ფეხბურთი

15:53 | 12.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დილა,” “დინამო,” “ზესტაფონი,” “გურია,” ფონიავა და სხვა ამბები

 საიუბილეო, 25-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველმა ტურმა წყნარად ჩაიარა. სიწყნარეში იმას ვგულისხმობთ, რომ მოულოდნელი არაფერი მომხდარა. მომგებმა მოიგო. ეგ არის, სეზონის დასაწყისია და ბუნებრივია, გუნდები ჯერ ოპტიმალურ ფორმაში ვერ არიან. ამას, ევროთასებზე მონაწილეთა “საკუთარი” გრაფიკიც ემატება. მაგალითად, სასიამოვნოდ გაგვაოცა გორის “დილამ”, რომელმაც 3 დღის წინათ, ევროპალიგის საკვალფიკაციო ეტაპზე ხორვატულ “ჰაიდუკთან” მძიმე მატჩი გადაიტანა და დაღლილობის მიუხედავად, კვირას, ვაკეში, თუ დებიუტანტ გიორგი დიასამიძეს არ ჩავთვლით, “სიონს” საბრძოლო შემადგენლობა დაუპირისპირა. დაუპირისპირა და გაიმარჯვა კიდეც. ეს ნორმალურია, რადგან ევროპაში გუნდებს ყოველ მესამე დღეს უწევთ თამაში და უძლებენ. მართალია, ბევრს 2-2 შემადგენლობიანი “სკამი” აქვს, მაგრამ ისეთებიც საკმაოდ არიან, ვისაც მსგავსი ფუფუნება არ აქვთ, მაგრამ როგორღაც ახერხებენ გამოსავალის პოვნას. რატომ ვახსენეთ ეს პრობლემა? გავიხსენოთ შარშანდელი აგვისტო. “დილა” მაშინაც ევროპალიგის პლეი ოფამდე მივიდა, მაგრამ სანამ ევროტურნირში იყო ჩართული, ეროვნულ ჩემპიონატში საწყისი სამივე მატჩი წააგო: “ვიტ ჯორჯიასთან”, “ჩიხურასთან” და იმავე “სიონთან (თუმცა მაშინაც ძირითადი შემადგენლობით ასპარეზობდა).” პორტუგალიურ “მარიტიმუსთან” დამარცხების შემდეგ კი, საშინაო ჩემპიონატსაც “მიხედა” და საბოლოოდ, მეორე ადგილი დაიკავა. როცა “მარიტიმუსთან” ნამატჩევს გორელთა მაშინდელ დამრიგებელ თემურ შალამბერიძეს ვკითხეთ, რა მოხდა, ეროვნულ ჩემპიონატში სამივე თამაში როგორ წააგეთო, გვიპასუხა: მთლიანად ევროთასებზე ვიყავით გადართული, თანაც, ტრავმებს ვერიდებოდითო. გასაგებია. აი, კვირას, “ზესტაფონთან” მატჩის შემდეგ, დინამოელთა დამრიგებელმა დუშან უჰრინმაც თქვა: ჩვენთვის იოლი არ იყო ევროტურნირებიდან გადმორთვაო. ესეც გასაგებია - რამდენიმე დღეში ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს, ინგლისურ “ტოტენჰემს” უნდა ეთამაშონ და “სხვა რამეზე” ფიქრი ცოტა ძნელია. პირველი ტაიმი თბილისელებმა კარგად ჩაატარეს, მაგრამ მეორეში, ერთი თვის შექმნილმა “ზესტაფონმა” მათ დიდი პრობლემები შეუქმნა. ცოცხლად, ლაღად ითამაშა, ანგარიშიც გაუთანაბრა, მომენტებიც ჰქონდა და მიშიკო სარდალიშვილმა ძელსაც გაარტყა ბურთი. მსაჯის მესამე წამატებულ წუთზე ჩისკოს გატანილი გოლი კი, იღბალი უფრო იყო, ვიდრე კანონზომიერება. დინამოელთა შემადგენლობაში საინტერესო იყო დაცვის მარჯვენა ფრთაზე დავით ხურცილავას გამოჩენა, გიორგი სეთურიძე კი სათადარიგო გახლდათ. მოკლედ, ასეთი მეორე ტაიმით, “ტოტენჰემთან” ნამდვილად თავს მოვიჭრით.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც ლანჩხუთის “გურიას” შეეხება. “მსოფლიო სპორტი” ადრეც წერდა, რომ გუნდიდან, ლამის, მთელი ძირითადი შემადგენლობა წავიდა. მიზეზი ფინანსებშია. რაიონისEგამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, ზაზა ურუშაძის თქმით, მან ფეხბუთელებს ხელფასის სახით 1 500 ლარი შესთავაზა, რადგან მეტის გადახდას მუნიციპალიტეტი ვერ შეძლებდა, ფეხბურთელები კი 2 ათასს ითხოვდნენ. ვითარება დღემდე გაურკვეველია, ამასობაში, “ვიტ ჯორჯიასთან” მარცხის შემდეგ, 4 ლანჩხუთელი ფეხბურთელი პოლიციამ დააკავა. მიზეზი: ისინი უკმაყოფილონი იყვნენ, რომ სხვა მოთამაშეებმა სოლიდარობა არ გამოუხცადეს და თამაშზე უარი არ თქვეს. შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, ფეხბურთელები ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს და მალევე ხელწერილით გაათავისუფლეს. აი, ასე.

ტურის ყველაზე უცნაურ მოთამაშედ კი 19 წლის მარტვილელ პაპუნა ფონიავას დავასახელებდით, რომელმაც ცხინვალის “სპარტაკთან” ჯერ საგოლე გადაცემა მიითვალა, შემდეგ თავად გაიტანა, ბოლოს კი, ყველაფერს ავტოგოლიც დაამატა, თუმცა ბოლო ეპიზოდში მას თავისი მეკარე ჯონი შეროზია “დაეხმარა” – ფონიავამ უკან დაუბრუნა ბურთი შეროზიას, მარტვილელთა მეკარემ კი ბურთს ფეხი ააცილა და...…  

 

I ტური.

10აგვისტო

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – გურია (ლანჩხუთი) 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 ელგუჯა ლობჯანიძე (19), 2:0 გიორგი ჯანელიძე (53, პენ.), 3:0 ელგუჯა ლობჯანიძე (70).

 

მერანი (მარტვილი) – სპარტაკი (ცხინვალი) 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 აკაკი შულაია (46), 2:0 პაპუნა ფონიავა (53), 2:1 პაპუნა ფონიავა (ს.კ. 63)

 

ტორპედო (ქუთაისი) – მეტალურგი (რუსთავი) 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 თორნიკე კაპანაძე (4), 1:1 დავით კირკიტაძე (46)

 

11 აგვისტო

ზუგდიდი – ჩიხურა (საჩხერე) 1:3 (0:1)

გოლები: 0:1 ლაშა ჭელიძე (12), 1:1 ირაკლი ეხვაია (51), 1:2 დიმიტრი ტატანაშვილი (78), 1:3 რატი წინამძღვრიშვილი (90)

 

სიონი (ბოლნისი) – დილა (გორი) 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 ლაშა თოთაძე (11), 1:1, 1:2 გრიგოლ დოლიძე (39, 77)

 

დინამო (თბილისი) – ზესტაფონი 2:1 (1:0)

გოლი: 1:0 გიორგი მერებაშვილი (27), 1:1 ირაკლი ქობალია (47), 2:1 ჩისკო (90+3)

1 ვიტ ჯორჯია 1 1 0 0 3:0 3
2 ჩიხურა 1 1 0 0 3:1 3
3 დინამო (თბ) 1 1 0 0 2:1 3
4 დილა              
1 1 0 0 2:1 3
5 მერანი 1 1 0 0 2:1 3
6 მეტალურგი 1 0 1 0 1:1 1
7 ტორპედო 1 0 1 0 1:1 1
8 ზესტაფონი 1 0 0 1 1:2 0
9 სიონი 1 0 0 1 1:2 0
10 სპარტაკი 
1 0 0 1 1:2 0
11 ზუგდიდი 1 0 0 1 1:3 0
12 გურია 1 0 0 1 0:3 0

 

II ტური.

17 აგვისტო. შაბათი: გურია – მერანი, ზუგდიდი – ვიტ ჯორჯია, სპარტაკი – სიონი, დილა – დინამო

18 აგვისტო. კვირა: ჩიხურა – მეტალურგი, ზესტაფონი - ტორპედო

მეგოლეები:

2 –  ელგუჯა ლობჯანიძე (ვიტ ჯორჯია), გრიგოლ დოლიძე (დილა)

0.146268