ფეხბურთი

22:11 | 1.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" ხასიათი გამოიკეთა

სანაია ფიქრობს, რომ ხარიტონაშვილმა გადაამეტა    


 

ბევრს ეგონა, რომ გორის "დილა" ამ მატჩს კარგად ვერ ჩაატარებდა, საამისოდ კი არაერთი მიზეზი იყო: "რაპიდთან" თამაშის შემდეგ გორელებს სამი დღეც არ ჰქონიათ მოსამზადებლად, ამასთან, ავსტრიელებთან მარცხის შემდეგ ეროვნულ ჩემპიონატზე გადართვა რთული იქნებოდა და კიდევ, გუნდს არაერთი ფეხბურთელი დააკლდა – გიორგი ილურიძე და ლაშა გვალია "დილაში" აღარ ირიცხებიან, გულვერდ თომაშვილი და ოთარ ხიზანეიშვილი ტრავმებმა შეაწუხეს, ხოლო მიხეილ გორელიშვილს საბუთების პრობლემა ჰქონია მოსაგვარებელი. ამას დავამატოთ გიორგი დევდარიანის დისკვალიფიკაცია, რომელიც კიდევ ორ მატჩს გასტანს. და ამ ყველაფრის მიუხედავად, "დილამ" 3:0 სძლია რუსთავის "მეტალურგს", რომელიც წინა სეზონის შემდეგ, შემადგენლობის მხრივ მოძლიერებულია.

ბუნებრივია, "დილასთვის" დიდი შეღავათი გამოდგა ის, რომ მე-18 წუთზე მსაჯმა დავით ხარიტონაშვილმა რუსთაველთა მცველი გიორგი გავაშელიშვილი გააძევა. კარგი კომბინაციის შემდეგ, ირაკლი მაისურაძე საჯარიმოში შერბოდა, როცა გავაშელიშვილმა წააქცია. პენალტს სანტიმეტრები დააკლდა, თუმცა ხარიტონაშვილმა ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევა სტუმართა მცველი... იყო გასაძევებელი? საკამათოა, რადგან ფეხბურთელი მორბოდა დასაზღვევად. თუმცა, არც ერთი ვერსიის მტკიცება შეიძლება და არც – მეორის.

მალევე, ორ წუთში გარდასახა უპირატესობა "დილამ": დავით ბოლქვაძემ საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა, რიკოშეტი იყო და მეკარე ბედიაშვილმა აღება ვერ მოახერხა – 1:0.

"მეტალურგი" იძულებული იყო, შეტევაზე ეფიქრა და ერთ-ერთ კონტრშეტევაზე დაისაჯა: თემურ ღონღაძის პასის შემდეგ, ირაკლი მოდებაძემ საჯარიმოს გარეთ მოიპოვა ბურთი, გზად მიხეილ მახვილაძეს გასცდა და ახლო კუთხეში დაურტყა ბედიაშვილს – 2:0.

შესვენებამდე ერთი მომენტი "მეტალურგსაც" შეექმნა, როცა ნუკრი რევიშვილს ხელიდან გაუვარდა ბურთი და ლევან კაკუბავა ამატებდა. რევიშვილმა იყოჩაღა.

მეორე ნახევრის დასაწყისშივე ბედიაშვილმა მაისურაძეს არ გაატანინა, შემდეგ კი დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში საინტერესო არაფერი მომხდარა მინდორზე. "მეტალურგი" შეტევებზე გადასვლას ცდილობდა, თუმცა არ გამოსდიოდა, "დილამ" კი ტემპი დააგდო. და მაინც, 73-ე წუთზე 3:0 გახდა: კარგ კომბინაციას ისევ მაისურაძე ამთავრებდა, ბედიაშვილმა მოიგერია, დამატებაზე კი მოდებაძემ დაახლოებით 12-13 მეტრიდან გაიტანა.

მაისურაძე-მოდებაძე – ისინი ყველაზე მეტ პრობლემას უქმნიდნენ მეტოქეს. "დილას" ფორვარდს ორჯერ კიდევ შეეძლო გატანა, თუმცა ერთხელ მეკარემ აუღო, მეორედ კი კარგად დარტყმა ვერ მოახერხა. მოდებაძემ 88-ე წუთზე მაინც შეაგდო კახა ალადაშვილის პასის შემდეგ, მაგრამ თამაშგარე იყო.

ბოლოს, ერიკ გაბარაევსა და დავით კირკიტაძეს ჰქონდათ მომენტები. გაბარაევმა, რომელსაც “დილაში" დებიუტი ჰქონდა, ახლოდან კარს გადაცილა ბურთი, ხოლო კირკიტაძის ეფექტური დარტყმული რევიშვილმა მოიგერია.

მაისურაძე და მოდებაძე უკვე გამოვარჩიეთ: ისინი საუკეთესოები იყვნენ ამ შეხვედრაში. ასევე, მარჯვნიდან აქტიური იყო კახა ალადაშვილი და კარგი მატჩი ჩაატარა გიორგი აბურჯანიამაც, რომელმაც ლაშა გვალიას ადგილი დაიკავა. აბურჯანიამ ბოლო წუთებზე მცირე ტრავმა მიიღო და ამიტომაც შეცვალეს.

მატჩის შემდეგ:

გელა სანაია: “ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა. სამწუხაროდ, დასაწისშივე 10 კაცით დავრჩით და "დილასთან" კაცნაკლული თამაში რასაც ნიშნავს, იცით. რაც შეეხება გავაშელიშვილის გაძევების მომენტს, ვფიქრობ, სამსაჯო-საინსპექტორო კომიტეტში გაარჩევენ.

- შესვენებაზე ვიდეოზე ნახეთ ეს მომენტი?

- დიახ, ვნახე და ვფიქრობ, გასაძევებელი არ იყო გავაშელიშვილი.

გიორგი ტუღუში ("დილას" მთავარი მწვრთნელის თანაშემწე): “29 აგვისტოს მძიმე ბრძოლა გვქონდა "რაპიდთან" და მარცხის შემდეგ, ფსიქოლოგიურად გუნდის ჩემპიონატზე გადაწყობა ძნელი იყო. გიორგი დევდარიანის დამსახურებაა, რომ გუნდი საბრძოლოდ მოამზადა. თომაშვილი და ხიზანეიშვილი ტრავმის გამო არ გვყავდნენ, ილურიძე და გვალია წავიდნენ, ასე რომ, რთულ მდგომარეობაში ვიყავით, მაგრამ გუნდმა ყველაფერი გააკეთა მოსაგებად. ახალკაცი და ხორგუაშვილი კარგად ჩაერთვნენ თამაშში, გაბარაევს კი დებიუტი ჰქონდა და გოლის გატანაც შეეძლო.  

- გორელიშვილი რატომ არ იყო განაცხადში?

- საბუთებთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემები და 2-3 დღეში ივარჯიშებს.   

 

"დილა" (გორი) – "მეტალურგი" (რუსთავი) 3:0 (2:0)

 

1 სექტემბერი 17:00. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 3000 მაყურებელი

დილა: რევიშვილი, კობახიძე, კვახაძე, გიორგი გურული, ალადაშვილი, ღონღაძე, აბურჯანია (გაბარაევი 81), ბოლქვაძე (ახალკაცი 68), მაისურაძე, დოლიძე (პავლე ხორგუაშვილი 69), მოდებაძე.

მწვრთნელი: გიორგი ტუღუში.

მეტალურგი: ბედიაშვილი, ორბელაძე, გავაშელიშვილი, მახვილაძე, სუხიაშვილი, რაზმაძე (დობროვოლსკი 46), გურამ გურეშიძე, ქავთარაძე (კაკუბავა 20), კირკიტაძე, გეწაძე (ტუღუში 67), ბერიაშვილი.

მწვრთნელი: გელა სანაია.

გოლები: 1:0 ბოლქვაძე (20), 2:0, 3:0 მოდებაძე (33, 73).

გაფრთხილება: ბოლქვაძე (40), კვახაძე (47).

გაძევება: გავაშელიშვილი (18).

მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი.

 

დღევანდელი ტურის შედეგები

ჩიხურა (საჩხერე) – ზესტაფონი 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 გიორგი დათუნაიშვილი (7)

სპარტაკი (ცხინვალი) - ტორპედო (ქუთაისი) 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 გიორგი ხიდაშელი (76)

 

1.                                         4         3         0         1        8:4         9      
2. 4 2 1 1 6:2 7
3. 3 2 1 0 6:2 7
4. 3 2 1 0 5:3 7
5. 4 2 0 2 6:4 6
6. მერანი 4 2 0 2 4:5 6
7. მეტალურგი 4 1 2 1 4:6 5
8. დინამო თბილისი 2 1 1 0 3:2 4
9. ზუგდიდი 4 1 1 2 3:6 4
10. გურია 3 1 0 2 1:5 3
11. ზესტაფონი 4 0 1 3 3:6 1
12. სპარტაკი 3 0 0 3 1:5 0

 

მეგოლეები:

3 – გრიგოლ დოლიძე (“დილა”), დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”)

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

0.237694