ფეხბურთი

11:16 | 26.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო ლუგანო: “ბრაზილიელებმა საკუთარ სათამაშო სტილს უღალატეს”

დღეს, ჩვენი დროით 23 საათზე ბელუ ორიზონტეში კონფედერაციათა თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი დაიწყება. “მინეირაოს” სტადიონზე ერთმანეთის პირისპირ ტურნირის მასპინძელი ბრაზილია და ურუგვაი წარსდგებიან. პენტაკამპეონები ფავორიტად ითვლებიან, თუმცა, ურუგვაელები ლუიშ ფელიპე სკოლარის კრებულს ფინალის საგზურს იოლად რომ არ დაუთმობენ, ამას მათი კაპიტნის დიეგო ლუგანოს ინტერვიუდანაც შეიტყობთ.

 - როგორი განწყობით ხვდებით ბელუ ორიზონტეში ჩასატარებელ კონფედერაციათა თასის ნახევარფინალს?

- ჩემთვის უდიდესი პატივია, ურუგვაის ნაკრებს კაპიტნის რანგით რომ გავუძღვები სათამაშოდ. ყველასთვის ცხადია, რომ ბრაზილია ბრაზილიაა და მითუმეტეს, როდესაც საკუთარ მინდორზე ასპარეზობს, ერთი-ორად უფრო რთულად დასაძლევი მოწინააღმდეგეა. მაგრამ ურუგვაიც არავისთვისაა ხელწამოსაკრავი ოპონენტი, რაც ჩვენ ნაკრებს თავისი სახელოვანი ისტორიის განმავლობაში არაერთხელ დაუმტკიცებია და იგივეს კიდევ ერთხელ დადასტურებას შევეცდებით.

- საყოველთაო აღიარებით, ბრაზილიელთა უძლიერესი ფეხბურთელი ნეიმარია. რას ფიქრობთ, “სელესტე” მოახერხებს მის განეიტრალებას?

- ნეიმარი ნიჭიერი მოთამაშეა, მაგრამ ამავდროულად ხშირად სიმულანტობს კიდეც. იგი ხშირად გაზონზე ისე დავარდება, მეტოქე არცკი შეხებია. ჩვენი ამოცანაა მსაჯს საბაბი არ მივცეთ, რათა მან არარსებული ჯარიმები დანიშნოს ურუგვაის კარის მიმართულებით. ბევრი რამაა დამოკიდებული ნახევარფინალის ჩილელ არბიტრზე ენრიკე ოსესზე. რეფერი ზეწოლას ტრიბუნებიც მოახდენენ და ბრაზილიელი ფეხბურთელებიც. მთავარია, მსაჯმა ამ წნეხს გაუძლოს.

- ბრაზილიელთა ნაკრებზე რას გვეტყოდით?

- ბოლო ხანს, ბრაზილიელებმა საკუთარ სათამაშო სტილს უღალატეს. ისინი უარს არ ამბობენ “ბინძურ თამაშზე”. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ “პენტაკამპეონები” ტექნიკასთან ერთად, ტაქტიკურად განსწავლულები არიან. ამასთან, ჩვენი თამაშიც სოლიდურია, რაც ნახევარფინალში ბრაზილიელების დამარცხების იმედს გვიტოვებს.

- თქვენი ოპტიმიზმი უსაფუძვლო არაა, ურუგვაი ხომ ბრაზილიას პრობლემებს ტრადიციულად უქმნის...

- ისტორიულად ასეა. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინა და ბრაზილია სამხრეთ ამერიკაში საფუძვლიანად ითვლებიან საუკეთესო საფეხბურთო ნაკრებებად, მათთან შეუდარებლად მცირერიცხოვან ურუგვაის უფრო მეტჯერ მოუგია კოპა ამერიკა და ჩვენ ბრაზილიელებს ოლიმპიადებზე გამოსვლით აშკარად ვჯობნით. კონფედერაციათა თასის ნახევარფინალში ფავორიტად ყველა ბრაზილიას მიიჩნევს, ეს კი დამატებით სტიმულსა და მოტივაციას გვანიჭებს. 1950 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ურუგვაიმ ბრაზილია მისსავე სტადიოზე დაამარცხა, რატომ ვერ უნდა შევძლოთ ეს კიდევ ერთხელ?

- ბოლოდროინდელი სტატისტიკა აშკარად ბრაზილიელთა მხარესაა – პენტაკამპეონები ბოლო 10 დაპირისპირებიდან მხოლოდ ერთხელ დაამარცხეთ და მათ მინდორზე უკანასკნელად 1992 წელს იმარჯვეთ...

- ეს ერთის მხრივ კარგიცაა. თუკი ბრაზილიელები თავს გამოკვეთილ ფავორიტად იგრძნობენ, შესაძლოა მოდუნდნენ. ამით საკუთარი შანსის გამოყენების შესაძლებლობა გაგვეზრდება.

- ურუგვაი და ბრაზილია ერთმანეთის ტრადიციული მოწინააღმდეგეები კი არიან, მაგრამ ორივენი სამხრეთამერიკული საფეხბურთო სკოლის წარმომადგენლები ხართ. ამის მიუხედავად, კონფედერაციათა თასის ჯგუფური ეტაპის მატჩების მსვლელობისას ბრაზილიური ტორსიდა თქვენ მეტოქეებს უჭერდა მხარს. ამ მომენტს რით ახსნით?

- ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ. მაგალითისთვის, ბრაზილიამ და ნიგერიამ ურუგვაიში რომ ითამაშონ, ჩვენი მომხრეების სიმპათია გამოკვეთილად აფრიკელთა ნაკრების მხარეს იქნება.

- ბოლოს, ისევ მომავალ ნახევარფინალს დავუბრუნდეთ. თქვენი აზრით, როგორი ასპარეზობის მომსწრენი შეიქნებიან “მინეირაოს” სტადიონის ტრიბუნებზე მოკალათებული მაყურებლები?

- დაძაბული ორთაბრძოლის მოლოდინით ვარ. ორივე გუნდი მაქსიმუმის ჩვენებას შეეცდება. გადამწყვეტი კი შუახეზელთა და ფორვარდთა თამაში იქნება. ურუგვაი არაფერს დაიშურებს კონფედერაციათა თასის ფინალში გასასვლელად და თუკი ეს მოვახერხეთ, ტურნირის მოსაგებადაც ვიზრუნებთ. ურუგვაის საამისო ძალა შესწევს.

0.115516