ფეხბურთი

13:18 | 15.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

დიდიე დეშამი: “მთლიანად საქართველოზე ვართ კონცენტრირებული”

 

საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა განაცხადა, რომ მართალია გულშემატკივრების ყურადღება ესპანეთთან მატჩზე არის კონცენტრირებული, მაგრამ გუნდი უპირველესად საქართველოსთან შეხვედრისთვის ემზადება.

“მესმის, რომ ხალხი უფრო მეტად ესპანეთზე არის ორიენტირებული. რეალობა ის არის, რომ ჯგუფში 8 თამაშია და თითოეულ მათგანში წარმატებას უნდა მიაღწიო. შესაძლოა, საქართველოსთან გამარჯვება ლოგიკური ჩანს, მაგრამ მთელი ძალა ამ მატჩისკენ უნდა მივმართოთ. მე ვფიქრობ, რომ მოთამაშეთა გონება სწორედ ამ თამაშზეა მიმართული” – განაცხადა დეშამმა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში გაამრთულ პრესკონფერენციაზე.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, 22 მარტს საქართველოსთან, ხოლო 26 მარტს ესპანეთთან გასამართი საშინაო მატჩებისთვის, დეშამმა ეროვნულ გუნდში ორ დებიუტანტს, პოლ პოგბასა და რაფაელ ვარანს უხმო.

ფრანგების თავკაცმა პრესკონფერენციაზე მათ შესახებ შემდეგი თქვა:

“პოგბა საფრანგეთის ნაკრების მომავალია და ეს მომავალი მისთვის უკვე დაიწყო. მინდა ვნახო როგორ შეერწყმება ის გუნდს და ვარჯიშებზე როგორ შთაბეჭდილებას დატოვებს. ვფიქრობ, მისი გამოძახების დრო სწორედ ახლა დადგა. მან სერია A-ში დაახლოებით 20 მატჩი ჩაატარა და კიდევ 6 ჩემპიონთა ლიგაში. მის მიერ ჩატარებული ბოლო ორი მატჩი ვნახე. ის ბურთს არცთუ ცუდად ეპყრობა.

ვარანს რაც შეეხება, მას დიდი პოტენციალი აქვს და “რეალის” მიერ ჩატარებულ ბოლო მატჩებში, ყოველთვის სასტარტო შემადგენლობაში იყო. კვირის განმავლობაში მან ისეთი ძლიერი გუნდები წინააღმდეგ ითამაშა, როგორიც “ბარსელონა” და “მანჩესტერ იუნაიტედია”.

 დეშამა, მიუნხენის “ბაიერნის” შემტევ ნახევარმცველ ფრანკ რიბერიზეც ისაუბრა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, ლონდონის “არსენალთან” საპასუხო მატჩში ტრავმის მიზეზით გამოტოვა:

“ფრანკს ბოლო მატჩის შემდეგ, კოჭზე სისხლჩაქცევა ჰქონდა და მეორე დღეს ძლიერ ტკიოდა. თუ ყველაფერი კარგად იქნება, მან ვარჯიში ამ უქმეებზე უნდა განაახლოს. ამჟამად, მასზე არ ვნერვიულობ. ის უქმეებზე არ ითამაშებს და ორშაბათს, როდესაც შევიკრიბებით შემოგვიერთდება”.

 “სამფეროვანთა” დამრიგებელმა აღნიშნა, რომ ქარიმ ბენზემას პოტენციალი კარგად იცის და “რეალის” ფორვარდი გუნდისთვის საჭირო ფიგურაა:

“თითოეულს შეუძლია გააკრიტიკოს მისი ეფექტურობა ან შედეგიანობა. თუმცა, მას პოტენციალი აქვს. მისი შესაძლებლობები ვიცი. საფრანგეთის ნაკრებს საუკეთესო ფორმაში მყოფი ბენზემა ჭირდება”.

დეშამის თქმით, შეკრებაზე 24 ფეხბურთელი ჰყავს გამოძახებული და მისი თქმით, ეს სია საბოლოო არ არის, რადგან ის შესაძლოა ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს.

 

 

0.119433