ფეხბურთი

10:55 | 16.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დილასგან” დაჩაგრულმა ”ოლბორგმა” დანიაში დუბლი შეასრულა

შარშან ზაფხულს გიორგი დევდარიანის გაწვრთნილმა გორის “დილამ” ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე პირწმინდად დაჩაგრა დანიური “ოლბორგი”: შინ 3:0 მოიგო, გასვლაზე კი 0:0 დაასრულა. გავიდა 10 თვე და “ოლბორგი” დანიის ჩემპიონიც გახდა და თასის მფლობელიც... მწვრთნელიც ისევ კენტ ნილსენია და შემადგენლობაც არ შეცვლილა.

გუშინ, თასის ფინალში “ოლბორგმა” 4:2 სძლია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე არაერთხელ ნათამაშებ “კოპენჰაგენს”. ჩემპიონატში კი, ოლბორგელები 4 ქულით უსწრებენ “მიდტიულანდს” და ერთი ტურია დარჩენილი – წინა კვირას გაინაღდეს პირველი ადგილი.

ასეთი ცვალებადია ფეხბურთი. შარშან “ოლბორგის” შემხედვარე, ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ ეს გუნდი “კოპენჰაგენს” აჯობებდა და მითუმეტეს, დუბლს მიითვლიდა, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ დევდარიანის “დილა” დალაგებულ, გამართულ ფეხბურთს თამაშობდა.

აი, დევდარიანის სიტყვები “ოლბორგთან” 3:0 მოგების შემდეგ:

“დანიელთა ეს შემადგენლობა, ორი-სამი კაცის გამოკლებით, 5 წელია ერთადაა. საერთოდ, ევროპის ნებისმიერ ასე თუ ისე ნორმალურ კლუბში ბირთვს ინარჩუნებენ, სეზონის შემდეგ ერთ, ან ორ ფეხბურთელს უშვებენ და არანაკლები მოჰყავთ. ჩვენთან კი არ იცი, 6 თვის მერე რა მოხდება. გადავხედოთ ქართულ კლუბებს: თბილისის 'დინამოს" გარდა, არავინ იცის, 6 თვის თუ ერთი წლის შემდეგ როგორ იქნებიან. კიდევ, ქუთაისის "ტორპედომ" იცის, რასაც აკეთებს. სხვა? და როცა შემადგენლობა წამდაუწუმ იცვლება, როცა სეზონში სამი მწვრთნელი იცვლება და ფეხბურთელს ყველა სხვადასხვა დავალებებს აძლევს, ეს თავისთავად მოქმედებს ფიზიკურ მომზადებაზე. დღევანდელი 3:0 თავისთავად მოულოდნელობაა. ჩვენ ძალიან მცირე დრო გვქონდა მოსამზადებლად, "ოლბორგს" კი შეთამაშების პრობლემა არ აქვს”.

ვფიქრობთ, ამ სიტყვებში ყველაფერია ნათქვამი. დრო გავიდა, “ოლბორგი” წინ წავიდა, დღევანდელი “დილა” კი შარშანდელს ვერ შეედრება. წამდაუწუმ შემადგენლობის ცვლამ გუნდს სახე დაუკარგა. 

0.114834