ფეხბურთი

16:33 | 24.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ” ახალწვეულები წარადგინა

საფეხბურთო კლუბმა თბილისის “დინამო” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დამატებული ფეხბურთელები “დინამო არენას” საკონფერენციო დარბაზში წარადგინა.

ვიდრე მოთამაშეებს ჩემპიონატის მეორე ნახევრისთვის მუდმივნომრიან მაისურებს გადასცემდნენ, “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა მალხაზ ჟვანიამ და კლუბის სპორტულმა მენეჯერმა ირაკლი ვაშაკიძემ მცირე კომენტარი გააკეთეს.

მალხაზ ჟვანია: “გუნდმა სრულფასოვნად მზადება 15 იანვრიდან დაიწყო. პირველ ეტაპს ხვალ დავასრულებთ. 27 იანვარს ანთალიაში გავემგზავრებით, სადაც 5 სპარინგი დავგეგმეთ. 11 თებერვალს თბილისში დავბრუნდებით”.

ირაკლი ვაშაკიძე: “მადლობა, რომ დაინტერესებული ხართ რა ხდება “დინამოში” და როგორ ემზადება გუნდი. პირველ ყოვლისა, შევიკრიბეთ, რათა წარმოგიდგინოთ გუნდის ახალ ფეხბურთელები, რომლებიც საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესეობი არიან”.

ამის შემდეგ, მათ და “დინამოს” ფან-კლუბ გლადიატორების ერთ-ერთმა წევრმა, ახალწვეულებს მაისურები გადასცეს. 29 წლის თავდამსხმელი ირაკლი მოდებაძე 8-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, 24 წლის ნახევარმცველი გიორგი ჯანელიძე – 9-ნომრიანით, 25 წლის ნახევარმცველი თორნიკე გორგიაშვილი – 7-ნომრიანით, 25 წლის ცენტრალური მცველი გიორგი ხიდეშელი – 5-ნომრიანით, 19 წლის ნახევარმცველი მათე ცინცაძე – 6-ნომრიანით, 24 წლის მეკარე ნიკა დაუშვილი – 89-ნომრიანით.

მაისურების ჩამორიგების მერე, ჟვანიამ და ვაშაკიძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

-გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერებაშვილი “დინამოში” ვარჯიშობს. გუნდის გაძლიერებას გააგრძელებთ?

ჟვანია: მერებაშვილი “დინამოში” ვარჯიშობს. მას “დინამოსთან” კონტრაქტი აქვს. ამ ეტაპზე ვეძებთ რამდენიმე პოზიციის გასაძლიერებლად ფეხბურთელებს. ალბათ, ანთალიაში დავიმატებთ.

- საუბარი უცხოელებზეა თუ ქართველებზე?

ჟვანია: უცხოელებზე.

- ჯაბა დვალის “ყარაბაღში” განათხოვრება თავად ფეხბურთელის სურვილი იყო თუ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის. სეზონის დასრულების მერე, აზერბაიჯანელები დვალის ტრანსფერის გამოსყიდვას ხომ არ გეგმავენ?

ვაშაკიძე: დვალს “ყარაბაღიდან” შეთავაზება შარშან ზაფხულში ჰქონდა. სამწუხაროდ, მაშინ მისი წასვლა ვერ მოხერხდა, რადგან ჩემპიონთა ლიგაში ვთამაშობდით და დვალის შემცვლელი არ გვყავდა. ახლა რამდენიმე ფეხბურთელი დავიმატეთ და ამ ფეხბურთელის შეცვლის საშუალება გვაქვს. დვალი “ყარაბაღში” ივნისამდეა განათხოვრებული. ხელფასს მას აზერბაიჯანელები გადაუხდიან და სეზონის დასრულების მერე, დვალის კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება აქვთ.

-საუბრობდნენ, რომ “დინამოს” საბანაძის და ღონღაძის დამატება სურდა. თუმცა, საბოლოოდ ეს ფეხბურთელები სხვა კლუბებში აღმოჩნდნენ.

ჟვანია: საბანაძეს ძალიან დადებითად ვუყურებ. პერსპექტიული ფეხბურთელია. ჩვენ მათთვის არაფერი შეგვითავაზებია.

ვაშაკიძე: საბანაძე “ტორპედოს” ერთ-ერთმა წარმომადგნელმა ნოემბერში შემოგვთავაზა. ეს საკითხი მაშინდელ მწვრთნელთან გავიარეთ. შემდეგ, დეკემბერში ჟვანიასთან ერთად გავიარეთ და უარი ვთქვით. “ტორპედო” საბანაძის გაცვლას ლაშა პარუნაშვილში გვთავაზობდა.

- სად ითამაშებენ პარუნაშვილი, ტვილდიანი, კვეკვესკირი, ჯიღაური?

- პარუნაშვილი განათხოვრებით ცხინვალის “სპარტაკში” ითამაშებს. ტვილდიანი რუსთავის “მეტალურგში” გავანათხოვრეთ, ხოლო ჯიღაური – საჩხერის “ჩიხურაში”. კვეკვესკირი “დინამო 2”-ში ვარჯიშობს.

- გუნდში ესპანელი უსტარიცი და მაკედონიელი გლიშიჩი თუ დარჩებიან?

ჟვანია: უსტარიცი რთული თემაა. ეს ფეხბურთელი არასწორად იყო ჩამოყვანილი. მას სამედიცინო შემოწმება არ ჩატარებია და ტრავმებს ხშირად იღებს. მომავალში ასეთ შეცდომებს აღარ დავუშვებთ. უსტარიცს კონტრაქტი აქვს, მაგრამ ვერ დაგვეხმარება. გლიშიჩი გუნდთან ერთად ვარჯიშობს და მისი საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება. შესაძლოა, ანთალიაში.

ვაშაკიძე: უსტარიცი წელს პირველ ვარჯიშზე დაშავდა, თვენახევარი ან ორი თვე ვერ დაგვეხმარება. გუნდს ანთალიაში შეკრებაზე არ გაჰყვება.

- ვოუს პერსპექტივას “დინამოში” როგორ უყურებთ?

 ჟვანია: დადებითად ვუყურებ და იმედი გვაქვს.

-ჩემპიონატის პირველ ნახევარში ჩანდა, რომ “დინამოს” შუა ხაზში პრობლემები ჰქონდა. ახალი ფეხბურთელების დამატებით ეს პრობლემა მოაგვარეთ?

ჟვანია: ფეხბურთელები დავიმატეთ და ეს პრობლემა აღმოვფხარით.

-საკმაოდ პერსპექტიული ფეხბურთელია გიორგი ქვილითაია, რომელსაც აქეთ-იქით გასასინჯად დაატარებენ და დიდი დრო უცდება. “დინამოს” მისი შეძენის სურვილი არ ჰქონდა?

ჟვანია: ქართველი მოთამაშეების პრობლემაა, რომ აქეთ-იქით გასასინჯად დაჰყავთ. ამ ფეხბურთელით დაინტერესებული ვიყავით, მაგრამ ვერ შევთანხმდით.

-“დინამო 2”-დან ან დუბლშემადგენლობიდან ფეხბურთელები ხომ არ დაგიმატებიათ?

ჟვანია: ლობჟანიძე, კაკაბაძე, შერგელაშვილი და დიასამიძე დავიმატეთ. ჩვენი საფეხბურთო აკადემიისა და “დინამოს” პირველი გუნდის შერწყმა ხდება.

-მერებაშვილი და გრიგალაშვილი ანთალიაში შეკრებაზე თუ იქნებიან ?

ჟვანია: მერებაშვილი შეკრებაზე იქნება. გრიგალაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია საქართველოში და მას ყოველთვის პატივს ვცემდი. თუმცა, არის მომენტი, როდესაც უნდა გადაწყვიტო რა გსურს. როდესაც ფეხბურთელს ეს გადაწყვეტილი არ აქვს, სჯობს სხვა გზა იპოვოს, რომელიც მისთვის უკეთესი იქნება. გრიგალაშვილთან სათანამშრომლოდ ყოველთვის მზად ვარ. 

ახალწვეულებიდან კომენტარი ირაკლი მოდებაძემ გააკეთა:

“მადლობა ყველას ასეთი შეხვედრისთვის. კლუბის ხელმძღვანელობას და გულშემატკივრებს. “დინამოში” ყველა პირობა დაგვხდა წინსვლისთვის. იმედი მაქვს, რომ სხვა კლუბებშიც იგივე პირობები შეიქმნება”.

“დინამო” 27 იანვრიდან 11 თებერვლამდე ანთალიაში მოემზადება და 5 სპარინგს ჩაატარებს. უკვე ცნობილია სავარაუდო 4 მეტოქის ვინაობა: პოლონეთის “პოდბესკიძიე” (28 იანვარი), ხორვატიის “ჰაიდუკი” (31 იანვარი), ჩეხეთის “მლადა ბოლესლავი” (3 თებერვალი), უკრაინის “ჩერნომორეცი” (6 თებერვალი). მეხუთე მოწინააღმდეგის ვინაობა ირკვევა.

0.124928