვარჯიშის ნაცვლად საწვრთნელი მატჩი “კოოტ აძურთან” იგეგმება.