ძიუდო

0:36 | 5.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

დიდი სლემის დიდი უშედეგობა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ გეგმაში შეტანილი ბოლო საერთაშორისო ტურნირი უმედლოდ ჩაიჭიდავა. 3-4 ივლისს მოსკოვში ერთ-ერთ უპრესტიჟულესი ტურნირი, “დიდი სლემი” გაიმართა და როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთში თითქმის ყველა უძლიერესი ნაკრები საუკეთესო შემადგენლობით ჩავიდა. წლევანდელ შეჯიბრს ხომ დატვირთვად ლონდონის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულების დარიცხვაც დაემატა. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშვილმაც, მოსკოვში ის შეგირდები იახლა, რომელთაც სავარაუდოდ 9-13 სექტემბერს, ტოკიოში ჩასატარებელი მსოფლიოს პირველობის განაცხადში შეიყვანს. ამასთან, სტუმართათვის დაწესებული ქვოტაც (თითო წონაში 2 სპორტსმენი) მაქსიმალურად გამოიყენა. ერთადერთი გამონაკლისი 73 კილოგრამი წონითი კატეგორია იყო. ტოტიკაშვილმა რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ “დიდ სლემზე” ზაზა კედელაშვილიც იჭიდავებდა, მაგრამ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ავარჯიშებული ევროპის 3-გზის ჩემპიონის ტატამზე დაბრუნება სექტემბრამდე გადაიდო.
13 ქართველისგან დიდ შედეგიანობას არც მოველოდით, რადგან ნაკრებმა მსოფლიოსთვის მზადება ახლახან, ბათუმის შეკრებით დაიწყო, რომელსაც დასასვენებელი ხასიათი უფრო ჰქონდა. მწვრთნელმაც ჯერ კიდევ მოსკოვში წასვლამდე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე შეგირდებისგან შედეგიანობას არ ელოდა, მაგრამ ამ სიტყვებში სულ უმედლოდ დარჩენას, ალბათ, მაინც არ გულისხმობდა.
ყველაზე შედეგიანად ნუგზარ ტატალაშვილმა (73 კგ), ლევან წიკლაურმა (81 კგ) და ადამ ოქრუაშვილმა (+100 კგ) იჭიდავეს. სამივემ მეოთხედფინალში დაასრულა “დიდ სლემზე” გამოსვლა და რადგან ამ რანგის ტურნირზე რეპეშაჟის წესი არ მოქმედებს, პირდაპირ მე-5 ადგილები დაიკავეს.
ამირან პაპინაშვილმა (60 კგ), შალვა ქარდავამ, პაატა მერებაშვილმა (ორივე 66 კგ), ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ), ირაკლი ცირეკიძემ და ლევან ჟორჟოლიანმა (100 კგ) მოსკოვის “დიდ სლემზე” გამოსვლა ოდენ თითო გამარჯვებით აღნიშნეს, ხოლო დავით ასუმბანი (60 კგ), დავით ქევხიშვილი (81 კგ), მინდია ბოდაველი (90 კგ) და ლაშა გუჯეჯიანი (+100 კგ) ტურნირს მოგების გარეშე გამოეთიშნენ.
თბილისში დაბრუნებული ნაკრები სასექტემბრო სამზადისს შეკრებებით გააგრძელებს. შეგახსენებთ, წლევანდელ მსოფლიოს პირველობაზე თითოეულ ნაკრებს წონაში 2 ძიუდოისტის დაყენების უფლება ექნება.

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164765