ქუთაისის "ტორპედო" 5 ტურის წინ ჩემპიონატს ლიდერობდა, თუმცა ზედიზედ 5 თამაში წააგო. წინა ოთხში თუ ქუთათურები ერთი ბურთით აგებდნენ, ამჯერად დიდი ანგარიშით მარცხი იგემეს – 0:3 გორში. გორელთა უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რომ მატჩის შემდეგ "ტორპედოს" ესპანელმა მწვრთნელმა ჟერარდ სარაგოსამაც თქვა, 10 თავით გვაჯობესო. ეს უპირატესობა საწყის 10 წუთში უკვე გამოკვეთილი იყო და ანგარიშში მოგვიანებით, მეორე ნახევარში აისახა.
პირველ ტაიმში ხშირი იყო ჯარიმები და თამაში ხშირად ჩერდებოდა. საწყის 7 წუთში სტუმრებს უკვე ორი ყვითელი ჰქონდათ მიღებული და ასე ახერხებდნენ "დილას" სწრაფი შეტევების შეჩერებას. დისკვალიფიცირებული გიორგი კუხიანიძის არყოფნაში, "ტორპედოს" ნახევარდაცვაში თამაშის დალაგება საერთოდ არ გამოსდიოდა. ცენტრი პირწმინდად დაკარგული ჰქონდათ.
მე-10 წუთზე გრიგოლ დოლიძემ შექმნა ხიფათი, როცა საჯარიმოს გარედან მოჭრილი დაარტყა – მეკარე მაქსიმე ქვილითაიამ კუთხურზე მოიგერია ბურთი. "დილა" უტევდა, თუმცა კარში ხშირად დარტყმას ვერ ახერხებდა. ეს იმიტომაც, რომ "ტორპედო" ძირითად ყურადღებას დაცვას უთმობდა: ფაქტობრივად, 5 მცველით თამაშობდა.
ტაიმის ბოლოს ირაკლი მოდებაძემ ითამაშა კარგად, მარცხნივ თითქმის დაკარგული ბურთი მოიპოვა და საჯარიმოში მიხეილ გორელიშვილი მოძებნა, რომელმაც ჯერ დაახანა, შემდეგ კი დოლიძეს არ გააყოლა ბურთი და თავად დაარტყა, ოღონდ არაზუსტად. ერთ წუთში ნუკრი რევიშვილსაც მოუწია გადახტომა, როცა მათე ცინცაძის დარტყმული მოიგერია.
მეორე ნახევარში "დილამ" უფრო გაამძაფრა შეტევები: აქტიური იყო შეცვლაზე შესული გიორგი ქვილითაია, რომელმაც წინ თითქმის ყველა ბურთი მოიგო. სწორედ ქვილითაიას აქტიურობას მოჰყვა ორი მომენტი - ერთხელ დოლიძეს აურო მეკარემ, ერთხელაც თავად გიორგიმ კარში დარტყმა ვეღარ მოახერხა არეულობისას.
ანგარიში კი 61-ე წუთზე გაიხსნა, როცა გულვერდ თომაშვილის შეტევაში ჩართვასა და პასს გორელიშვილის ძლიერი დარტყმა მოჰყვა. მეკარე ქვილითაიას უკეთ თამაში შეეძლო, თუმცა გოლს მხოლოდ მას ვერ დავაბრალებთ – დაცვაც არეული იყო. "ტორპედომ" შეტევაზე გადართვა სცადა, თუმცა მხოლოდ სცადა. ქმედითი ვერაფერი გამოსდიოდათ, სამაგიეროდ, "დილას' მეტი სივრცე მიეცა და კიდევ ორჯერ გაუტანა სტუმრებს.
77-ე წუთზე დოლიძემ მარჯვნიდან ჩააწოდა და შეცვლაზე შესულმა ნიკა სადაღაშვილმა ერი შეხებით ზუსტად დაარტყა – 2:0. მესამე გოლი კი ბოლო წუთებზე ვიხილეთ და გიორგი ქვილითაიამ თავისი მაინც გაიტანა: ბოლქვაძის პასის შემდეგ, ორი კაცი მოატყუა და ძლიერი დარტყმით დაამწუხრა მოგვარე, ქუთაისელთა მეკარე ქვილითაია – 3:0.
აქამდე თანაბარქულიანი გუნდების შეხვედრაში მეტ დაძაბულობას ველოდით, თუმცა მინდორზე ერთი გუნდი აშკარად აღემატებოდა მეორეს. ჟერარდ სარაგოსას კი კარგად დაწყებული საქმე ცუდად უგრძელდება...
მატჩის შემდეგ:
ჟერარდ სარაგოსა: - უპირველესად, "დილას' ვულოცავ მოგებას. მეტოქე ყველა კომპონენტში ჩვენზე ათი თავით მაღლა იდგა და ჩემს გუნდზე კარგს ვერაფერს ვიტყვი.
- ჩემპიონატი მშვენივრად დაიწყეთ, თუმცა ბოლო ტურებში ძალიან ცუდი შედეგი გაქვთ. რა არის მიზეზი?
- ნამდვილად ვერ გეტყვით. თბილისის "დინამოსთან" ბოლო 15 წუთში წავაგეთ მატჩი, თუმცა კარგად ვითამაშეთ. ასევე, არ იყო წასაგები შეხვედრები "მეტალურგთან" და "ზესტაფონთან", დღეს კი სალაპარაკო არაფერია: "დილამ" აშკარად გვაჯობა.
რამაზ სოღოლაშვილი: - მიუხედავად დიდი ანგარიშით მოგებისა, მატჩი იოლი არ ყოფილა. ჩემმა ფეხბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. დასახული მიზნისკენ მივიწევთ და ჯერ ექვსეულში უნდა მოვხვდეთ, შემდეგ კი სამეულისთვის ვიბრძოლებთ.
- მოდებაძის შეცვლის მიზეზი ტრავმაა?
- გარკვეულწილად ტრავმაც. ირაკლი ამ კვირაში 3 დღე ვერ ვარჯიშობდა და ექიმებთან შეთანხმებით ვათამაშეთ. აქვე ვიტყვი შეცვლაზე შესულ ქვილითაიაზე, რომელმაც მშვენივრად ითამაშა.
- საინტერესოა, მოდებაძე-ქვილითაიას დუეტი როგორი იქნება. ორივე ცენტრფორვარდია და შეძლებენ დუეტში წარმატებულად თამაშს?
- დიახ, ისინი ჰგვანან ერთმანეთს სათამაშო მანერით, ტიპური ცენტრფორვარდები არიან და წინ ბურთს კარგად იჭერენ. მაინც ვფიქრობ, რომ რადგან ერთნაირები არიან სჯობს, მინდორზე ერთმა მათგანმა ითამაშოს, თუმცა სხვა სქემებიც გვაქვს თადარიგში და შესაძლოა, ორივე ერთადაც ვათამაშოთ საჭიროების შემთხვევაში.
- ნიკა სადაღაშვილი ერთადერთი გორელი იყო მოედანზე. მან გოლიც გაიტანა და შემდგომ შეხვედრებშიც ენდობით?
- სადაღაშვილი ნიჭიერი ფეხბურთელია და საერთოდ, გორში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც უმაღლეს ლიგაში თამაში შეუძლიათ. ადრე მათ თამაში არ უწევდათ, მაგრამ ჩვენ დუბლებიდანაც დავაწინაურებთ რამდენიმე ადგილობრივს. მაგალითად, წიქარიძეს, რომელზეც დიდ იმედებს ვამყარებთ. ოღონდ, მათ იმიტომ არ ვამატებთ, რომ გორელები არიან.
დილა (გორი) – ტორპედო (ქუთაისი) 3:0 (0:0)
30.11. 2013. 14:00. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 1500 მაყურებელი
დილა: რევიშვილი, ღონღაძე, ხიზანეიშვილი, კობახიძე, თომაშვილი, გიორგი გურული, ბოლქვაძე, ირაკლი მაისურაძე, დოლიძე (აბურჯანია 83), გორელიშვილი (სადაღაშვილი 62), მოდებაძე (ქვილითაია 46).
მწვრთნელი: რამაზ სოღოლაშვილი.
ტორპედო: ქვილითაია, გაბაძე (უბილავა 46), სანდოხაძე, ზაზა ჭელიძე, ხიდეშელი, მთივლიშვილი, ცინცაძე, ფირცხალავა (გიგაური 46), ჯიქია, საბანაძე, ბარაბაძე (გავაშელიშვილი 70).
მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა.
გოლები: 1:0 გორელიშვილი (61), 2:0 სადაღაშვილი (77), 3:0 ქვილითაია (88).
გაფრთხილება: ცინცაძე (5), ფირცხალავა (7), გორელიშვილი (41), ჭელიძე (58), ხიზანეიშვილი (60), გიგაური (72).
მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია.
ჩიხურა (საჩხერე) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 3:0 (0:0)
გოლები: 1:0 დიმიტრი ტატანაშვილი (53), 2:0 ბესიკ დეკანოიძე (59), 3:0 დიმიტრი ტატანაშვილი (86)
ზუგდიდი – მერანი (მარტვილი) 0:0
გურია (ლანჩხუთი) – სიონი (ბოლნისი) 1:2 (1:2)
გოლები: 1:0 თენგიზ ჩიკვილაძე (პენ, 24), 1:1 გიორგი განუგრავა (40), 1:2 გიორგი კახელიშვილი (44)
სპარტაკი (ცხინვალი) – დინამო (თბილისი) 0:4 (0:1)
გოლი: 0:1 პატრიკ ვუო (3), 0:2 დავით კვირკველია (48), 0:3 ჩისკო (50), 0:4 დორინ გოგა (74)
ზესტაფონი – მეტალურგი (რუსთავი)
30 ნოემბერი. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე.” 18:00
დისკვალიფიცირებული: გიორგი გავაშელიშვილი (“მეტალურგი”)
მსაჯები: ლ. სილაგავა, დ. ჩიგოგიძე, გ. ელიკაშვილი, ო. ხეცაძე (სათადარიგო)
1 | დინამო (თბ) | 14 | 10 | 3 | 1 | 34:11 | 33 |
2 | ჩიხურა | 14 | 9 | 2 | 3 | 31:20 | 29 |
3 | გურია | 14 | 8 | 0 | 6 | 16:18 | 24 |
4 | დილა | 14 | 6 | 4 | 4 | 20:14 | 22 |
5 | მეტალურგი | 13 | 6 | 4 | 3 | 19:17 | 22 |
6 | ტორპედო | 14 | 5 | 4 | 5 | 17:15 | 19 |
7 | სიონი | 14 | 5 | 4 | 5 | 18:18 | 19 |
8 | ზესტაფონი | 13 | 5 | 3 | 5 | 14:10 | 18 |
9 | ვიტ ჯორჯია | 14 | 4 | 3 | 7 | 17:22 | 15 |
10 | მერანი | 14 | 4 | 1 | 9 | 13:28 | 13 |
11 | სპარტაკი | 14 | 3 | 1 | 10 | 11:23 | 10 |
12 | ზუგდიდი | 14 | 1 | 5 | 8 | 5:19 | 8 |
მეგოლეები:
11 - დიმიტრი ტატანაშვილი (2, “ჩიხურა”)
9 - ირაკლი მოდებაძე (2 პენ, “დილა”)
8 – დორინ გოგა (“დინამო”)
5 - ჩისკო (“დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ვილი ისიანი (“გურია”)
4 – ჯაბა დვალი (“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (“ვიტ ჯორჯია”) გრიგოლ დოლიძე (“დილა”), ჯამბულ ჯიღაური, ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), თენგიზ ჩიკვილაძე (2, “გურია”)
3 – ლადო ახალაია, ლაშა თოთაძე, გიორგი კახელიშვილი (“სიონი”), გიორგი მერებაშვილი, გიორგი გველესიანი, დავით კვირკველია (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (“მეტალურგი”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), ალექსანდრე კოშკაძე (“გურია”), გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა