ფეხბურთი

20:36 | 17.09.2014 | ნანახია 815 - ჯერ

”დილამ” დამსახურებულად მოიგო

საფეხბურთო კლუბი “ზუგდიდი” განაგრძობს საშინაო მატჩების ქუთაისში ჩატარებას. მიზეზი, როგორც ითქვა, გახლავთ ის, რომ ანაკლიაში არსებულ სტადიონზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.  ზუგდიდელებს მეტოქედ ამჯერად გორის “დილა” ჰყავდათ. შეხვედრა კი მცირერიცხოვანი ქომაგების თვალწინ შედგა, თუმცა უნდა აღინიშნოს გორელ ქომაგთა ენერგიულობა, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში ენერგიულად გულშემატკივრობდნენ საკუთარ გუნდს.

პაექრობის დებიუტი ძალზე უსახური გამოდგა. ისე გავიდა დაახლობით 15 წუთი, მეტოქეებს ერთმანეთის კარის მიმართულებით საერთოდ არ დაურტყამთ. სახიფათო მომენტებს შექმნა კი თავდაპირველად სტუმრებმა დაიწყეს. შეტევის მარჯვენა ფლანგზე, ზუგდიდელთა კუთხურის ალამის სიახლოვეს საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, რომელიც წიქარიძემ შეასრულა. შიდაქართლელთა შუახაზელის ჩაწოდებულზე, მეკარის ბაქანიდან ყველას ადამაძემ დაასწრო თავით და გოლი თითქოს გარდაუვალი იყო, მაგრამ ბურთი საკუთარი კარის ხაზთან თავდადებულად მოთამაშე ლომაიას მოხვდა და სახიფათო სიტუაციაც განიმუხტა. მე-20 წუთზე გამოზომილი და ზუსტი პასით რაზმაძემ ზუგდიდელთა მეკარესთან პირისპირ მოდებაძე დატოვა, რომელიც მოწინააღმდეგის საჯარიმოში ოდნავ მახვილი კუთხიდან შევიდა და მასთან შესახვედრად წინ გამოსულ და ჩაწოლილ რევაზ თევდორაძეს ბურთი თავზე გადაატარა და თავისი გუნდი დააწინაურა – 0:1.

ანგარიშში ჩამორჩენამ პირობითი მასპინძლები გააქტიურა, თუმცა მათ საქმე საბოლოო დარტყმამდე ვერ მიჰყავდათ. კარგი იყო 22-ე წუთზე ჯავაშვილის მიერ შეტევის მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებული, თუმცა ბურთმა კვარაცხელიამდე ვერ მიაღწია და შესაბამისად დასავლელებმა ვერ იხეირეს. ზუგდიდელთა ფორვარდს ქარქუზაშვილმა დაასწრო და ძლიერი დარტყმით ბურთი გვერდით ხაზს იქით მოიგერია. “მასპინძელთა” მცდელობებმა შედეგი ვერ გამოიღეს, გორელებმა კი ძალიან მალე ანგარიშში სხვაობა გაზარდეს. 30-ე წუთზე მოდებაძემ კარგი ასისტენტობა გაუწია სეთურიძეს, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა და რევაზ თევდორაძეს ბურთზე მისვლა დაასწრო. ზუგდიდელთა კარის დარაჯმა მის საჯარიმოში შეჭრილი სეთურიძე წააქცია და არბიტრისაგან ყვითელი ბარათი დაიმსახურა, ხოლო “დილას” ფეხბურთელებმა პენალტის დარტყმის უფლება მიიღეს. თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა რაზმაძემ შეასრულა, მართალია მეკარემ დარტყმის კუთხე გამოიცნო, მაგრამ ბურთზე მიწვდომა ვერ მოახერხა – 0:2.

ტაიმის დარჩენილ წუთებში რაიმე განსაკუთრებული არ მომხდარა. ზუგდიდელებმა ერთადერთხელ დაარტყეს მეტოქის კარის მიმართულებით, მაგრამ შეყრილაძეს საერთოდ არ გაჭირვებია ბურთის აღება. რაც შეეხება გორელებს, მათგან ისევ მოდებაძეს მიეცა შანსი, როდესაც მოწინააღმდეგის საჯარიმოში თევდორაძეს ბურთზე დაასწრო, მაგრამ ასისტენტმა არბიტრს წესის დარღვევა ანიშნა და ბუნებრივია მომენტი ვეღარ გაგრძელდა.

თამაშის განახლებისთანავე გორელებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს და ფაქტობრივად გადაწყვიტეს მატჩის ბედი. მესამე გოლი აღმოსავლელებმა სწრაფად გათამაშებული კომბინაციის შედეგად გაიტანეს. ხურცილავა-წიქარიძეს შორის გათამაშებული კომბინაციის შემდეგ ხურცილავა მახვილი კუთხიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში. გორელთა მარჯვენა მცველმა სიტუაცია სწორად განჭვრიტა და მოწინააღმდეგის საჯარიმოში, უკეთეს მდგომარეობაში მყოფ ერისთავს ისეთი პასი გაუკეთა, რომ გიორგის ფაქტობრივად გატანის გარდა აღარაფერი დარჩენოდა. თევდორაძე ამ ეპიზოდში აშკარად უშანსოდ იყო – 0:3.

დიდი ანგარიშით ჩამორჩენამ ბუნებრივია “მასპინძლებზე” უარყოფითად იმოქმედა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. მართალია, ისინი თამაშის ხარისხით დიდად არ ჩამორჩებოდნენ მეტოქეს, მაგრამ საშემსრულებლო ოსტატობის მხრივ მოწინააღმდეგის უპირატესობა აშკარა გამოდგა. ყოველ შემთხვევაში შიდა ქართლელებმა თავიანთი შანსები ხელიდან არ გაუშვეს. ზუგდიდელები მეტოქის კარს 57-ე წუთზე დაემუქრნენ, როდესაც რიგვავა შევიდა გორელთა საჯარიმოში და ძლიერად დაარტყა, თუმცა მის მცდელობას სიზუსტე მცირედით დააკლდა. სულ მალე “ზუგდიდმა” რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. წურწუმიას ჩაწოდებულ კუთხურზე ლომაია თავურს დაახლობით 6 მეტრიდან ურტყამდა, მაგრამ შეყრილაძემ ბრწყინვალე ნახტომში ბურთს კარში შესვლის საშუალება არ მისცა და მუშტებით უკუაგდო. ამ მომენტში დასავლელებს იღბალმა აშკარად ზურგი აქცია.

ამის შემდეგ მოედანზე განსაკუთრებულად საინტერესო არაფერი მომხდარა. გუნდებმა თითქოს მოტივაცია დაკარგეს. ისე რამდენიმეჯერ კი ჰქონდათ შეტევის მცდელობა, მაგრამ გატანას ვეღარ ახერხებდნენ. ჯერ კვეკვესკირის ჩამოწოდებულ კუთხურს ყველაზე ადრე ფალავანდიშვილი გამოეხმაურა, რომელმაც ბურთს შეუჩერებლივ დაჰკრა და მცირე მანძილით გადააცილა ზუგდიდელთა კარის ხარიხას. საეპილოგო მონაკვეთში კი ისევ “მასპინძლები” ცდილობდნენ პრესტიჟის გოლის გატანას, მაგრამ მათ ისევ არაფერი გამოსდიოდათ. ფარჯიკიას სუსტი დარტყმული საჯარიმოს მისადგომებიდან შეყრილაძემ იოლად დაიჭირა, ხოლო ლომიას ერთი დარტყმული მცირე მანძილით აცდა გორელთა კარს, მეორედ კი ლომიას შესრულებული საჯარიმო შეყრილაძემ კარის ხაზიდან მუშტებით მოიგერია. ერთიანობაში გორის “დილამ” მოწინააღმდეგესთან შედარებით უფრო გამართულად და რაციონალურად ითამაშა და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა.   

უჩა სოსიაშვილი (“დილა”): “ვიცოდით, რომ კარგ გუნდს ვეთამაშებოდით, რომელსაც კარგი სპეციალისტი წვრთნის. ჩვენთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა ის, რომ ქუთაისში მოგვიწია თამაში. გაგვიმართლა, პირველ ტაიმში ორი გოლი გავიტანეთ, რამაც დასახული ამოცანა გაგვიადვილა, თანაც იმ გუნდთან, რომელმაც პირველ მატჩებში ძალიან ცოტა გოლი გაუშვა”.

ნესტორ მუმლაძე (“ზუგდიდი”):  “მატჩის შედეგი ლოგიკურია. კარგ გუნდთან პაექრობისას გამოჩნდა ჩვენი გუნდის ნაკლოვანებები. მოგეხსენებათ საკუთარ მოედანზე ვერ ვთამაშობთ, ჩემპიონატისათვის მზადება ვერ გავიარეთ სრულფასოვნად, შეკრება ორი კვირით ადრე დავიწყეთ და შესაბამისად კვალიფიცირებული ფეხბურთელების შეკრებაც გაგვიჭირდა. მეტოქე გუნდს ვულოცავ დამსახურებულ გამარჯვებას”.

“ზუგდიდი” – “დილა” 0:3 (0:2)

17 სექტემბერი. 16:00. ქუთაისი. “ცენტრალური”. 300 მაყურებელი

“ზუგდიდი”: რევაზ თევდორაძე, რიგვავა, ლომაია, მირცხულავა, ჯავაშვილი, კობერიძე (კუკავა, 46), ტყემალაძე, ლომია, წურწუმია (ფარჯიკია, 73), კვარაცხელია, ეხვაია (ქურდაძე, 51).

მთავარი მწვრთნელი: ნესტორ მუმლაძე

“დილა”: შეყრილაძე, ადამაძე, ქარქუზაშვილი, ჯაფარიძე, ხურცილავა, კვეკვესკირი, რაზმაძე, წიქარიძე (ფალავანდიშვილი, 63), სეთურიძე (ახალკაცი, 67), ერისთავი, მოდებაძე (არაბული, 73).

მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

გოლი: 0:1 მოდებაძე (20), 0:2 რაზმაძე (31, პენალტით), 0:3 ერისთავი (47).

გაფრთხილება: თევდორაძე (30), რიგვავა (34),   

არბიტრი: ბაკურ ნინუა (ქუთაისი)

 

1       დინამო (თბ)          5                 4                 0                 1                 12:5                  12   
2 დილა 5 3 1 1 7:1 10
3 სამტრედია 5 3 1 1 7:5 10
4 დინამო (ბთ) 5 3 0 2 6:5 9
5 მეტალურგი 5 2 2 1 6:3 8
6 ტორპედო 5 2 2 1 5:3 8
7 ჩიხურა 5 2 1 2 5:5 7
8 სპარტაკი 5 2 1 2 3:5 7
9 ზესტაფონი 5 2 0 3 12:7 6
10 ვიტ ჯორჯია 5 2 0 3 4:3 6
11 შუქურა 5 1 3 1 4:9 6
12 სიონი 5 1 2 2 5:7 5
13 გურია 5 1 2 2 3:10 5
14  მერანი 5 1 1 3 4:7 4
15 კოლხეთი 5 1 1 3 4:8 4
16 ზუგდიდი 5 0 3 2 2:6 3


მეგოლეები:

3 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი), დავით სირაძე (სიონი), გიორგი ჩელებაძე (შუქურა), ბადრი ტეტუნაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი) ,ირაკლი მოდებაძე (დილა)

2 - მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ჩისკო მუნიოსი, ირაკლი ძარია, ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), ბესიკ ჩიმაკაძე (მერანი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი), საბა ლომია (გურია)

 

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების  რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:58 | 11.10.2014
chelidze (5010)

დაწყებული არაა და უვკე ასრულებენ

16:29 | 10.10.2014
3 სავანელი (1199)

14:34 | 10.10.2014
BEERTRANCE (97819)

დასანანია

13:53 | 10.10.2014
yonex77 (62)

ყველგან და ყველაფერში პირველებმა როგორ უნდა დავასრულოთ რა უბედურებაა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.076496
815