ფეხბურთი

19:30 | 8.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

"დილას" უცაბედი გარდასახვა და ქვილითაიას ფაქტორი

ორი განსხვავებული ტაიმი ვნახეთ "თენგიზ ბურჯანაძეზე". პირველი 45 წუთის შემდეგ ბევრი ვერ იფიქრებდა, რომ "დილა" ასე ძლიერად ჩაატარებდა მეორე ნახევარს – რამაზ სოღოლაშვილის გუნდმა შესვენების შემდეგ ყველა ასპექტში აჯობა სტუმრებს და მანამდე გაშვებულ ერთ გოლს სამით უპასუხა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კი უდავოდ გიორგი ქვილითაია გახლდათ. "დილას" 20 წლის ფორვარდს, შეიძლება ითქვას, ყველაფერი გამოსდიოდა.

არადა, პირველი ტაიმი ზესტაფონელებისა იყო. მხოლოდ საწყის 3-4 წუთში შეუტია "დილამ" და აქედან მოყოლებული, თამაშს მთლიანად გია გეგუჩაძის გუნდი აკონტროლებდა. ბურთის ფლობაში კი უპირატესობა ისეთი შთამბეჭდავი იყო, რომ "დილას" ფეხბურთელები იშვიათად თუ აბამდნენ ორ პასს ერთმანეთზე.

და მაინც, პირველი რეალური საგოლე მომენტი სწორედ მასპინძლებს ჰქონდათ, როცა გიორგი გურულის ჩაწოდებას ირაკლი მოდებაძემ შეაგება თავური. მეკარე როინ კვასხვაძემ ფეხით მოიგერია ბურთი. ამ მომენტს თამაშის სურათი არ შეუცვლია, სტუმრები ისევ უკეთ თამაშობდნენ და 29-ე წუთზე ანგარიშიც გახსნეს: საჯარიმო დაინიშნა, ჩაწოდებული ბურთი თედო გრიგალაშვილმა თავით მეკარის ბაქანთან გადააგდო, იქ კი გიორგი კაჭკაჭიშვილმა იმარჯვა და ფეხით გადაგზავნა კარში. რევიშვილის ბრალი არაფერი იყო – 0:1. 

"დილამ" ტაიმის დარჩენილ 15 წუთშიც ვერ მოახერხა თამაშის გამწვავება, სამაგიეროდ, გიორგი ჭანკოტაძესა და საბა ლომიას ოდნავ უმტყუნათ მიზანმა.

გორელთა მწვრთნელმა სოღოლაშვილმა მარცხენაფლანგელი გურულის ნაცვლად, ფორვარდი ქვილითაია შემოიყვანა და ეს ოქროს შეცვლა გამოდგა. შესაბამისად, ორი ფორვარდით შეუტია "დილამ" და სტუმრებს იოლად შეეძლოთ დაესაჯათ: 54-ე წუთზე ვახტანგ ჭანტურიშვილმა კონტრშეტევაზე დაიჭირა მასპინძლები, ლამის მთელი მინდორი გაირბინა და 13-14 მეტრიდან კარში დაარტყა, ოღონდ ააცილა. ერთიცაა: მცველის გასწვრივ სანდრო გურული იდგა, უკეთეს პოზიციაში იყო და ჭანტურიშვილმა პასს დარტყმა არჩია.

არავინ იცის, რა მოხდებოდა, 0:2 რომ გამხდარიყო ანგარიში, მაგრამ ამის შემდეგ სულ სხვა თამაში ვიხილეთ. "დილამ" 5 წუთში ორჯერ გაიტანა: ქვილითაიამ საჯარიმოს მისადგომებთან ზურგით მდგომმა მიიღო ბურთი, უცებ შემოტრიალდა და ძლიერი დარტყმით შეაგდო; მეორე გოლი კი გრიგოლ დოლიძის ჩაწოდებასა და თემურ ღონღაძის თავურ დარტყმას მოჰყვა. საინტერესოა, რომ ღონღაძემ გოლის გატანა არ აღნიშნა – ყოფილი კლუბის საპატივსაცემოდ.

"დილამ" ენერგიის მოზღვავება იგრძნო და დაცვაში ჩადგომას ისევ შეტევები არჩია. ოთარ ხიზანეიშვილის საჯარიმო მეკარემ მოიგერია, თომაშვილს ოდნავ აუცდა თავური, ქვილითაია კი ცალკე პრობლემა გაუხდათ სტუმართა მცველებს – 20 წლის ფორვარდი თითქმის ყველა ბურთს იგებდა. ასე იყო 82-ე წუთზე, როცა ერთი მოძრაობით ორი მცველი მოიტოვა უკან და მოდებაძე თითქმის პირისპირ გაიყვანა, თუმცა ირაკლის დარტყმული უზუსტო გამოდგა. 

თავის მხრივ, "ზესტაფონიც" ცდილობდა გამწვავებას და ბოლო 20-25 წუთი საყურებლად კარგი იყო. ლომიამ ახლო მანძილიდან ააცილა, ლევან შარიქაძეს რევიშვილმა აუღო. და მაინც, "ზესტაფონი" ისეთი ძალებით ვერ უტევდა, შტურმის სახე რომ მისცემოდა. მარჯვნიდან დოლიძე არ ასვენებდა იმერელთა დაცვას, არაერთხელ შევიდა საჯარიმოში და ერთხელ მისი პასის შემდეგ, მოდებაძემ ახლო მანძილიდან ააცილა.

ბოლოს კი, "დილამ" კიდევ ერთი სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა, შეცვლაზე შესულმა ნიკა სადაღაშვილი და ქვილითაია ერთი მცველისა და მეკარის წინააღმდეგ დარჩნენ. სადაღაშვილმა პასი არჩია და ქვილითაიას ახლოდან გატანა არ გასჭირვებია – 3:1.

ბოლო ორი საშინაო მატჩია, "დილას" მეორე ნახევარში გააქვს 3 გოლი. ასე იყო "ტორპედოსთან" და ასე მოხდა დღესაც – ორივეჯერ, მთავარი მოქმედი პირი ქვილითაია გახლდათ.       

8.12. 14:00. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 1500 მაყურებელი

დილა (გორი)-'ზესტაფონი 3:1 (0:1)

დილა: რევიშვილი, ხიზანეიშვილი, კვახაძე, თომაშვილი, ღონღაძე, გიორგი გურული (ქვილითაია 46), ბოლქვაძე, ირაკლი მაისურაძე, დოლიძე, გორელიშვილი (სადაღაშვილი 72), მოდებაძე (გოგინაშვილი 89).

მწვრთნელი: რამაზ სოღოლაშვილი.

ზესტაფონი: კვასხვაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, თედო გრიგალაშვილი, კაჭკაჭიშვილი, გაგოშიძე, აჯურუ (ადამია 70), შარიქაძე, ჭანკოტაძე (სარდალიშვილი 60), ჭანტურიშვილი, სანდრო გურული (კუტალია 85), საბა ლომია.

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე.

გოლები: 0:1 კაჭკაჭიშვილი (29), 1:1 ქვილითაია (58), 2:1 ღონღაძე (62), 3:1 ქვილითაია (90+3).

გაფრთხილება: თედო გრიგალაშვილი (6), ბოლქვაძე (49), ხიზანეიშვილი (52), აჯურუ (65), ქვილითაია (65), ჭანტურიშვილი (83).

მსაჯი: ალექსანდრე კრიჭაშვილი

 

კვირას ითამაშებენ:

 

ჩიხურა (საჩხერე) – მერანი (მარტვილი)

9 დეკემბერი. ქუთაისი. ცენტრალური. 14:00

მსაჯები: თ. ხუჭუა, ზ. ფიფია, ზვ. ერქვანია, დ ხარიტონაშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში – 2:3

 

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – სიონი (ბოლნისი)

9 დეკემბერი. მცხეთა. “მცხეთა პარკი.” 14:00

დისკვალიფიცირებული: შოთა დავლაშელიძე (“ვიტ ჯორჯია”)

მსაჯები: ლ. სილაგავა, დ. ჩიგოგიძე, ა. კოკაია, ხ. გაგნიძე (სათადარიგო)

პირველ წრეში – 1:1

 

ზუგდიდი – დინამო (თბილისი)

9 დეკემბერი. განმუხური. ცენტრალური. 14:00

დისკვალიფიცირებულები: ნიკოლოზ აფაქიძე (“ზუგდიდი”); გიორგი მერებაშვილი (“დინამო”)

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ბ. ჭიჭინაძე, ლ. ვარამიშვილი, გ. კიკაჩეიშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში – 0:3

 

გურია (ლანჩხუთი) – ტორპედო (ქუთაისი)

9 დეკემბერი. ქობულეთი. “ჩელე არენა.” 14:00

დისკვალიფიცირებულები: ნიკა ფირცხალავა, ნიკა ჭანტურია (“ტორპედო”)

მსაჯები: ლ. კვარაცხელია, ზ. ბერულავა, გ. ჩიგოგიძე, მ. ბეუქლიშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში – 0:1

 

სპარტაკი (ცხინვალი) – მეტალურგი (რუსთავი)

9 დეკემბერი. თბილისი. “მიხეილ მესხი.” 14:00

დისკვალიფიცირებული: ლაშა ჩაფიძე (“სპარტაკი”)

მსაჯები: თ. გვანცელაძე, ზ. მენთეშაშვილი, გ. ელიკაშვილი, გ. ყრუაშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში – 0:1

 

1 დინამო (თბ)                  
15  11  3    1    37:12 36 
2 ჩიხურა      
15 9 3 3 32:21 30
3 დილა     
16 7 5 4 23:15 26
4 გურია      
15 8 0 7 17:21 24
5 მეტალურგი 
15 6 5 4 20:19 23
6 ზესტაფონი  
16 6 4 6 18:15 22
7 ტორპედო   
15 6 4 5 18:15 22
8 სიონი       
15 6 4 5 19:18 22
9 ვიტ ჯორჯია 
15 5 3 7 19:23 18
10 მერანი    
15 4 1 10 14:30 13
11 სპარტაკი   
15 3 1 11 11:24 10
12 ზუგდიდი    
15 1 5 9 5:20 8

 

 

მეგოლეები:

11 - დიმიტრი ტატანაშვილი (2, “ჩიხურა”)

9 - ირაკლი მოდებაძე (2 პენ, “დილა”)

8 – დორინ გოგა (“დინამო”)

7 - ჩისკო (“დინამო”)

6 - თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ვილი ისიანი (“გურია”)

5 - გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”), ჯაბა დვალი (“დინამო”)

4 – გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (“ზესტაფონი”), ელგუჯა ლობჯანიძე (“ვიტ ჯორჯია”) გრიგოლ დოლიძე (“დილა”), ჯამბულ ჯიღაური, ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), თენგიზ ჩიკვილაძე (2, “გურია”), ლადო ახალაია (“სიონი”) 

3 – ლაშა თოთაძე, გიორგი კახელიშვილი (“სიონი”), გიორგი გველესიანი, დავით კვირკველია (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი, ლაშა კუჭუხიძე (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (“მეტალურგი”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), ალექსანდრე კოშკაძე (“გურია”), გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

 

0.310692