კალათბურთი

22:34 | 25.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო” ქუთაისში ღირსეულად გაჩემპიონდა

 

საკალათბურთო სუპერლიგის ფინალური სერიის მეოთხე შეხვედრა თბილისის “დინამოს” დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. დინამოელებმა სტუმრად 91:58 დაამარცხეს საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი”, სერიაში ანგარიში 3:1 გახადეს და სამართლიანად მოიპოვეს საქართველოს ჩემპიონის ტიტული. რაც შეეხება ქუთათურებს, კლუბმა არსებობის განმავლობაში პირველად შეძლო მეორე ადგილის დაკავება, ამას დავუმატოთ საქართველოს თასის მოპოვებაც და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რიონისპირელებს შესანიშნავი სეზონი ჰქონდათ.

თბილისში ზედიზედ განცდილი ორი მარცხის შემდეგ, “ქუთაისმა” საკუთარ თავში ძალა გამონახა და მესამე პაექრობაში, დრამატულ ორთაბრძოლაში დაამარცხა ძლიერი მეტოქე. მეოთხე მატჩს ტრადიციულად ძალზე ბევრი გულშემატკივარი დაესწრო. თამაშის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას სახელობის დარბაზში ნემსის ჩასაგდები ადგილი არ იყო. ქუთაისელთა ქომაგები იმედოვნებდნენ, რომ იმერული კლუბი კიდევ ერთხელ მოახერხებდა მათ გახარებას. მათდა სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. “დინამო” მთელი პაექრობის განმავლობაში დომინირებდა და საკუთარი გამარჯვებაც ეჭვქვეშ არ დაუყენებია.

მასპინძლები მატჩში წინ მხოლოდ საწყისს წუთებში იყვნენ, როდესაც დავით ბარბაქაძემ ზედიზედ 5 ქულა მიითვალა, ხოლო ზაურ ფაშაევმა ორი საჯარიმო ტყორცნა ზუსტად. 7:2 იყო ტაბლოზე ქუთაისელთა სასარგებლოდ, როდესაც დინამოელებმა მეტოქეს 13:0 გაქცევა მოუწყვეს. დედაქალაქელთა იერიშებს ძალიან ორგანიზებულად და გააზრებულად ლაშა გამყრელიძე ხელმძღვანელობდა. თბილისელთა გამთამაშებელი მთელი მატჩის განმავლობაში საუკეთესო გახლდათ და მას სულ მცირე დააკლდა სამმაგ დუბლამდე (15 ქულა, 8 მოხსნა, 9 პასი). ტრადიციულად შედეგიანი იყო ჩერნოგორიელი სტევან მილოშევიჩი, რომელიც დომინანტი გახლდათ სამწამიან ზონაში. თბილისელთა წარმატებული თამაშის ფონზე, პირველ პეროდში ძალზე უიღბლოდ გამოიყურებოდნენ “ქუთაისის” კალათბურთელები, რომლებსაც მოწინაღმდეგენი ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ, რამდენიმეჯერ კი რიონისპირელებმა ძალზე იოლი ბურთის ჩაგდება ვერ შეძლეს. პირველი პერიოდი 12:21 დასრულდა სტუმრების გამარჯვებით.

მეორე მეოთხედში თბილისელებს ყურადღება არ მოუდუნებიათ დაცვაში და შეტევაში ისევ ჩვეულად, შედეგიანად მოქმედებდნენ. მართალია, ქუთათურები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, მაგრამ ამ შეხვედრაში ნათლად გამოჩნდა, რომ რიონისპირელებს ძალა აღარ ჰყოფნიდათ. დაძაბულმა საპლეიოფო მატჩებმა, მოკლე სათადარიგოთა სკამმა სწორედ ამ შეხვედრაში იჩინა თავი. ქუთათურებს ასევე არ წაუვიდათ შორეული სროლები, რაც გარკვეულწილად დინამოელთა დაცვაში კარგი თამაშის დამსახურება გახლავთ, რომლებიც ქუთაისელთა სნაიპერებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ. მასპინძლებს კვლავ უჭირდათ მილოშევიჩის შეჩერება, რომელმაც საბოლოოდ ორმაგი დუბლი გაახერხა და მოედანზე მყოფთაგან ყველაზე შედეგიანიც გახლდათ (25 ქულა, 11 მოხსნა). პირველი ტაიმი კი 26:44 დასრულდა თბილისის “დინამოს” უპირატესობით.

მესამე პერიოდში ისევ იყო იმედი იმისა, რომ ქუთათურები შეძლებდნენ თამაშის გადარჩენას, მაგრამ როგორც თამაშმა გვაჩვენა სტუმრები ამის გაკეთების საშუალებას რიონისპირელებს არ მიცემდნენ. უფრო მეტიც, დროის ეს მონაკვეთი დინამოელებმა 14 ქულანი უპირატესობით მოიგეს და გადამწყვეტი პერიოდის წინ ტაბლოზე ანგარიში 37:69 იყო თბილისელებს სასარგებლოდ. ბუნებრივია, ეს “დინამოს” გამარჯვების მაუწყებელი გახლდათ. მეოთხე პერიოდის დასკვნით ნაწილში გუნდების მწვრთნელებმა თავის გამოჩენის საშუალება სარეზერვო კალათბურთელებს მისცეს. საფინალო სასტვენს დინამოელთა საზეიმო განწყობის გამოხატულება მოჰყვა. თავის მხრივ გულშემატკივრებმა ოვაციები მოუწყვეს “ქუთაისის” კალათბურთელებს, რომლებმაც წლეულს მართლაც, რომ პატარა “სასწაული” მოახდინეს და სუპერლიგის ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს. ამასთან ერთად თასზე გამარჯვება კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ და კიდევ ის დაუვიწყარი მატჩები, რომელიც ქუთაისელმა კალათბურთელებმა აჩუქეს ქალაქს და ერთგულ ქომაგებს.

დასასრულს დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, რომელზეც კალათბურთის ფედერაციის მესვეურებმა ჯერ მეორე ადგილის მფლობელი გუნდი “ქუთაისი” და მისი წევრები დააჯილდოვეს, ხოლო შემდეგ საქართველოს ჩემპიონი თბილისის “დინამოს” კალათბურთელები.

აკაკი დვალიშვილი (“ქუთაისი”): “ვულოცავ “დინამოს” დამსახურებულ ჩემპიონობას. დღეს ბევრი ვეცადეთ, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოგვივიდა გუშინდელი შედეგის განმეორება. მადლობა ქომაგებს ასეთი მხარდაჭერისათვის”.

ლაშა გამყრელიძე (“დინამო”): “უზომოდ გახარებულები ვართ. ვიცოდით, რომ “ქუთაისი” ძლიერი მეტოქე იქნებოდა, ამიტომაც მთელი მატჩის განმავლობაში მოდუნების საშუალება არ გვქონდა. საბედნიეროდ, არჩეულმა ტაქტიკამ გაამართლა, რამაც ჩემპიონობა მოგვიტანა”.

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.182652