რაგბი

16:51 | 31.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

დიდი შესვენების წინ

სანამ საქართველოს XXIV ჩემპიონატში სანაკრებო ტესტ-მატჩებით გამოწვეული დიდი შესვენება დაიწყება, რომელიც ნოემბრის ბოლომდე გასტანს, შიდა რაგბის მოყვარულებს ერთი საინტერესო მატჩის ხილვის საშუალება ექნებათ და სავარაუდოდ, ლიდერიც შეიცვლება.

განვლილ რვა ტურში სულ სამი თამაში გადაიდო და მათგან ერთ-ერთი, ცენტრალური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდები დაუპირისპირდებიან, პარასკევს, 1 ნოემბერს გაიმართება. დედაქალაქურ დერბიში ქვეყნის ჩემპიონი და წლევანდელი გათამაშების პოტენციური ლიდერი “ლელო” “არმაზს” “ავჭალაზე” ეთამაშება და შეხვედრა 16 საათზე დაიწყება.

“ლელომ” სადებიუტო მატჩში “ყოჩებთან” განცდილი მარცხის შემდეგ ზედიზედ ექვსი თამაში მოიგო, მაგრამ 27 ქულით მაინც მესამე ადგილზეა. ეს იმიტომ, რომ მის მეტოქეებს - “ლოკომოტივს” და “აიას” თითო-თითო შეხვედრით მეტი აქვთ ჩატარებული და მდევარსაც თითო-თითო ქულით უსწრებენ. სატურნირო ცხრილის სათავეში მოსახვედრად, “ლელოს” გამარჯვება სულაც არ სჭირდება, თუმცა, ბუნებრივია, გუნდი მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს. რადგან ლევან მაისაშვილის შეგირდებმა ურთიერთშეხვედრებში რკინიგზელებიც დაამარცხეს და ქუთაისელებიც, ლიდერობისთვის მათ “არმაზთან” 7 და ნაკლები ქულით მარცხისათვის აღებული პრემიალური ქულაც ეყოფათ, მაგრამ ძნელად სავარაუდოა “ლელო” სამხელისუფლებიანობას დათანხმდეს.

თავის მხრივ, “არმაზს” ამ თამაშის მოგებით ლიდერებთან მაქსიმალურად მიახლოვების შანსი ეძლევა და ისინი მიზნის მისაღწევად ძალ-ღონეს არ დაიშურებენ. არმაზელებმა ორი თამაში წააგეს, აქედან ერთი ქუთაისში პირწმინდად დათმეს, “ჯიქებთან” კი დრამატულ ბრძოლაში დამარცხდნენ. ზოგადად, წლეულს “არმაზი” სულ ასეთ დღეშია და უმეტეს შემთხვევაში გამარჯვებებსაც დრამატულ ბრძოლებში, ბოლო წუთებზე გატანილი ჯარიმების წყალობით ახერხებს. მეტოქეთა ძალის გათვალისწინებით, “ავჭალაზე” მისული მიყურებელი ახლაც მსგავს სანახაობას უნდა ელოდეს და სანაკრებო მატჩების წინ შიდა რაგბითაც ისიამოვნებს, რის შემდეგაც გაირკვევა - სამი გამოკვეთილი ლიდერი ეყოლება ჩემპიონატს თუ ოთხი.

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი. გადადებული

1 ნოემბერი

თბილისი. “ავჭალა”. 16:00 საათი

ლელო (თბილისი) - არმაზი (თბილისი)

 

1      ლოკომოტივი                                                                   8           6           0          2          187-131          28     
2 აია                8 6 0 2 169-101 27
3 ლელო         7 6 0 1 180-90 27
4 არმაზი      7 5 0 2 158-137 22
5 ყოჩები       8 4 1 3 196-170 21
6 ჯიქები        8 3 2 3 180-129 20
7 არმია         7 3 1 3 150-128 17
8 აკადემია      7 1 0 6 76-135 6
9 ბათუმი       7 1 0 6 97-202 5

10

ხარები        7 0 0 7 85-205

2

 

 

გადადებული თამაშები. 17 ნოემბერი

არმია - ბათუმი, ხარები - აკადემია

0.113738