ფეხბურთი

16:24 | 6.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო” – ახალი მწვრთნელით და ევროპული მიზნებით

თბილისის “დინამოს” საპრესკონფერენციო დარბაზში, კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ჟურნალისტებს ახალი მთავარი მწვრთნელი მიხალ ბილეკი წარუდგინა. ფიფიას განცხადებით, 49 წლის ჩეხმა თბილისელებთან კონტრაქტი 1+1 სქემით გააფორმა. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ “დინამოს” სპორტული მენეჯერი ირაკლი ვაშაკიძე და გენერალური დირექტორის პოსტზე ახლადდანიშნული ლევან ზუხბაია.

რომან ფიფია: “მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი მიხალ ბილეკი. ის საკმაოდ ცნობილი ადამიანია ევროპაში. სხვა თუ არაფერი, ბოლო 4 წელი ჩეხეთის ეროვნული ნაკრების თავკაცი იყო. გარდა ამისა, ნამუშევარი აქვს კარგ კლუბებში და გარკვეული მიზნებისთვისაც მიუღწევია. რამდენიმე მწვრთნელთან გვქონდა მოლაპარაკებები და საბოლოოდ, ბილეკზე შევჩერდით. დრო გვანახებს, სწორად მოვიქეცით თუ არა. ვფიქრობთ, ჩვენი გადაწყვეტილება გაამართლებს. უახლოეს პერიოდში დავინახავთ “დინამოს” წინსვლას. ეს ნაბიჯი იმიტომაც გადავდგით, რომ ბილეკს გუნდის კარგად მობილიზება შეუძლია. 6 თვის წინ მას ვერ დავნიშნავდით, რადგან თავისუფალი არ იყო. ჩვენი გუნდის კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ლევან ხუზბაია “დინამოს” გენერალური დირექტორი გახდა. მას ყველა კარგად იცნობს, რადგან უკვე დიდი ხანია აქ მუშაობს”.

- რატომ გაფორმდა მხოლოდ ერთწლიანი კონტაქტი? რატომ იცვლის “დინამო” ასე ხშირად მწვრთნელებს? რატომ გაათავისუფლეთ გენერალური დირექტორი? ტრანსფერებზე რას იტყვით?

- ერთი წელიწადი ალბათ მწვრთნელს მეტ მოტივაციას აძლევს. საუბარია 1+1 კონტრაქტზე. “დინამო” ის გუნდი არაა, სადაც ყველაზე მაღალი დონის მწვრთნელიც კი ადვილად იმუშავებს. უნდა ვნახოთ, გვექნება თუ არა პროგრესი. ერთს კი არა, სამ წელსაც გავაგრძელებთ. დიდი გზა გვაქვს გასავლელი იქამდე, რომ ყოველწლიურად გავდიოდეთ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. რაც შეეხება ტრანსფერებს, ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ. რაც შეეხება ყოფილ გენერალურ დირექტორ მამუკა მახათაძეს, ისიც დროებით იყო მოსული. მას თავისი პროფესიული კარიერა აქვს და ამ მიმართულებით იმუშავებს.

- რომელმა ფეხბურთელებმა დატოვეს თბილისის “დინამო”?

ირაკლი ვაშაკიძე: “გუნდი დატოვეს დორინ გოგამ, იანსემ, გლიშიჩმა, რეხვიაშვილმა, ტვილდიანმა. ოთარ მარცვალაძეს აქვს მოქმედი კონტრაქტი და გუნდში რჩება. სავარაუდოდ, ჯაბა დვალი “ზესტაფონში” დაბრუნდება. სანდრო კობახიძის დამატება გვინდოდა, მაგრამ არ გამოგვივიდა. მას სხვა მიზნები აქვს და მოლაპარაკებაც შეწყდა. რაც შეეხება ამისულაშვილს, ვერც მას დავიმატებთ. ამ ორი ფეხბურთელის დამატება არ ხერხდება.

მიხალ ბილეკი: “დინამოში ყოფნით გახარებული ვარ. ძნელი იქნება, მაგრამ გვინდა “დინამო” ევროტურნირზე გავიყვანოთ. გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგაში წარმატებას მივაღწიოთ და რაც შეიძლება შორს წავიდეთ.

-ევროსეზონამდე თვეა და რამდენად მოახერხებთ გუნდის მომზადებას, ან ტრანსფერების გაკეთებას?

- გუნდი ძალიან კარგი და ძლიერია. მართალია დრო ცოტაა, მაგრამ გუნდს კარგი საფუძველი აქვს ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად.

- სავარაუდო მეტოქეთა შორის “სპარტაცაა”, რომელსაც თავად წვრთნიდით. რამდენად ისურვებდით მასთან შეხვედრას, ან თუა ისეთი კლუბი, რომელთან შეხვედრასაც თავს აარიდებდით?

- “სპარტა” ძალიან ძლიერია. “დინამოს” მსაგვად, მასაც დუბლის გაკეთება უნდა და მირჩევნია, საკვალიფიკაციო ეტაპზე სხვა კლუბს შევხვდეთ.

- დუშან უჰრინისგან რა რჩევა-დარიგებები მიიღეთ?

- წამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე ვისაუბრეთ და კონტაქტს ისევ ვინარჩუნებთ. ერთმანეთს კარგად ვიცნობთ და მომავალშიც გვექნება საუბრები.

- დინამოელებზე თუ გაქვთ ინფორმაცია და რომელიმეს ხომ არ გამოარჩევდით?

- როდესაც მუშაობას დავიწყებთ, ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება და შემდეგ გამოვარჩევთ ფეხბურთელებს.

- რამდენად იქნება “დინამო” თავდასხმაზე ორიენტირებული? დაახლოებით რომელი ტაქტიკის არჩევას გეგმავთ?

- წარმატებული თამაში ისაა, როცა გულშემატკივარი მოედნიდან გახარებული მიდის. ვეცდებით, ბევრი გოლი გავიტანოთ.

- მსოფლიოს ჩემპიონატზე ფავორიტებად ვინ მიგაჩნიათ?

- ამ ეტაპზე, მე უფრო “დინამოზე” ვარ ორიენტირებული, მაგრამ ვფიქრობ, ბრაზილიის ნაკრები მოიგებს.

- რა იქნება გუნდის პროგრამა მინიმუმი და მაქსიმუმი?

- მაქსიმუმი უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპია, მინიმუმი - ევროპის ლიგა.

 

ლევან ზუხბაია: “დიდი მადლობა ხელმძღვანელობას ნდობისთვის. მინდა, ჩემს წინამორბედს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადავუხადო. ვცდილობთ კლუბი განვითარების მაღალ საფეხურზე გადავიყვანოთ. “დინამო” მიმზიდველი უნდა იყოს კლუბის გულშემატკივრებისთვისაც და სპონსორებისთვისაც. გვაქვს გარკვეული პროექტები, რომელბზეც ვმუშაობთ. ფან-შოპს რაც შეეხება, გარწმუნებთ, უახლოეს მომავალში აუცილებლად გაიხსნება და შეგეძლებათ გახდეთ კლუბის წევრი სრული ატრიბუტიკით”.

რომან ფიფია: “აკადემიის ცენტრში ძალიან მალე გაიხსნება ფან-შოპი და იქნება ძალიან კარგი. ჯერჯერობით, მხოლოდ ამ ადგილას გვექნება მაღაზია. საკმაოდ მაღალკვალიფიციური მარკეტოლოგები უნდა დავიქირავოთ და ბევრ სიახლეს გპირდებით.”

- ზაფხულში რა შეკრებები იგეგმება?

ლევან ზუხბაია: “სტამბულში შეკრება და შემდეგ ჰოლანდიაში სპარინგები. მწვრთნელის გადასაწყვეტია, რომელ გუნდთან ისურვებს ამხანაგურ მატჩებს. შემოთავაზებები საკმარისად გვაქვს”.

0.171129