თბილისის “დინამომ” ბოლოსწინა ტურში გაინაღდა ჩემპიონობა, ბოლო თამაში კი, უბრალოდ, ფორმალობა იყო. “მეტალურგთან” მატჩის შემდეგ იყო ზეიმი, მილოცვები, თასის გადაცემა... დინამოელებმა ფანებთან ერთად აღნიშნეს ჩემპიონობა.
თამაშს რაც შეეხება: თავიდან დავით ხურცილავას კარგი გარღვევა და გიორგი სეთურიძის დარტყმული იყო აღსანიშნავი. დინამოელთა მარჯვენა მცველის პასს ვერავინ გამოეხმაურა, ხოლო სეთურიძეს გიორგი ლორიამ აუღო.
მე-17 წუთზე ირაკლი ძარიამ 15-16 მეტრიდან ძელს მოარტყა ბურთი, ხოლო მალე ანგარიში გაიხსნა: დავით კვირკველიას ჩაწოდებული, ჩისკოს თავური და მეკარემ რეაქციაც ვერ მოახდინა – 1:0.
ამის შემდეგ, გამოსარჩევი იყო კახა კაკაშვილის შორეული დარტყმული, ოდნავ რომ ასცდა კარს. 35-ე წუთზე ჩისკოს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ გიორგი მერებაშვილის გარღვევისა და პასის შემდეგ, ახლოდან კარს გადააცილა ბურთი. “მეტალურგს” ერთ წუთში შეეძლო გათანაბრება, თუმცა სეთურიძის პასის შემდეგ, ირაკლი გოგინაშვილმა თავით ოდნავ ააცილა.
ტაიმის ბოლო წუთებზე რუსთაველთა მეკარე კონსტანტინე სეფიაშვილმა დორინ გოგას არ გაატანინა, დამატებაზე კი ხურცილავას აუღო.
მეორე ტაიმშიც გახსნილი თამაში ვიხილეთ. გუნდებს დაძაბულობა მოხსნილი ჰქონდათ. 58-ე წუთზე ოთარ მარცვალაძის გრძელი პასის შემდეგ, ჩისკო მეკარესთან მარტო დარჩა, პაუზა გააკეთა და შემდეგ შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 2:0.
ჩისკოზე ცალკე: ის ზედიზედ მეორედ გახდა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი - 19 გოლამდე უწია. კლასის ხარჯზე, ესპანელს საქართველოს ჩემპიონატში ყველაფერი გამოსდის.
2003-2011 წლებში, ჩისკოს ესპანეთში ჯამში 20 გოლი ჰქონდა გატანილი, საქართველოში კი 3 სეზონის განმავლობაში 58 ბურთი მიითვალა. ამ სტატისტიკით ყველაფერი ნათელია.
თამაშს მივყვეთ... ბოლო 15 წუთში კიდევ იყო მომენტები. სეფიაშვილმა გიორგი გველესიანის თავურზე ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა, ხოლო ერთ წუთში გიორგი რეხვიაშვილის თავურიც მოიგერია. ბოლოს, რუსთაველებს ჰქონდათ მშვენიერი შანსი: კარგი კომბინაციის შემდეგ, დავით საჯაია გავიდა ლორიასთან პირისპირ, მაგრამ მეკარემ იმარჯვა, დამატებაზე კი ოთარ კიტეიშვილმა ოდნავ ააცილა.
დინამო (თბილისი) – მეტალურგი (რუსთავი) 2:0 (1:0)
დინამო: ლორია, ხურცილავა, გველესიანი, ხიდეშელი (რეხვიაშვილი 74), კვირკველია, პაპავა, ძარია (ცინცაძე 46), გოგა (პაპუნაშვილი 46), ჩისკო, მერებაშვილი, მარცვალაძე.
მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია
მეტალურგი: სეფიაშვილი, ექვთიმიშვილი, მახვილაძე, ცნობილაძე (კიტეიშვილი 62), საჯაია, სეთურიძე, ვარლამ კილასონია, დობროვოლსკი, ქავთარაძე, გოგინაშვილი (გოცაძე 80), კაკაშვილი (გიორგი კილასონია 62)
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია.
გოლები: 1:0, 2:0 ჩისკო (19, 58)
მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი
გურია (ლანჩხუთი) – ჩიხურა (საჩხერე ) 3:2 (2:0)
გოლები: 1:0 ძამსაშვილი (17), 2:0 ისიანი (35), 2:1 კვასხვაძე (67), 3:1 ისიანი (77), 3:2 ოდიკაძე (79)
ზესტაფონი – სიონი (ბოლნისი) 0:0
გაძევება: უგულავა (“სიონი”)
| 1 | დინამო | 32 | 21 | 5 | 6 | 67:23 | 68 |
| 2 | ზესტაფონი | 32 | 19 | 5 | 8 | 48:23 | 62 |
| 3 | სიონი | 32 | 16 | 7 | 9 | 41:33 | 55 |
| 4 | ჩიხურა | 32 | 13 | 7 | 12 | 56:50 | 46 |
| 5 | მეტალურგი | 32 | 13 | 6 | 13 | 35:39 | 45 |
| 6 | გურია | 32 | 12 | 0 | 20 | 31:53 | 36 |
მერანი (მარტვილი) – ტორპედო (ქუთაისი) 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 ჩიკვილაძე (7, პენალტით)
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – სპარტაკი (ცხინვალი) 0:1 (0:1)
გოლი: თევდორაძე (28)
დილა (გორი) – ზუგდიდი 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 ბულია (81)
| 1 | ტორპედო | 32 | 14 | 6 | 12 | 43:44 | 48 |
| 2 | ვიტ ჯორჯია | 32 | 13 | 6 | 13 | 41:45 | 45 |
| 3 | დილა | 32 | 11 | 8 | 13 | 44:36 | 41 |
| 4 | სპარტაკი | 32 | 12 | 4 | 16 | 33:38 | 40 |
| 5 | ზუგდიდი | 32 | 10 | 6 | 16 | 26:42 | 36 |
| 6 | მერანი | 32 | 6 | 4 | 22 | 21:60 | 22 |
მეგოლეები:
19 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)
15 - დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)
12 - ვილი ისიანი (“გურია”)
11 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)
10 - გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”)
8 - გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), რევაზ გეწაძე (“ზესტაფონი”), დათო კირკიტაძე (“ზუგდიდი”)
7 - ელგუჯა ლობჯანიძე (ვიტ ჯორჯია”), ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”)
6 - გიორგი კახელიშვილი (“სიონი”), გიორგი ქვილითაია (“დილა”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;





