ძიუდო

1:33 | 9.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

“დიდი სლემი” ქართულად განთესეს

დღეს-ხვალ, რიო დე ჟანეირო ძიუდოში ერთ-ერთ უპრესტიჟულეს ტურნირს – “დიდ სლემს” მიიღებს. რომ არა ოლიმპიური სეზონი და უკვე უკან მოტოვებული სალიცენზიო მარათონი, ბრაზილიის ტატამზე ტრადიციულად, მსოფლიოს უძლიერესი ძიუდოისტები გავიდოდნენ. ახლა კი ოპტიმალური შემადგენლობის დაყენება საქართველოს ნაკრების ავსტრიელი თავკაცის, პიტერ ზაიზენბახერის გარდა თითქმის არც ერთი მონაწილე ქვეყნის გუნდის დამრიგებელს არ უფიქრია.
ჩვენი ნაკრები “დიდ სლემზე” საჭიდაოდ იაპონური შეკრებიდან ჩავიდა და მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, საქმეში ოლიმპიური განაცხადის ცხრავე კანდიდატი ჩაერთვება. შეგახსენებთ, სალიცენზიო ნორმატივი სულ ათ ქართველს აქვს შესრულებული, მაგრამ მძიმეწონოსანი ზვიად ხანჯალიაშვილი ტრავმირებულია და ამ ეტაპზე ექიმები დატვირთვის ნებას არ აძლევენ. უკვე შედგა წილისყრა და საქართველოს ნაკრების წევრების მომავალ მეტოქეებზეც აქვე გეტყვით.
უმსუბუქეს წონაში – 60 კილოგრამში სულ 12 მონაწილე მოგროვდა. ამირან პაპინაშვილი და ბეთქილ შუკვანი ტურნირში პირველ-მეორე ნომრებად არიან განთესილები და საქმეში მეოთხედფინალიდან ჩაერთვებიან. პაპინაშვილს საწყის მეტოქედ ბრაზილიელი დანიელ მორაეშისა და ჩინელი ფაბიან მაულენის წყვილში გამარჯვებული ეყოლება. შუკვანი კი არგენტინელ ჰემან ბირბიერისა და ბრაზილიელ ერიკ ტაკაბატაკეს შორის უძლიერესს დაუპირისპირდება.
ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) და ლევან ჟორჟოლიანიც (100 კგ) ყველაზე მაღალრეიტინგიანები არიან თავიანთ წონით კატეგორიებში. შავდათუაშვილს მერვედფინალურ მეტოქედ ბრაზილიელი რიკარდო აირეში ერგო, ხოლო ლიპარტელიანი და ჟორჟოლიანი კიმონოს მეოთხედფინალში მოირგებენ, ასევე მასპინძლებთან: ენრიკე სილვასთან და ჰუგო პესანასთან შესახვედრად.
ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) მერვედფინალში სალვადორელ კარლოს ფიგეროას დაეჭიდება, ავთანდილ ჭრიკიშვილი კი მომავალი სავარაუდო მეტოქეების, ბრაზილიელი ვიქტორ პენალბერისა და კოლუმბიელი დერიან კასტროს მერვედფინალურ ბრძოლას გვერდიდან დააკვირდება.
100 კილოგრამში ჟორჟოლიანის გარდა ტატამზე ირაკლი ცირეკიძეც გავა და ისევე როგორც უმსუბუქეს წონაში, აქაც რეალური შანსია, ქართული ფინალი ვიხილოთ. ცირეკიძე “დიდ სლემს” მეოთხედფინალით და ბრაზილიელი ბრუნო ალტოეთი გახსნის.
მძიმე წონაში სულ 7 ძიუდოისტი აიწონა და მათგან 4 მასპინძელია. ადამ ოქრუაშვილი, რომელიც მეორე ნომრადაა განთესილი, მეოთხედფინალში ამ ოთხეულის ერთ-ერთი წევრის, გაბრიელ სანტუშის პირისპირ დადგება.
9 ივნისს ჩემპიონ-პრიზიორები 60, 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან, ხოლო 10 ივნისს – დარჩენილ ოთხ წონაში: 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში.
შეგახსენებთ, ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებელ ქართულ გეგმაში რიოს “დიდი სლემის” გარდა კიდევ ერთი ტურნირია შეტანილი - მომავალ უქმეებზე ბუენოს აირესში ჩასატარებელი მსოფლიოს თასი.

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124379