საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, თბილისის “დინამოს” ჩემპიონობის განაღდების შანსი ჰქონდა, მაგრამ მალხაზ ჟვანიას გუნდმა საჩხერის “ჩიხურას” დამარცხება ვერ მოახერხა.
მატჩის დებიუტში, გუნდებმა საჯარიმო დარტყმები გაცვალეს. თავიდანვე გამოჩნდა, რომ “ჩიხურა” უბრძოლველად არაფერს დათმობდა და მასპინძელ გუნდს მედგარ წინააღმდეგობას გაუწევდა.
22-ე წუთზე, სტუმართა ნახევარმცველმა ჯაბა ჯიღაურმა საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ გიორგი ლორიამ ბურთის მოგერიება მოახერხა. 28-ე წუთზე, თბილისელებმა საჩხერლებს სახიფათო შორეული დარტყმით უპასუხეს – ოთარ მარცვალაძემ საჯარიმო შეასრულა და სტუმართა კარის დარაჯმა გიორგი სომხიშვილმა ბურთი ნახტომით მოიგერია.
გუნდებს ერთმანეთის საჯარიმო მოედანში შესვლა უჭირდათ და უმეტესად, შორი დისტანციიდან ცდილობდნენ ანგარიშის გახსნას. ერთ-ერთი ასეთი მცდელობა ჰქონდა “ჩიხურას” გარემარბ გიორგი გაბედავასაც, მაგრამ ბურთი მოიჭრა და კარს გვერდიდან ჩაუფრინა.
ტაიმის უკანასკნელ წუთებში, ლევან ხმალაძემ და მათე ცინცაძემ შორეული დარტყმები გაცვალეს, მაგრამ მიზანს ვერცერთმა მათგანმა მიაღწია. ამგვარად, გუნდები შესვენებაზე უგოლოდ გავიდნენ.
მეორე ტაიმი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს. ცხადია, მათი ერთადერთი მიზანი 3 ქულა იყო. 47-ე წუთზე, დინამოელთა მარცხენაფლანგელმა დავით კვირკველიამ შორიდან დაარტყა, მაგრამ სომხიშვილმა ამჯერადაც ეფექტური ნახტომით მოიგერია ბურთი. ორიოდ წუთში, სტუმართა კარის სიახლოვეს საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, რომლის შესრულებაც გიორგი მერებაშვილმა ითავა. თბილისელთა “ათიანმა” კარგად დაარტყა, მაგრამ კარს მცირე მანძილით ააცილა.
55-ე წუთზე, მერებაშვილმა შორიდან კიდევ ერთხელ დაარტყა, მაგრამ სტუმართა მეკარემ კარი ამჯერადაც მშრალად შეინახა. თბილისელებმა შეტევა აშკარად გააძლიერეს და მეტოქის კარსაც თანდათან მიუახლოვდნენ. მარცვალაძემ საჯარიმო დარტყმით ანგარიშის გახსნა კიდევ ერთხელ სცადა, მაგრამ სომხიშვილი კვლავ დამაჯერებელი იყო.
68-ე წუთზე, თბილისელებმა საჯარიმო დარტყმა გაითამაშეს, რის შემდეგაც მარცვალაძემ თავური დარტყმა შეასრულა, მაგრამ ბურთმა ხარიხას გადაუფრინა. იშვიათად, მაგრამ სტუმრები მაინც ახერხებდნენ შეტევაში გადასვლას. 72-ე წუთზე, გიორგი დათუნაიშვილს ჰქონდა თავის გამოჩენის შანსი, მაგრამ ბურთი მასპინძელთა კარს ააცილა. ორიოდ წუთში, გაბედავამ საჯარიმო დარტყმა შეასრულა, მაგრამ ლორია ბურთს ადგილზე დაუხვდა.
84-ე წუთზე, მარცვალაძემ საჯარიმო დარტყმის შესრულება კიდევ ერთხელ ითავა, მაგრამ მისი მესამე მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა – ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი კარს გადასცდა.
დასკვნით წუთებში, თბილისელებმა შეტევა კიდევ უფრო გააძლიერეს, მაგრამ საქმე შედეგიან დარტყმამდე ვერაფრით მიიყვანეს. ამგვარად, მალხაზ ჟვანიას გუნდმა ჩემპიონობის ვადაზე ადრე მოპოვება, ჯერჯერობით, ვერ მოახერხა – 0:0.
მალხაზ ჟვანია (“დინამო”): “გუნდს, რომელსაც ჩემპიონობა უნდა, ასე არ უნდა თამაშობდეს. ალბათ, მთელი ძალები წინა მატჩს შევალიეთ, მაგრამ ძალები აუცილებლად უნდა აღგვედგინა. ჩემპიონობის შანსის დაკარგვა სისულელეა და ეს არ უნდა დავუშვათ. მომდევნო მატჩებში ქულათა მაქსიმუმი უნდა ავიღოთ”.
სოსო ფრუიძე (“ჩიხურა”): “ჩვენთვის ბოლო თამაშები თასისთვის მოსამზადებელია. გარდა ამისა, თავმოყვარეობის საკითხიც იყო, რომ თბილისში არ წაგვეგო. მოგებაც შეიძლებოდა, მაგრამ საქმე ისე არ წავიდა, როგორც გვინდოდა. ცხადია, მოგება “დინამოსაც” შეეძლო”.
“დინამო” (თბილისი) – “ჩიხურა” (საჩხერე) 0:0
7 მაისი. “დინამო არენა”. თბილისი
დინამო: ლორია, ხიდეშელი, ცინცაზე (ჯანელიძე 81), გორგიაშვილი (პაპუნაშვილი 46), მერებაშვილი, ხურცილავა, კვირკველია, მარცვალაძე, რეხვიაშვილი, ჩისკო (მოდებაძე 62), ძარია.
მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია
ჩიხურა: სომხიშვილი, ჭელიძე, ჯიღაური (ლომია 86), ქიმაძე, გაბედავა, დათუნაიშვილი, ბეჭვაია, კაშია, ოდიკაძე, დეკანოიძე, ხმალაძე.
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილება: ბეჭვაია (54), ჭელიძე (58), ხიდეშელი (73), დეკანოიძე (75), ხმალაძე (89)
მთავარი არბიტრი: ალექსანდრე ჭრიკაშვილი
გურია (ლანჩხუთი) - ზესტაფონი 0:5
მეტალურგი (რუსთავი) - სიონი (ბოლნისი) 2:0
1 |
დინამო (თბ) |
30 |
19 |
5 |
6 |
62:23 |
62 |
2 |
ზესტაფონი |
30 |
18 |
4 |
8 |
45:21 |
58 |
3 |
სიონი |
30 |
16 |
6 |
8 |
41:30 |
54 |
4 |
ჩიხურა |
30 |
13 |
7 |
10 |
52:44 |
46 |
5 |
მეტალურგი |
30 |
12 |
6 |
12 |
34:37 |
42 |
6 |
გურია |
30 |
11 |
0 |
19 |
28:50 |
33 |
მომდევნო ტური
11 მაისი
მეტალურგი – გურია
სიონი – დინამო
ჩიხურა – ზესტაფონი
მეგოლეები:
16 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)
14 - დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)
10 - ვილი ისიანი (“გურია”), გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”), ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;