ფეხბურთი

15:30 | 17.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ” მარცვალაძე და იენსე წარადგინა

საფეხბურთო კლუბ თბილისის “დინამოს” პრეზიდენტმა რომან ფიფიამ დიღმის საწვრთნელ ბაზაზე მედიას ორი ახალწვეული, თავდამსხმელი ოთარ მარცვალაძე და ჰოლანდიელი ცენტრალური მცველი იანს იენსე წარუდგინა.

მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი მარცვალაძემ ვლადიკავკაზის “ალანიაში” გაატარა, მაგრამ უფინანსობის გამო, გუნდის “დაშლის” შემდეგ, კარიერას “დინამოში” გააგრძელებს. 29 წლის მარცვალაძე “დინამოში” 20-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რომელიც ფიფიამ გადასცა.

ამ სეზონში, იენსემ ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის “კორდობაში” 11 მატჩი ჩაატარა, მაგრამ კლუბში ფინანსური პრობლემები შეიქმნა და 27 წლის ჰოლანდიელმა შეთანხმების საფუძველზე კლუბი დატოვა. მას 22-ნომრიანი მაისური “დინამოს” სპორტულმა მენეჯერმა ირაკლი ვაშაკიძემ გადასცა.

ორივე ფეხბურთელი “დინამოში” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და ჯერჯერობით თბილისურ კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩებიან.

რომან ფიფია: “რამდენად გავძლიერდით ამას ყველა ერთად ვნახავთ. იმედია, ახალწვეულები გუნდს საკმაოდ გააძლიერებენ. ვფიქრობ, ამ ფეხბურთელების მიწვევა ჩვენს ქომაგებს გაუხარდებათ. მათი აყვანა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ გულშემატკივრებისგან გვესმოდა: “დინამო” არ ძლიერდება, არავინ აჰყავს. დღესდღეობით, ოპტიმალური შემადგენლობა გვყავს. ორივე მაღალი დონის ფეხბურთელი დავიმატეთ. “დინამომ” ტრანსფერები საკმარისად განახორციელა. იქიდან გამომდინარე, ზაფხულში რა შედეგი გვექნება, გუნდი როგორ მდგომარეობაში იქნება, ტრანსფერებს კიდევ განვახოციელებთ”. 

ოთარ მარცვალაძე: “გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი დრო გამიცდა, საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნება გადავწყვიტე. “დინამოდან” შეთავაზება როდესაც მივიღე, მაშინვე დავთანხმდი. ვფიქრობ, ჩემი კარიერისთვის “დინამოში” თამაში დიდი ნაბიჯი იქნება. გუნდში სეზონის ბოლომდე დავრჩები, მაგრამ იმედია კონტრაქტს გავაგრძელებ. მაქსიმალურად შევეცდები იმაზე მეტი გავაკეთო, რაც აქამდე საქართველოს ჩემპიონატში გამიკეთებია. ალბათ, ჩემი თამაშიდან გამომდინარე, ნაკრების მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს გამომიძახოს თუ არა”.

მარცვალაძე ჯერ ინდივიდუალურად ვარჯიშობს და 22 თებერვალს სტუმრად რუსთავის “მეტალურგთან” არ ითამაშებს. იენსე კი, სრული დატვირთვით ემზადება.

“დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა მალხაზ ჟვანიამ განაცხადა, რომ “დინამო” ჩემპიონატის განახლებისთვის მზადაა. მის თქმით, გუნდმა ახალი სათამაშო სქემა 4-3-3 აითვისა. ჟვანიამ აღნიშნა, რომ მეკარე ომარ მიგინეიშვილი “დინამო 2”- ში ვარჯიშობს და ამ ეტაპზე მისი პირველ გუნდში დაბრუნება არ იგეგმება. 

0.600414