ფეხბურთი

23:39 | 17.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო" ერთპიროვნულად გალიდერდა

"დინამო არენაზე" საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის ბოლო მატჩი, თბილისის "დინამოს" და ბოლნისის "სიონს" შორის გაიმართა. გულშემატკივრების სიმრავლე ტრიბუნებზე კვლავ არ შეინიშნებოდა, რაც ეროვნულ ჩემპიონატში, ჩვენდა საწყენად, ტრადიციად იქცა.

მატჩის პირველი ტაიმი საკმაოდ აქტიური გამოდგა. გაახალგაზრდავებული "დინამო" უპირატესობას ფლობდა. მე-5 წუთზე, გიორგი ჯანელიძე მარცხენა ფლანგიდან თავის ვიზავის გასცდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში სიზუსტემ უმტყუვნა.

აქვე, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ დინამოელები საკმაოდ ბევრს აქტიურობდნენ. გიორგი ჯანელიძე, გიორგი პაპუნაშვილი, ლაშა პარუნაშვილი და დათო საჯაია ბევრს მოძრაობდნენ, თუმცა გამოუცდელობა ეტყობოდათ და გადამწყვეტ მომენტებში უფრო მეტი აგრესიულობა მართებდათ.

საწყის წუთებში "სიონიც" აქტიურობდა. საქართველოში დაბრუნებულ დავით სირაძეს, მე-11 წუთზე გოგობერიშვილმა მარცხენა ფლანგიდან კარგი გადაცემა გაუკეთა, თუმცა სირაძემ ახლო კუთხიდან ბურთი სათანადოდ ვერ დაამუშავა.

მე-17 წუთზე, "დინამომ" თორნიკე აფციაურზე ხელოვნური თამაშგარე ვერ შექმნა, ამ უკანასკნელმაც მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა, მაგრამ ბურთზე არცერთი ბოლნისელი წავიდა.

38-ე წუთზე, მარცხენა ფლანგიდან ჯანელიძის ჩაწოდებული ბურთი, საჯაიამ ფეხით კარისკენ გადაგზავნა, თუმცა ბოლნისელთა გოლკიპერმა ზურაბ ბათიაშვილმა ბურთი ადგილზევე გააქვავა.

ტაიმის მიწურულს, ჯერ პაპუნაშვილმა და შემდეგ ჯანელიძემ, ხელსაყრელი სიტუაციიდან გოლის გატანა ვერ შეძლეს და ტაიმიც 0:0 დამთავრდა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ახალგაზრდა დინამოელებს შეტევების დასკვნით ფაზაში აგრესიულობა მართებდათ. საბოლოოდ, გუნდის კაპიტანმა ჩისკომ კლუბს ულიდერა,  59-ე წუთზე, დაახლოებით 22 მეტრიდან შესანიშნავი დარტყმა განახორციელა და როგორც შემდგომში აღმოჩნდა, მატჩის ერთადერთი გოლის ავტორი გახდა.

გაშვებული გოლის შემდეგ, "სიონი" უნდა გამოფხიზლებულიყო, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა. "დინამო" მატჩს აკონტროლებდა. რიგ მომენტებში "სიონიც" მწვავედ უტევდა. 83-ე წუთზე, მსაჯმა ერთობ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. ბოლნისელთა საჯარიმოში ჩაწოდებილი ბურთი, ლაშა თოთაძეს ხელზე მოხვდა. ერთი შეხედვით, პენალტი უნდა დანიშნულიყო, მაგრამ არც სათადარიგო და არც მთავარმა მსაჯმა ჯარიმა არ დააფიქსირეს. მართალია, ბოლნისელები აპელირებდნენ, თუმცა გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, ორივე გუნდის მწვრთნელებმა კომენტარი გააკეთეს. Bუნებრივია, ბოლნისელთა თავკაცმა მსაჯის მიმართ კრიტიკა არ დაიშურა.

ლადო ბურდული: "მინდა, "დინამოს" გამარჯვება მივულოცო. ამ გუნდს ყოველთვის ვგულშემატკივრობ, რადგან მეც აქ ვთამაშობდი და ყოველთვის წარმატებას ვუსურვებ. არ შემიძლია მსაჯის მიმართ კრიტიკული არ ვიყო. მატჩის ბოლოსკენ პენალტი უნდა დანიშნულიყო, თუმცა არცერთმა მსაჯმა რეაგირება არ მოახდინა. არადა, სწორი გადაწყვეტილება რეალურ სურათს ცვლიდა. ოდესმე უნდა მორჩეს მსაჯის თემა და მათ სწორი გადაწყვეტილების მიღება, გადამწყვეტ მომენტებში აუცილებლად მართებთ."

კახი გოგიჩაიშვილი: "დიდი მადლობა ჩემს ფეხბურთელებს. უმეტესობა ახალგაზრდაა და ასეთ გამოცდილ და ძლიერ გუნდს ტოლი არ დაუდეს. პირველ ტაიმში უპირატესობას ვფლობდით. შესვენებაზე ტაქტიკა შევცვალე და გაამართლა კიდეც."

ამრიგად, დასრულდა ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტური და "დინამო" ცხრილის სათავეში 6 ქულით ერთპიროვნულად გალიდერდა. "სიონი" კი, "ჩიხურასთან" პირველ ტურში მოგებული მატჩით, მე-10 ადგილზე იმყოფება და ხასიათის გამოსწორებას მესამე ტურში, 24 აგვისტოს, "სამტრედიასთან" შეეცდება.

17 აგვისტო. თბილისი. "დინამო არენა"

თბილისის "დინამო _ ბოლნისის "სიონი" 1:0 (0:0)

დინამო: მიგინეიშვილი, თოთაძე, პაპავა, გველესიანი, საჯაია, ძარია, ცინცაძე (ლობჟანიძე 56), პარუნაშვილი, პაპუნაშვილი (მჭედლიშვილი 70), ჯანელიძე, ჩისკო (ჩირგაძე 71).

სიონი: ბათიაშვილი, ხიზანეიშვილი, კვარაცხელია, იმედაშვილი (უგრეხელიძე 85), კანდელაკი, გოგობერიშვილი, ცხადაია (გურეშიძე 58), აფციაური, ადამია (ჭიკაიძე 70), ისიანი, სირაძე.

მსაჯი: ბაკურ ნინუა

გოლები: 1:0 ჩისკო (59)

გაფრთხილება: ადამია (20), ცინცაძე (40), ძარია (72)

გიორგი ბალახაძე

0.166842