მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ “რეალთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი (1:4) შეაფასა.
“ანგარიში საერთო ჯამში უნდა შევაფასოთ. “რეალმა” მეორე ტაიმი უკეთ ჩაატარა და გვაიძულა, საკუთარ კართან ახლოს ვყოფილიყავით. მეტოქის ნახევარზე გადასვლას ვერ ვახერხებდით. ფეხბურთი შესანიშნავი იმიტომაცაა, რომ მთავარი მხოლოდ გამარჯვება არაა. ხედავდით, გულშემატკივრები როგორც გვამხნევებდნენ. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ასეთი მატჩის შემდეგ, ცხვირი არ უნდა ჩამოუშვან და მომდევნო სეზონზე იფიქრონ.
ამჯერად, დავმარცხდით, მაგრამ ძალები ბოლომდე დავხარჯეთ. ხალხმა შეაფასა, რაც ამ სეზონში გავაკეთეთ. მომავალში პროგრესს განვაგრძობთ. სამწუხაროდ, მიზანს ვერ მივაღწიე. ჩემი გეგმები მქონდა, მაგრამ არ გამომივიდა. არაუშავს, ამასაც გადავიტან. მესმის, რომ წინ სხვა მატჩები მელოდება. ცხოვრებაში ყოველი დღე სხვადასხვანაირია – ზოგში გიმართლებს, ზოგში – არა.
დიეგო კოსტასთან თამაშთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მე მივიღე და ფაქტია, შეცდომა იყო, რადგან ცვლილების გაკეთება საწყის წუთებშივე მომიწია. ცხადია, დიეგო დილით უკეთ გრძნობდა თავს, ვიდრე საღამოს. მე და კოსტამ ერთმანეთს თვალებში ჩავხედეთ და დავრწმუნდით, რომ თამაში შეიძლებოდა.
ორშაბათიდან, მომდევნო სეზონისთვის მზადებას შევუდგებით და ახალწვეულების ვარიანტებს განვიხილავთ. როდესაც კლუბის ხელმძღვანელობასთან გარკვეულ დეტალებზე შევთანხმდებით, შვებულება დაიწყება. ოჯახებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის ყურების საშუალება გვექნება, შემდეგ კი, ახალი სეზონიც მოახლოვდება”, - განაცხადა სიმეონემ.