ბოლო წლებია საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ყველაზე საინტერესო და პრინციპული მატჩები სწორედ ამ გუნდების მონაწილეობით იმართებოდა. უფრო მეტიც, ქვეყნის ჩემპიონობის ბედიც უმეტესწილად სწორედ “ზესტაფონი”-“დინამოს” დუელში წყდებოდა. წლევანდელ ეროვნულში ზემთქმულის განმეორება გაგვიჭირდება, რადგანაც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი “ზესტაფონი”, მთელი რიგი გარემოებების გამო, საჩემპიონო მარათონს ფაქტობრივად ნაადრევად გამეთიშა, რაც შეეხება “დინამოს”, ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონები სატურნირო ცხრილის სათავეში არიან და რეალურად ისინი ჩემპიონობის ყველაზე რეალურ პრეტენდენტად რჩებიან. ყველაფერ ამის მიუხედავად, დედაქალაქელებს იოლი გასეირნება რომ არ ელოდათ ზესტაფონში, ყველასათვის ცხადი იყო. ეს დაადასტურა მეორე წრის მატჩმაც, როდესაც ფეროელებმა ფავორიტი სტუმრების დამარცხება “დავით აბაშიძეზე” მოახერხეს.
ამინდიდან დაწყებული საფეხბურთო მოედნით დასრულებული, იდეალური სათამაშო პირობები ჰქონდათ მატჩის მონაწილეებს. შეხვედრის დაწყებამდე ორივე გუნდის ფეხბურთელებმა ბანერით თანადგომა გამოუცხადეს ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელ გიორგი ონიანს, რომელმაც რამდენიმე დღის წინათ განმეორებით სათასო მატჩში ბოლნისის “სიონთან” უმძიმესი ტრამვა მიიღო. ტრამვირებული ფეხბურთელის მიმართ თანადგომა ანალოგიური ფორმით ზესტაფონელთა ქომაგებმაც გამოხატეს.
განსხვავებული სათამაშო ტაქტიკა აირჩიეს მოწინააღმდეგე გუნდების მწვრთნელებმა. “დინამოს” ჩეხმა დამრიგებელმა დუშან უჰრინმა საკუთარი შეგირდები 4-4-2 სქემით გამოიყვანა. სეთურიძე-კვარაცხელია-შაშიაშვილი-გლიშიჩის დაცვის ოთხეულის წინ საყრდენებად ძარია და ხმალაძე მოქმედებდნენ, ფლანგებზე კი კოტო და გრაიციარი ჩაუქობდნენ. წინ ჩეხი სპეციალისტი მერებაშვილი-ჩისკოს დუეტს ენდო, ოღონდ ამ წყვილიდან ოდნავ უკნიდან მერებაშვილი თამაშობდა.
რაც შეეხება მასპინძელთა დამრიგებელ კახა კაჭარავას, მან ძლიერი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ 4-3-2-1 სათამაშო სქემა აირჩია. თორნიკე გრიგალაშვილი-ლოსანო-თედორე გრიგალაშვილი-ღონღაძის კვარტეტი თბილისელი ფორვარდების განეიტრალებას ცდილობდნენ. საყრდენებად გამოცდილმა სპეციალისტმა იელიჩი და ბაბუნაშვილი გაამწესა, მათ წინ ფლანგებზე ენდელაძე და კუტალია, ხოლო შუაში გორგიაშვილი მოქმედებდა. წინ კი ეულ ფორვარდად ფეროელებს კოტდივუარელი ბოტი დემელი ჰყავდათ.
პირველი სახიფათო მომენტი შეხვედრაში მე-6 წუთზე შეიქმნა, როდესაც თბილისელი მცველების შეცდომით ისარგებლა ბოტი დემელმა და ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა. კოტ დივუარელმა განივი გადაცემა გააკეთა ძლიერად, მაგრამ ბურთი ადრესატამდე ვერ მივიდა, რადგანაც გიორგი ლორიამ იგი კუთხურზე გადააგდო.
მალე ხიფათი მასპინძელთა კართანაც შეიქმნა სტანდარტული სიტუაციის გათამაშებისას. ჩისკოს და გრაიციარის გათამაშებული ბურთი პირინეელმა ზესტაფონელთა საჯარიმოში ჩააწოდა. ბურთზე ყველაზე მაღლა კვარაცხელია ახტა და თავურითაც დაარტყა, მაგრამ მცირედით არაზუსტად.
სადებიუტო მღელვარების და გახურების შემდეგაც თანაბარი თამაში მიმდინარეობდა. მე-20 წუთზე თედორე გრიგალაშვილის შეცდომით წესით კოტოს უნდა ესარგებლა, მაგრამ ესპანელის დარტყმა საჯარიმოს შიგნიდან არაზუსტი გამოდგა.
დაძაბულობის მიუხედავად სანახაობრივი თვალსაზრისით შეხვედრაში სახიფათო მომენტების მხრივ სიმწირე იყო. ფაქტობრივად 15 წუთის განმავლობაში ორივე გუნდის კიპერებს საქმე არ ჰქონიათ.
35-ე წუთზე მასპინძელთა სწრაფი იერიშისას ბოტი დემელს მეკარესთან პირისპირ გასვლის შანსი მიეცა. დასწრებაზე ფორვარდს ლორიამ დაასწრო, რომელმაც კარი დატოვა და ბურთი ფეხით მოიგერია. ეროვნული ნაკრების დარაჯს ეს არც ისე კარგად გამოუვიდა, მისგან ბურთი ენდელაძეს მიუვიდა, რომელმაც შორიდან გადაგზავნა ცარიელ კარში ბურთი, თუმცა ახალგაზრდა ნახევარმცველს დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა.
ტაიმის მიწურულს დინამოელებმა შეუტიეს მეტოქის კარს ფლანგებიდან. შეტევის მარცხენა ფლანგიდან გრაიციარის ჩაწოდების შემდეგ, ხმალაძეს ოდნავაც რომ შეეცვალა ბურთზე მიმართულება, გოლი გარდაუვალი იქნებოდა, მაგრამ დინამოელთა კაპიტანმა ეს ვერ შეძლო. აღმოსავლელთა შეტევა გაგრძელდა და ამჯერად მარჯვენა ფლანგიდან კოტოს ჩაწოდებულზე კვარაცხელიამ იმარჯვა თავურით, თუმცა მისი დარტყმული მცირედით არაზუსტი გამოდგა.
მოლოდინიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მატჩის პირველმა ნახევარმა ქომაგების იმედები ვერ გაამართლა.
მეორე ტაიმი უფრო აქტიურად სტუმრებმა დაიწყეს და პირველი სახიფათო მომენტიც მათ მიერ შეიქმნა. ჩისკოს ჩაწოდებულ კუთხურზე ყველაზე მარდი სეთურიძე აღმოჩნდა, რომლის თავური დარტყმა კვასხვაძისთვის ძნელად ასაღები იქნებოდა, მაგრამ “დინამოს” მარჯვენაფლანგელის გარჯას მცირედით დააკლდა სიზუსტე.
50-ე წუთზე თბილისელებმა ანგარიში გახსნეს. აუტიდან ჩამოწოდებულ ბურთზე ზესტაფონელთა ნახევარზე ჩისკომ იბრძოლა და ხმალაძისთვის პასის გაკეთება შეძლო. სტუმართა კაპიტანმა სიტუაცია სწორად შეაფასა და დაახლოებით 27 მეტრიდან ძლიერად “გაისროლა”. მართალია როინ კვასხვაძემ ნახტომიც მოასწრო და ბურთზე ხელით შეხება, მაგრამ გოლი მაინც გავიდა და “დინამო” დაწინაურდა – 0:1.
ანგარიშში ჩამორჩენისთანავე მასპინძლები შეეცადნენ მალევე აღედგინათ წონასწორობა, მაგრამ ზესტაფონელთა ამ მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია. დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ფეროელებმა რამდენჯერმე შორიდან სცადეს ბედი, თუმცა აქედან არაფერი გამოვიდა. ყველაზე დასამახსოვრებელი მათ მცდელობებიდან მაინც იელიჩის შორეული დარტყმა იყო, რომლის აღება ლორიას საკმაოდ გაუჭირდა. დანარჩენ შემთხვევებში ფაქტობრივად თბილისელთა კართან სიტუაცია არ გამწვავებულა.
მდგომარეობის გამოსასწორებლად ზესტაფონელთა დამრიგებელმა შეცვლებს მიმართა. კაჭარავამ მოედანზე სამუშია და რეკრუკი შეუშვა. მართალია, ამ ფეხბურთელებმა მყისიერად ვერ შეცვალეს სიტუაცია, მაგრამ აქტიურები კი იყვნენ. უნდა გამოვყოთ ეგვიპტელის სახიფათო ჩაწოდება, რომელსაც ბოტი დემელმაც და ლორიამაც თვალი გააყოლეს. ბურთმა კი რამდენიმე სანტიმეტრით ჩაუქროლა “დინამოს” კარს.
74-ე წუთზე სტუმრებს ანგარიშის გაზრდა მართებდათ. ზესტაფონელთა კართან ხიფათი ისევ სტანდარტულიდან შეიქმნა. მერებაშვილის ჩაწოდებულ კუთხურზე ყველას ხმალაძემ დაასწრო, რომელსაც ხელს არავინ უშლიდა. დინამოელთა კაპიტნის თავური დარტყმით წესით გოლი უნდა გასულიყო, რომ არა კვასხვაძის დიდებული გარჯა. მასპინძელთა მეკარემ ამ შემთხვევაში ბრწყინვალე სეივი განახორციელა. რამდენიმე წუთში კვასხვაძემ ისევ ისახელა თავი, როდესაც მერებაშვილის არც თუ სასიამოვნო დარტყმული მშვენიერ ნახტომში მოიგერია.
თამაშის დასკვნით ნაწილში მასპინძლები ისევ ცდილობდნენ სიტუაციის გამწვავებას, მაგრამ დინამოელებს საიმედოდ ჰქონდათ გადაკეტილი საკუთარი კარის მისადგომები. თავის მხრივ თბილისელები კონტრშეტევების განხორციელებასაც ცდილობდნენ, მაგრამ მატჩის ეპილოგში მათ ამის გაკეთების საშუალება არ მისცემიათ. მნიშვნელოვანი და საინტერესო არც სირიელი არბიტრის მიერ დამატებულ დროში მომხდარა. “დინამომ” მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა და მეტად საჭირო 3 ქულა გაიფორმა აქტივში.
დუშან უჰრინი (“დინამო”): “ჩვენთვის რთული თამაში იყო, რადგანაც გორის “დილას” თამაშის შედეგი ვიცოდით. შეცდომის დაშვების უფლება არ გვქონდა, ამიტომაც ფრთხილად ვთამაშობდით. ყველაფერი ერთმა შედეგიანმა დარტყმამ გადაწყვიტა, რომელმაც სასურველი 3 ქულა მოგვიტანა. მადლობელი ვარ ჩემი ბიჭების, რომლებმაც დავალებები პირნათლად შეასრულეს და საკმაოდ რთული მატჩი მოიგეს”.
კახა კაჭარავა (“ზესტაფონი”): “წაგებული მატჩის შემდეგ, ბუნებრივია, ვერ ვიტყვი რომ კარგად ვითამაშეთ. დაძაბული თამაში იყო, ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდებოდა წარმატება, რადგანაც განახლებულ ჩემპიონატში ჯერჯერობით გამარჯვება არ მოგვიპოვებია. ახალგაზრდებს ვენდეთ, რომლებმაც ნორმალურად ითამაშეს, მაგრამ გამოცდილ მეტოქესთან მაინც დამარცხდნენ”.
“ზესტაფონი” – “დინამო” (თბილისი) 0:1 (0:0)
14 აპრილი. 18:00. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე ”. 2500 მაყურებელი
“ზესტაფონი”: როინ კვასხვაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, ლოსანო, იელიჩი, თედორე გრიგალაშვილი, ღონღაძე, ბაბუნაშვილი, გორგიაშვილი (რეკრუკი, 66), კუტალია, ენდელაძე (სამუშია, 58), ბოტი დემელი.
მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა
“დინამო” (თბილისი): ლორია, გივი კვარაცხელია, სეთურიძე, ხმალაძე, მერებაშვილი (დვალი, 84) კოტო (ალვარო, 70), გრაიციარი, გლიშიჩი, შაშიაშვილი, ძარია, ჩისკო (ტატანაშვილი, 90+3).
მთავარი მწვრთნელი: დუშან უჰრინი
გოლი: 0:1 ხმალაძე (50).
გაფრთხილება: ხმალაძე (22), კვარაცხელია (36), ღონღაძე (52), გლიშიჩი (68), გრაიციარი (72), ლოსანო (89).
არბიტრი: აბდულა ბასლეჰლო (სირია)
I-VI ადგილებისთვის
ჩიხურა (საჩხერე) – დილა (გორი) 1:2 (0:1)
გოლი: 0:1 ირაკლი მოდებაძე (4), 1:1 ბესიკ დეკანოიძე (68), 1:2 ირაკლი მოდებაძე (1:2)
ტორპედო (ქუთაისი) – ზუგდიდი 2:0 (1:0)
გოლი: 1:0 ბექა ტუღუში (17), 2:0 ელგუჯა გრიგალაშვილი (90)
ზესტაფონი – დინამო (თბილისი) 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 ლევან ხმალაძე (49)
1. | დინამო (თბილისი) | 27 | 19 | 6 | 2 | 71:20 | 63 | |
2. | დილა (გორი) | 27 | 19 | 2 | 6 | 47:19 | 59 | |
3. | ტორპედო (ქუთაისი) | 27 | 16 | 6 | 5 | 46:20 | 54 | |
4. | ჩიხურა (საჩხერე) |
27 | 15 | 5 | 7 | 40:27 | 50 | |
5. | ზესტაფონი | 27 | 11 | 6 | 10 | 31:24 | 39 | |
6. | ზუგდიდი |
27 | 10 | 6 | 11 | 28:40 | 36 |
VII-XII ადგილებისთვის
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – კოლხეთი (ფოთი) 0:0
სიონი (ბოლნისი) – მერანი (მარტვილი) 3:1 (1:1)
გოლები: 0:1 საბა ლომია (30), 1:1, 2:1, 3:1 აკაკი მიკუჩაძე (40, 58, 80)
დინამო (ბათუმი) – მეტალურგი (რუსთავი) 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 გოგი ფიფია (68)
1. | მეტალურგი (რუსთავი) | 27 | 12 | 6 | 9 | 27:29 | 42 | |
2. | მერანი (მარტვილი) | 27 | 8 | 3 | 16 | 27:42 | 27 | |
3. | სიონი (ბოლნისი) | 27 | 6 | 7 | 14 | 20:42 | 25 | |
4. | ვიტ ჯორჯია (თბილისი) |
27 | 5 | 8 | 14 | 17:38 | 23 | |
5. | დინამო (ბათუმი) | 27 | 6 | 5 | 16 | 27:49 | 23 | |
6. | კოლხეთი (ფოთი) |
27 | 2 | 6 | 19 | 15:46 | 12 |
მეგოლეები:
21 - ჩისკო (3 პენ, "დინამო" თბილისი)
17 - ჯაბა დვალი (“დინამო” თბილისი)
16 - საბა ლომია (“მერანი”)
12 – ალვარო (“დინამო” თბილისი)
10 - ნიკა საბანაძე (“ტორპედო”)
9 - ირაკლი მოდებაძე (2, “დილა”)
8 - ლევან ხმალაძე (“დინამო”), დავით ოდიკაძე (6, “ჩიხურა”), ირაკლი სიხარულიძე (“მეტალურგი”), გიორგი ბერიაშვილი (“ტორპედო”), ბესიკ ჩიმაკაძე (1, “დინამო” ბათუმი)
7 - ირაკლი ქობალია (1, “ზუგდიდი”), დიმიტრი ტატანაშვილი (“დინამო” თბილისი)
6 – ელგუჯა გრიგალაშვილი (“ტორპედო”), მიხეილ ჯორბენაძე (“დინამო” ბათუმი), გიორგი მერებაშვილი (“დინამო” თბილისი), დავით კირკიტაძე (“ჩიხურა”) ბათუმი), რევაზ ჯიქია (“სიონი” / გუნდში აღარ არის)
5 - გიორგი კუხიანიძე (2, “ტორპედო”), თორნიკე გორგიაშვილი (“ზესტაფონი”), ნიკო კვასხვაძე, ბესიკ დეკანოიძე (ორივე - "ჩიხურა"), რომან ახალკაცი (“მეტალურგი”)
4 – რატი წინამძღვრიშვილი (“ზესტაფონი”), გიორგი გაბედავა (“ზუგდიდი”), გიორგი დათუნაიშვილი (“ტორპედო”), ნიკა დიასამიძე (“დინამო” ბათუმი), აკაკი მიკუჩაძე (1, “სიონი”)
3 – შოთა ლომია, დავით გამეზარდაშვილი (ორივე - “ზუგდიდი”), გულვერდ თომაშვილი, გიორგი კახელიშვილი, ნათან ჟუნიორი (ყველა - “დილა”), გიორგი ონიანი, ბექა ტუღუში (ორივე - “ტორპედო”), თორნიკე ბერიძე (“დინამო” ბათუმი), ლევან შარიქაძე, შოთა ბაბუნაშვილი (ორივე - “ზესტაფონი”), პავლე დათუნაიშვილი, შალვა კვანტალიანი (ორივე - “კოლხეთი”), გივი კვარაცხელია (“დინამო” თბილისი), გაგა ჩხეტიანი (“ჩიხურა”), ელგუჯა ლობჟანიძე (“ვიტ ჯორჯია”)
2 – ლევან კუტალია (1), ალექსანდრე ბენაშვილი, მიხეილ სარდალიშვილი (ყველა – “ზესტაფონი”), ზურაბ მენთეშაშვილი, გოგი ფიფია (ორივე - “მეტალურგი”), გიგა ამბროლაძე, ნოდარ ნოზაძე, მამუკა ტორონჯაძე (ყველა - "მერანი"), რევაზ გოცირიძე, თემურ შარაშენიძე, გიორგი მიქაბერიძე (ყველა - “მეტალურგი”), სანდრო გურული (1, “დინამო” ბათუმი), მიხეილ გორელიშვილი, ბაჩანა არაბული, დათო კვირკველია (1), ლაშა გვალია (1, ყველა - “დილა”), ირაკლი კლიმიაშვილი (“სიონი”), პაატა ცხვიტარია (“კოლხეთი”), გრიგოლ დოლიძე, ლაშა შერგელაშვილი (ყველა - “ტორპედო”), ალექსანდრე ბაციკაძე, ირაკლი ცნობილაძე, ამირან მუჯირი (ყველა - “დინამო” ბათუმი), ლაშა გაბრიჩიძე (“ვიტ ჯორჯია”), ზვიად სიხარულია (“ზუგდიდი”), ზვიად ლობჟანიძე (“მეტალურგი”), მათე ვაწაძე (“დილა”/ “ორჰუსი” დანია)
1 – თორნიკე აფციაური, ოთარ კვერნაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, ბერდია შარვაძე, იგორ იელიჩი, ბოტი გოა დემელი, თეიმურაზ ღონღაძე (ყველა - “ზესტაფონი”), გიორგი რეხვიაშვილი, გივი დიდავა, ვალერი იობაშვილი, დათა სიჭინავა, ლაშა კუჭუხიძე (ყველა - “მერანი”), პატრიკ მილხრაუმი, ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი, არჩილ ტვილდიანი (ყველა – “დინამო” თბილისი), ალექსანდრე კოშკაძე, გელა გოგიტიძე, ოლექსანდრ ტიმჩიშინი, კარენ მაკარიანი (ყველა - “დინამო” ბათუმი), ჯაბა უგულავა, დავით სვანიძე, გიორგი მანწკავა, ვილი ისიანი, დაჩი ფოფხაძე, პაველ ჰაიდუჩეკი, გიორგი ცხადაია (ყველა - “სიონი”), ედიკ საჯაია, ვაჟა ლომაშვილი, დავით დიღმელაშვილი, ნიკა გუშარაშვილი, ლაშა ჩიკვაიძე, ლევან ბაკურაძე, ჯაბა ბერიანიძე, როინ ონიანი, დავით ბოლქვაძე, ბესიკ დეკანოიძე (ყველა - “ჩიხურა”), ზაზა ჭელიძე, ვალერი ბოლქვაძე, მერაბ გიგაური, გიორგი ფანცულაია, ნიკა ფირცხალავა (ყველა - “ტორპედო”), გიორგი ვასაძე, ჯემალ გოგიაშვილი, გიორგი კორიფაძე, გურამ გურეშიძე, ირაკლი ღიბრაძე, გურამ ადამაძე, გიორგი ჯანელიძე (ყველა - “ვიტ ჯორჯია”), გიორგი ლაშქარავა, ირაკლი ეხვაია (ორივე - “ზუგდიდი”), ალექსანდრე კვახაძე, ვალერი კაციტაძე, კახა ალადაშვილი, გიგა ბეჭვაია, გოგიტა გოგუა, ზურაბ არზიანი, ლაშა გვალია, გიორგი ილურიძე (ყველა - “დილა”), ომარ გოგონაია, ილია პავლიაშვილი, თეიმურაზ ფარულავა, გიორგი ბუხაიძე (ყველა – “კოლხეთი”), ჯემალ გაბუნია (“დინამო” ბათუმი), ანზორ სუხიაშვილი, რევაზ გეწაძე, დენის დობროვოლსკი, გიორგი ქავთარაძე (ყველა - “მეტალურგი”), დავით ჯანელიძე (“მეტალურგი” / “თურანი” Aაზერბაიჯანი), ლაშა სალუქვაძე (“დილა” / “სკა –ენერგია” ხაბაროვსკი), რობერტინიო (“დინამო” თბილისი / “ინტერი” ბაქო), გიორგი ქუცურუა, გიორგი ფეიქრიშვილი, გიორგი ჭანკოტაძე, გიორგი ჭედია (ყველა – უგუნდოდ)
ავტოგოლები: 2- ალექსანდრე ინწკირველი (“მეტალურგი”), 1 - ირაკლი კვეკვესკირი, გელა გოგიტიძე (ორივე - “დინამო” ბათუმი), ლაშა კასრაძე (“ვიტ ჯორჯია”), გივი ქარქუზაშვილი (“მერანი”), გია ჩადუნელი (“კოლხეთი”)
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა
ზაზა ლეთოდიანი ზესტაფონიდან