გორის “დილამ” თურქულ შეკრებაზე ბოლო სპარინგ-მატჩი გამართა და თურქეთის პირველი ბინადარ “სანლიურფასპორს“ (გასული სეზონი მე-12 ადგილზე დაასრულა) 3:1 სძლია.
“დილას” პრეს-სამსახურის ცნობით, მატჩის პირველ ნახევარში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა და ორივე გუნდს შეეძლო ანგარიშის გახსნა, თუმცა პირველი ორმოცდახუთი წუთი უგოლოდ დასრულდა.
მეორე ტაიმი მთლიანად გორელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ 65-ე წუთზე “დილას“ მცველებმა შეცდომა დაუშვეს და “სანლიურფასპორი“ დაწინაურდა.
ქართულმა კლუბმა წონასწორობის აღდგენა ექვს წუთში შესძლო. ირაკლი მოდებაძემ დაახლოებით 18 მეტრიდან შორეულ ცხრიანში ულამაზესი გოლი გაიტანა – 1:1.
75-ე წუთზე დოლიძემ სოლო რეიდის შემდეგ, გადაცემა იმავე მოდებაძეს გაუკეთა, რომელმაც ოსტატურად გაატარა ბურთი და იქვე მყოფმა ლაშა გვალიამ ერთი შეხებით გორელები წინ გაიყვანა.
მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე დოლიძემ კიდევ ერთი გარღვევა განახორციელა და თურქების კარი უკვე თავად დალაშქრა – 3:1.
“დილამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: რევიშვილი, ალადაშვილი, კობახიძე, თომაშვილი, გურული, ღონღაძე (ხიზანეიშვილი, 46), ბოლქვაძე (აბურჯანია, 76), გვალია, ილურიძე, გორელიშვილი (დოლიძე, 67), მოდებაძე.