ფეხბურთი

20:32 | 20.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო” – ისე, როგორც ჩემპიონს შეეფერება

 

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-9 ტურში, გათამაშების ლიდერმა თბილისის “დინამომ” საჩხერის “ჩიხურას” უმასპინძლა. პირველ-მესამე ადგილოსანთა დაპირისპირებას სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. დუშან უჰრინის გუნდმა ღირსეული მატჩი ჩაატარა და დიდი ანგარიშითაც იმარჯვა.

“ჩიხურამ” მატჩი უყურადღებოდ დაიწყო და პირველსავე წამებზე დაისაჯა – საჩხერელთა არადამაჯერებელი თამაშის შედეგად, თბილისელთა ლეგიონერი ჩისკო მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და ანგარიში გახსნა.

ამგვარად, “დინამომ” მატჩი ერთგვარი ფორით დაიწყო და როგორც მოსალოდნელი იყო, თამაშის ტემპიც ოდნავ დავარდა. “ჩიხურამ” ინიციატივა თავის თავზე აიღო და შეუტია კიდეც – ჯერ ყოფილი დინამოელი დავით ოდიკაძე დაემუქრა გიორგი ლორიას კარს, შემდეგ კი, გიორგი გაბედავამ დაჰკრა საჯარიმოს მისადგომებიდან, მაგრამ არცერთ მათგანს გაუმართლა.

ანგარიში მე-14 წუთზე გათანაბრდა – საჩხერლებმა მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩაჰკიდეს ბურთი, რომელსაც მიმართულება გივი გვარაცხელიამ შეუცვალა და ადგილი ლორიას კარში მიუჩინა. ავტოგოლის შემდეგ, “ჩიხურას” ხასიათი გამოუკეთდა თამაში შედარებით მაღალ ტემპში გადაიზარდა. რამდენიმე წუთში, “ჩიხურას” დაწინაურების კარგი შანსი მიეცა, მაგრამ გიორგი დათუნაიშვილის თავურის შემდეგ, ბურთი მასპინძელთა კარს მცირე მანძილით აცდა.

ვერ გაიტან, გაგიტანენ – მარჯვენა ფლანგიდან გაკეთებულ გამჭოლ გადაცემას ჩისკო გამოეხმაურა და თბილისელთა ორგანიზებული შეტევა გოლით დააგვირგვინა. საჩხერელთა ნახევარმცველი ოდიკაძე ჯიუტად ცდილობდა, შორი მანძილიდან აეღო მასპინძელთა კარი, მაგრამ ლორია დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

მე-2 ტაიმის დებიუტში, ჩისკომ და გაბედავამ მეტ-ნაკლებად სახიფათო დარტყმები გაცვალეს, მაგრამ ტაბლოზე ასახული ანგარიში არ შეცვლილა.

55-ე წუთზე, თბილისელებმა ანგარიშში სხვაობა გაზარდეს – დორინ გოგამ ჯაბა დვალს უპასა, დინამოელთა მე-9 ნომერმა კი, საჯარიმოში ოსტატურად ითამაშა და მორიგი გოლი მიითვალა.

ორიოდ წუთში, მასპინძელთა სწრაფი კონტრშეტევა სტუმრებმა თამაშის წესების დარღვევით შეაჩერეს, რაც მათთვის საბედისწერო აღმოჩნდა. საჯარიმო დარტყმის შესრულება ჩისკომ ითავა და ჰეთ-თრიქი გაიფორმა – 4:1.

“ჩიხურა” საბოლოოდ გატყდა და მორიგი გოლიც მალევე გაუშვა – ჯაბა დვალის დარტყმული მცველებმა საჯარიმოს ხაზიდან გამოიტანეს, მაგრამ დამატებაზე ირაკლი ძარიამ ივარგა და საჩხერლები კიდევ ერთხელ დაამწუხრა.

79-ე წუთზე, მოედანზე ახლადშესულმა ელგუჯა გრიგალაშვილმა სტუმართა დაცვის ხაზი გაარღვია და დაუცველი კარის წინ მდგარ ჯაბა დვალს უპასა, “ზესტატონის” ყოფილ ფორვარდს კი, გატანა არ გასჭირვებია – 6:1. დვალმა დუბლი შეასრულა და მწვანე მინდორზე ადგილი პატრიკ ვუოს დაუთმო.

მე-80 წუთზე, “ჩიხურას” შუახაზელმა გიგა ბეჭვაიამ სცადა შორი დისტანციიდან ლორიას კარის აღება, მაგრამ კარს ოდნავ ააცილა. ორიოდ წუთში, ბესიკ დეკანოიძემ დაჰკრა საჯარიმოს მისადგომებიდან, მაგრამ თბილისელთა მეკარემ კვლავ დამაჯერებლად ითამაშა.

84-ე წუთზე, სტუმრებმა ბადრი დემეტრაშვილი დატოვეს ხელსაყრელ პოზიციაში, მაგრამ ლორიას კარგმა ნახტომმა, საჩხერელთა შემტევს თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა.

ასე იყო თუ ისე, ფაქტია, რომ “ჩიხურამ” თბილისში სამარცხვინო მარცხი იწვნია და შინ უქულოდ დაბრუნდა, “დინამომ” კი, სატურნირო ცხრილში ლიდერობა გაიმყარა.

დუშან უჰრინი: “თამაშის პირველ ნახევარში, იოლი გოლი გავიტანეთ და ფსქოლოგიურად მოვეშვით. ამის გამო, პირველი ტაიმი არასათანადოდ ჩავატარეთ და გოლიც გავუშვით. მე-2 ტაიმის დაწყებამდე, გასახდელში ვესაუბრე ჩემს ფეხბურთელებს და მეტი აქტიურობისკენ მოვუწოდე. “ჩიხურა” იოლი მეტოქე არ ყოფილა - პირველ ტაიმში პრობლემები შეგვიქმნა. ლორიასა და ძარიას გამოვარჩევ”.

სოსო ფრუიძე: “ვულოცავ კოლეგას გამარჯვებას. ვერც წარმოვიდგენდი, რომ პირველი ნახევრის შემდეგ, ასე ვითამაშებდით მეორე ტაიმში. ალბათ, სხვა გზებია მოსაძებნი. ფაქტია, რომ გაძლიერება გვჭირდება. ექვსეულში მოხვედრა გვინდა. ამის შესაბამისად ვიზრუნებთ გაძლიერებაზე. მე-2 ტაიმში, მოედანზე მხოლოდ “დინამო” იყო”.

 

“დინამო” (თბილისი) – “ჩიხურა” (საჩხერე) 6:1 (2:1)

20 ოქტომბერი. თბილისი. “დინამო არენა”.

დინამო: ლორია, უსტარიცი, კვარაცხელია, სეთურიძე, ხმალაძე, დვალი (ვუო 75), მერებაშვილი (გლიშიჩი 80), კვირკველია, გოგა (ე.გრიგალაშვილი 72), ჩისკო, ძარია.

მწვრთნელი: დუშან უჰრინი

ჩიხურა: თევდორაძე, ჭელიძე, გაბედავა (ქიმაძე 64), კვასხვაძე (დემეტრაშვილი 63), ტატანაშვილი, ლომაშვილი, დათუნაიშვილი (ნადირაძე 71), ბეჭვაია, კასია, ოდიკაძე, დეკანოიძე.

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გოლები: 1:0 ჩისკო (1), 1:1 კვარაცხელია (14ს.კ), 2:1 ჩისკო (34), 3:1 დვალი (56), 4:1 ჩისკო (60), 5:1 ძარია (61), 6:1 დვალი (76).

გაფრთხილებები: ოდიკაძე (53), სეთურიძე (58), ჭელიძე (88)

მსაჯი: თორნიკე გვანცელაძე

 

მეტალურგი (რუსთავი) – მერანი (მარტვილი) 6:1 (4:1)

გოლები: 1:0 ლევან კაკუბავა (4), 2:0 რევაზ გეწაძე (9), 3:0 გოგი ფიფია (15), 3:1 შოთა ბაბუნაშვილი (25), 4:1 ლუკა რაზმაძე (28), 5:1 დავით კირკიტაძე (89), 6:1 დავით საჯაია (90)

გაძევება: მიხეილ მახვილაძე (16, “მეტალურგი”); კიჭი მელიავა (38, “მერანი”)

 

დილა (გორი) – ზუგდიდი 1:1 (1:0)

გოლი: 1:0 ირაკლი მოდებაძე (33), 1:1 ზვიად სიხარულია (77)

გაძევება: რომეო კანკია (65, “ზუგდიდი”) 

 

სპარტაკი (ცხინვალი) – გურია (ლანჩხუთი) 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ვილი ისიანი (61) 

 

ტორპედო (ქუთაისი) – სიონი (ბოლნისი)  1:1 (1:1)

გოლები: 0:1 ირაკლი სამხარაძე (25), 1:1 ნიკა საბანაძე (40)

 

ზესტაფონი – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 1:1 (1:1) 

გოლები: 1:0 საბა ლომია (16), 1:1 ლაშა კასრაძე (38) 

 

1    დინამო (თბილისი)                                          9          7           1           1           25:8         22    
2 ტორპედო          9 5 4 0 14:5 19
3 ჩიხურა              9 5 1 3 19:17 
16
4 გურია          9 5 0 4 9:9 15
5 მეტალურგი     9 4 2 3 15:15 14
6 ვიტ ჯორჯია            9 3 3 3 14:12 12
7 დილა              9 3 3 3 11:11 12
8 მერანი                   9 4 0 5 12:20 12
9 ზესტაფონი         9 3 2 4 10:8 11
10 სიონი   9 2 3 4 11:14 9
11 ზუგდიდი         9 1 3 5 4:14 6
12 სპარტაკი   9 1 0 8 4:14  3

 

მეგოლეები:

7 – დიმიტრი ტატანაშვილი (2 პენ, “ჩიხურა”)

6 – დორინ გოგა (“დინამო”), ირაკლი მოდებაძე (1, “დილა”)

4 – ჩისკო, ჯაბა დვალი (ორივე -“დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ირაკლი ქობალია (“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (ორივე – “ვიტ ჯორჯია”)

3 – ლადო ახალაია (“სიონი”), გრიგოლ დოლიძე (“დილა”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (ორივე - “მეტალურგი”), ვილი ისიანი (“გურია”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა


0.849387