მოსკოვის “დინამოს” ფუტსალისტთა ერთ-ერთმა ლიდერმა სირილომ, კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში განაცხადა, რომ უეფას ფუტსალის თასის 1/2-ფინალში თბილისის “იბერია სტართან” შეხვედრით კმაყოფილია.
სირილო: “რა თქმა უნდა, კარგია, რომ მაშინვე “ბარსელონა” არ შეგვხდა. თუმცა, ეს პრესტიჟული ტურნირის ნახევარფინალია და ამ სტადიამდე სუსტი გუნდები ვერ აღწევენ. მითუმეტეს, “იბერია სტარი” სახლში თამაშობს, რაც მის გამოსვლაზე დადებითად აისახება, ხოლო ჩვენ ორმაგად გაგვიჭირდება”.
- ე.ი. კენჭისყრის შედეგით კმაყოფილი ხართ?
- ჯერჯერობით “ბარსელონა” მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ნახევარფინალში ჩვენთან შეხვედრა არც კატალონიელებს უნდოდათ.
- “ქაირათს” “ბარსელონასთან” მატჩში რაიმე შანსი აქვს?
- “ოთხთა ფინალამდე” “ქაირათი” რამდენიმე კარგი ბრაზილიელით გაძლიერდა. ასე რომ შანსებს 50/50-ზე ვაფასებ, ისევე როგორც “იბერია სტარისა” და “დინამოს” მატჩში.
“დინამოს” მეკარის ალექსეი პოპოვის აზრით, საშინაო კედლები “იბერის სტარის” კოზირი გახდება:
“თითოეულმა გუნდმა, რომელმაც “ოთხთა ფინალს” მიაღწია, რთული გზა გაიარა და ჯერ კიდევ ელიტრაუნდში ძლიერი მეტოქეები გამოთიშა. იგივე, “იბერია სტარმა” კარგი პორტუგალიური გუნდი “ბენფიკა” დაამარცხა. ეს ქართველი ფუტსალისტების დონეზე მეტყველებს. ვფიქრობ, რომ საშინაო კედლები “იბერია სტარის” კოზირია, მაგრამ ეს არ გვაფრთხობს”.
“დინამოს” კაპიტანი ალექსანდ რახიმოვი დარწმუნებულია, 1/2-ფინალში რთული მატჩი ელის, მაგრამ ფინალში გასვლასა და თასის აღებას გეგმავს.
ალექსანდრ რახიმოვი: “კენჭისყრის შედეგები არ შეიძლება იყოს სასიამოვნო ან უსიამოვნო. “ოთხთა ფინალში” სუსტი მეტოქეები არ არსებობს. უნდა გავიდეთ და სრული თავდადებით ვითამაშოთ. “იბერია სტარს” მრისხანე “ბენფიკა” შემთხვევით არ გაუვლია. შესაბამისად, ამ გუნდის ფუტსალისტების დონე ძალიან მაღალია. დარწმუნებული ვარ, რომ რთული მატჩი იქნება, მაგრამ ფინალში გასვლასა და უეფას თასის მოგებას შევეცდებით”.
- “იბერია სტარს” საშინაო კედლები დაეხმარება?
- რა თქმა უნდა! “იბერია სტარს” ე.წ. მე-6 მოთამაშე ეყოლება. სახლში კედლები ყოველთვის გეხმარება. დარწმუნებული ვარ, რომ გულშემატკივრები საკუთარ გუნდს შეტევისკენ მოუწოდებენ და მეტოქისთვის თამაში სასიამოვნო იქნება. თავისი გულშემატკივრების წინაშე, “იბერია სტარი” ორმაგად მოტივირებული იქნება.
ლაშა კუპრაშვილი ფოტო