ბაქოს დიდი პრიზის პირველ დღეს, “სერხედჩის” სპორტული კომპლექსის საჭიდაო დარბაზში, მედლები მამაკაცთა ორ წონით კატეგორიაში გათამაშდა. ტატამზე საქართველოს ნაკრების 2 წევრი გავიდა და ერთმა მათგანმა 150 ათასი დოლარის საპრიზო ფონდიანი ტურნირი წაუგებლად ჩაამთავრა. 60 კილოგრამში მოჭიდავე ამირან პაპინაშვილმა 4 შეხვედრა მოიგო და ოქროს მედალთან ერთად, 3 ათასი დოლარიც მიიღო. ამასთან, საერთაშორისო რეიტინგში 200 ქულაც გამოიმუშავა.
პაპინაშვილი შეჯიბრებაში მე-2 წრიდან ჩაერთო. ყაზახ ასხატ ტელმანოვს წუთსა და 57 წამში ვაზარიც აართვა და იპონზეც დასცა; მასპინძელთა ერთ-ერთ ჯილას, თბილისის წლევანდელი მსოფლიოს თასის ჩემპიონ ილგარ მუშკიევს ვაზარით გასცდა; ნახევარფინალში ფინელ ვალტერი იოკინენს სამ წუთსა და 18 წამში იუკო და 2 ვაზარი აართვა; გადამწყვეტ შეხვედრაში კი მონღოლ ბოლდბაატარ ჩიმედ-იონდონს 2 იუკოთი აჯობა.
მონღოლმა ძიუდოისტმა ფინალში ჭიდაობის უფლება უკრაინის სახელით მოჭიდავე უხვტიტულა ქართველის, გიორგი ზანთარაიას დაიპონებით მოიპოვა. დიდ პრიზზე, როგორც წესი, რეპეშაჟის წესი არ მოქმედებს და ნახევარფინალში წაგებულმა ზანთარაიამ პირდაპირ მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავა. ასევე ბრინჯაოს დაეუფლა პაპინაშვილისგან ძლეული ვალტერ იოკინენიც.
66 კილოგრამში კიმონო შალვა ქარდავამ მოირგო, მაგრამ მხოლოდ ერთადერთხელ – პირველსავე წრეში წმინდად წააგო, მონღოლ ხიშიგბაიარ ბუუვეიბაატართან. ამ წონაში, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე სლოვენიელი როკ დრაკშიჩი ავიდა, რომელმაც ფინალში ესპანელ სუგოი ურიარტეს სძლია. ბრინჯაოს პრიზიორები კი, იტალიელი ფრანჩესკო ფურალდო და რუსი მიხაილ პულიაევი გახდნენ.
მედლები ქალთა სამ წონაშიც გათამაშდა. 48 კილოგრამში, ყველას რუსმა ლიუდმილა ბოგდანოვამ აჯობა, 52-ში - ფრანგმა პრისცილა ნეტომ, ხოლო 57-ში - აზერბაიჯანელმა კიფაიატ გასიმოვამ.
ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა 73 და 81 და ქალთა 63 და 70 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან. საქართველოს ნაკრების წევრთაგან, საქმეში თენგიზ პაპოშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე 73 კგ), ლევან წიკლაური და ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) ჩაერთვებიან.
პაპოშვილის პირველი მეტოქე, რუმინელი ადრიან ნიკოლაე მერგე იქნება, ხოლო ამათში მოგებულს, მე-2 წრეში კანადელი ნიკოლას ტრიტონი ელოდება. ტატალაშვილი წილისყრამ პირდაპირ მე-2 წრეში განთესა, მოწინააღმდეგედ კი, აზერბაიჯანელი ნადირ ბაბაიევი არგუნა.
ჭრიკიშვილი და წიკლაურიც მე-2 წრიდან ჩაერთვებიან ტურნირში, ისევე, როგორც მათი მოწინააღმდეგეები - უნგრელი შანდორ ნაგისოლიმოში და თურქი აჰმეტ სარი.
ძიუდო
დიდი პრიზი
ბაქო
6 მაისი
კაცები
60 კგ
1 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)
2 ბოლდბაატარ ჩიმედ-იონდონი (მონღოლეთი)
3 ვალტერი იოკინენი (ფინეთი)
3 გიორგი ზანთარაია (უკრაინა)
66 კგ
1 როკ დრაკშიჩი (სლოვენია)
2 სუგოი ურიარტე (ესპანეთი)
3 ფრანჩესკო ფარალდო (იტალია)
3 მიხაილ პულიაევი (რუსეთი)
ქალები
48 კგ
1 ლიუდმილა ბოგდანოვა (რუსეთი)
2 ურანცეცაჟ მუნხბატი (მონღოლეთი)
3 ბირგიტ ენტე (ჰოლანდია)
3 ელენა მორეტი (იტალია)
52 კგ
1 პრისცილა ნეტო (საფრანგეთი)
2 კანკან ჰი (ჩინეთი)
3 ლაურა გომესი (ესპანეთი)
3 აინურ სამატი (თურქეთი)
57 კგ
1 კიფაიატ გასიმოვა (აზერბაიჯანი)
2 ჰუი ვანგი (ჩინეთი)
3 საბრინა ფილზმოზერი (ავსტრია)
3 ჰედვიგ კარაკაში (უნგრეთი)
ოთარ მაღლაკელიძე







