ჭადრაკი

1:44 | 17.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

დილიჟანში გრან-პრის მეორე ეტაპი დაიწყო

სომხეთის ქალაქ დილიჟანში სტარტი აიღო 2013-14 წლების საჭადრაკო გრან-პრის გათამაშების სერიის მე-2 ტურნირმა ქალ მოჭადრაკეთა შორის, რომელშიც ქართველები – ნანა ძაგნიძე (2550) და ბელა ხოტენაშვილიც (2531) ჩაებნენ.

შეგახსენებთ, რომ ნანამ და ბელამ შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გამართულ პირველ ტურნირზე ჩინებულად იასპარეზეს. ხოტენაშვილმა პირველი ადგილის დაკავება მოახერხა და აქტივს 160 ქულა შემატა, ძაგნიძემ კი რუს ტატიანა კოსინცევასთან (2526) ერთად, მესამე-მეოთხე პოზიციები გაიყო და 100 ქულას გამორჩა.

ხოტენაშვილისთვის დილიჟანის ტურნირის პირველი ტური წარუმატებელი გამოდგა. ქართველი მოჭადრაკე შავი ფიგურებით ხსენებულ კოსინცევას დაუპირისპირდა და მარცხი განიცადა. სამაგიეროდ, გამარჯვება იზეიმა ძაგნიძემ. ნანამ ასევე შავებით მონღოლი ტუვშინტუგს ბატჩიმეგი (2316) დაამარცხა.

მე-2 ტურში ხოტენაშვილი ისევ შავი ფიგურებით ითამაშებს და მისი მეტოქე ლიტველი ვიკტორია ჩმილიტე (2511) იქნება, ხოლო ძაგნიძე თეთრებით ინდოელ დრონავალი ჰარიკას (2491) დაუპირისპირდება. აქვე ვთქვათ, რომ საწყის რაუნდში დანარჩენი 4 პარტია ყაიმით დასრულდა: გირია (რუსეთი, 2436) ჩმილიტეს დაუზავდა, ჰარიკა – კონერუს (ინდოეთი, 2597), დანიელიანი (სომხეთი, 2475) – სტეფანოვას (ბულგარეთი, 2531), ხოლო უშენინა (რუსეთი, 2499) – მუზიჩუკს (სლოვენია, 2593).

შეგახსენებთ, რომ თითოეულმა მოჭადრაკემ საჭადრაკო გრან-პრის ოთხ-ოთხ ტურნირში უნდა მიიღოს მონაწილეობა, საერთო ჩათვლაში კი, მათ მიერ ნაჩვენები სამი საუკეთესო შედეგი შევა. ცნობისთვის, ერთ-ერთ, კონკრეტულად კი V ეტაპს თბილისიც უმასპინძლებს. მომავალი ტურნირი 2014 წელს, 18 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

გრან პრი სულ ექვსი ეტაპისგან შედგება. თითოეული ეტაპისთვის 60 000 ევროა გამოყოფილი, რომელიც შემდეგი თანმიმდევრობით განაწილდება: I ადგილი – 10 000 ევრო (+160 ქულა), II – 8 250 (+130), III – 6 750 (+120), IV – 5 750 (+90), V – 5 000 (+80), VI – 4 500 (+70), VII – 4 250 (+60), VIII – 4 000 (+50), IX – 3 250 (+40), X – 3 000 (+30), XI – 2 750 (+20), XII – 2 500 (+10).

გრან პრის გამარჯვებული 2015 წელს, პლანეტის საუკეთესო მოჭადრაკის ტიტულისთვის ბრძოლაში მოქმედ ჩემპიონს შეხვდება. ამჟამად, ჩემპიონი რუსი ანა უშენინა (2499) გახლავთ, რომელმაც ტიტული შარშან, ნოკაუტსისტემით მოიგო. წლეულს უშენინა წოდების შესანარჩუნებლად, 2011-12 წლების გრან პრის გამარჯვებულს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ჰოუ იფანს (ჩინეთი) გაეჯიბრება.

0.12684