ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის დასაწყისში მომხდარი ქართული ტრაგედია, რამდენიმე დღეა არ ჩამოსულა მსოფლიო პრესის ფურცლებიდან. დასავლური და არა მხოლოდ დასავლური პრესის დიდი ნაწილი, ქართველი მოციგავის - ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვაში პირდაპირ ადანაშაულებს ოლიმპიადის ორგანიზატორებს, რომლებმაც ტრასაზე ელემენტარული უსაფრთხოების ნორმების დაცვა ვერ მოახერხეს და ამ ყველაფერს, 21 წლის ქართველი სპორტსმენის სიცოცხლე შეეწირა.
არ მინდა, შეფასებებში ზედმეტად მკვეთრი ვიყო, მაგრამ ფაქტია და, რბილად რომ ვთქვათ, ამორალურია, როდესაც ოლიმპიადის ორგანიზატორები ტრაგედიაში საკუთრივ სპორტსმენს ადანაშაულებენ და ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი შეცდომები აღიარონ, ამბობენ, ტრაგედიის მიზეზი მხოლოდ ქუმარიტაშვილის საბედისწერო შეცდომა იყოო. ეს მაშინ, როდესაც იმ მოსახვევში, სადაც 21 წლის ნოდარს ავარია მოუხდა, პრობლემები გამოცდილ სპორტსმენს, ოლიამპიადის ორგზის მომგებ, იტალიელ არმინ ცოგელერსაც შეექმნა, რაც თვალნათლივ მეტყველებს, რომ “დამნაშავე” მხოლოდ ქუმარიტაშვილის გამოუცდელობა არ ყოფილა.
ტრაგედია უკვე მოხდა და ამ ტრაგედიის შედეგებს ახლა, სამწუხაროდ, ვეღარაფერი შეცვლის და გამოასწორებს, მაგრამ შეუძლებელია, არ დაეთანხმო დასავლური პრესის წარმომადგენლებს, რომლებიც ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის ორგანიზატორებისა და ასევე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისაგან, მსოფლიო სპორტული საზოგადოების წინაშე, ყველაზე ცოტა, ბოდიშის მოხდას და მათი აშკარა ბრალეულობის აღიარებას ითხოვენ.
ჟურნალისტების არგუმენტები ნათელია და გასაგები. ტრაგედიის მიჩქმალვა, წმინდა მორალური მომენტის გარდა, კრიმინალის ნიშნებსაც შეიცავს, რაც ზოგადად ოლიმპიადის, როგორც მშვიდობისა და ერთა შორის მეგობრობის სიმბოლოს უქმნის პრობლემას და ამით, ყველა თანაბრად ზარალდება. ნოდარ ქუმარიტაშვილის ამბავი ერთგვარი სიმბოლოა იმისა, რომ პატარა და მსოფლიოში ნაკლებად ცნობილი ქვყნის უბედურება ადვილად შეიძლება მიიჩქმალოს. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ოლიმპიადის მიმდინარეობის შეფერხებასა და დიდი ფინანსური ზარალის ნახვაზეა საუბარი.
სამყაროში ბევრი რამ გემოვნების ამბავია და რა ვქნა, რომ ნამეტანი არ მიყვარს ცნობილი ქართული ფილმი: “როცა აყვავდა ნუში”. არ მიყვარს და მორჩა! მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ამ ფილმის სიუჟეტსა და ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგედიას შორის ძალიან ბევრ მსგავსებას ვხედავ. ალბათ, თქვენც ხვდებით რასაც ვგულისხმობ და საითკენაც მიმყავს საუბარი.
აღნიშნულ ფილმში მომხდარი საავტომობილო შემთხვევის შემდეგ, რომელიც საშინელი ტრაგედიით დასრულდა, ერთი შეხედვით, არანაირი პრინციპული საჭიროება არ იყო, რომ ტრაგედიაში დამნაშავე ზურაბ ყიფშიძის კინოგმირიც დასჯილიყო. იმ საზოგადოების ფსევდომორალური ლოგიკა ადვილად იყო გასაგები: “ერთი ბიჭი უკვე დაიღუპა, ამას არაფერი ეშველება და ციხეში ჩასმით, მეორე რატომღა დავღუპოთო...” არადა, უმთავრესი, კონკრეტული ადამიანის დასჯაზე მეტად, ის არის, საკუთრივ დამნაშავეს რამდენად ეყოფა სინდისი იმისათვის, რომ ამ ყველაფრის შემდეგ, ქუჩაში ისევ ჩვეულებრივად ისეირნოს, კვლავ განაგრძოს ჩვეული ცხოვრება და ოდნავადაც არ უმძიმებდეს ზურგს მის მიერ ჩადენილი ცუდი საქმე.
ნამდვილად არ დაგღლიდით ამ, ისედაც ყველასთვის კარგად ცნობილ ფილმზე საუბრით, მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ “როცა აყვავდა ნუშის” მთავარი გმირისგან განსხვავებით, ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგედიაზე პასუხისმგებლობის აღება არავის უნდა და მეტიც, ვინც ეს უნდა გააკეთოს, ის ადამიანები სიკვდილში დამნაშავედ, “ჰოი, უცნაურობავ!” და, სწორედ ახალგაზრდა ქართველ სპორტსმენს თვლიან. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, მოვისმინოთ და ვიკითხოთ, უკვე წინასწარ ცნობილი ფრაზები, რომ: “ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა”, “მიმდინარეობს გამოძიება და საბოლოო დასკვნებს დაელოდეთ” და სხვა...
ჩვენც ვსხედვართ და ველით, რომ ვიღაც მითიური ადამიანები რაღაცას მართლა იძიებენ და საბოლოოდ, ლოგიკურ დასკვნებსაც გააკეთებენ, მაგრამ ჩვენი ეს ლოდინი ინდიელების ერთ ცნობილ გამოთქმას ემსგავსება, რომლის ხსენებაც აქ სრულიად უადგილო იქნება...
ლევან სეფისკვერაძე







