ბლოგი

11:23 | 12.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

დიდი მადლობა სერ ალექს!

 

რთულია, სიტყვებს ერთად მოუყარო თავი, როდესაც შენი ბავშვობის კუმირი და ჭეშმარიტი ლეგენდა მიდის. ძნელია, ყველაფერი ზუსტად გადმოსცე, როდესაც სერ ალექს ფერგიუსონზე საუბრობ. ალბათ, არც ისაა ადვილი, შეეგუო, რომ მომავალ შემოდგომაზე დაიწყება პრემიერლიგის ახალი სეზონი და სამწვრთნელო სკამზე წითურ შოტლანდიელს ვეღარ ვნახავთ. სერ ალექსი ხომ რიგითი მწვრთნელი არასოდეს ყოფილა. “ფერგიმ” საკუთარი ეპოქა შექმნა. ეპოქა დიდი გამარჯვებებისა და ფიქრისა; ეპოქა, რომელიც არასოდეს დაგვავიწყდება!

ალბათ, აბსურდი და ქონდრისკაცობა იქნება, ყველანი ჩვენ-ჩვენს საქომაგო კლუბებში რომ ჩავიკეტოთ და საყვარელი კლუბის იქით ვერაფერი დავინახოთ. ან საერთოდ, აქვს კი მნიშვნელობა იმას, ვართ თუ არა საფეხბურთო კლუბ “მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივრები?! კლუბიც, ფეხბურთიც და ზოგადად მთელი სამყარო, კონკრეტულ ადამიანებზე დგას და კონკრეტული ინდივიდები ქმნიან გუნდსაც და წარსულსაც. მომავალს ხომ მით უმეტეს...

ალბათ, იმის დაჯერებაც კი რთულია, რომ 20 და 30 წლის გასვლის შემდეგ, შეიძლება იშვას ფეხბურთის ქომაგთა ახალი თაობა, რომლებსაც არ ეცოდინებათ ვინ იყო ალექს ფერგიუსონი. რასაკვირველია, საკუთრივ “მანიუს” ქომაგებს არ ვგულისხმობ, რომელთა მეხსიერებაშიც “ფერგის” სახე საშვილთაშვილოდ ჩაილექა, მაგრამ წითური სქოთი ხომ მაინც ერთი კონკრეტული კლუბის მწვრთნელად შევიდა ციფრებით გაძეძგილ სტატისტიკის ისტორიაში და მაინც არსებობს საფრთხე, რომ იგი დროის ქარტეხილებში ჩაიკარგოს. არ მინდა ამის დაჯერება და ალბათ თქვენც ჩემს აზრზე ხართ, მაგრამ დროთა მდინარებას მოვუხერხებთ კი რამეს?!...

ახლა ერთ ამბავს მოვყვები, რომელიც ამ სამი წლის წინათ მოხდა. ზაფხულის არდადეგებისას, სერ ალექსი და მისი მეუღლე ბაჰამის კუნძულებზე იყვნენ დასასვენებლად. “ფერგის” მეუღლე ქმარზე მუდამ ნაწყენი იყო იმის გამო, რომ ალექსი მთელს თავისუფალ დროსაც “იუნაიტედს” უთმობდა და პირადი ცხოვრება თითქმის გადავიწყებული ჰქონდა. ბაჰამის კუნძულებზე, მზისგან გარუჯული “ფერგი” და მისი მეუღლე ბარში შევიდნენ, სადაც ერთ-ერთი ქართული ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი გოგონა შემთხვევით გაიცნეს. სერ ალექსმა ქართველი გოგონა და მისი თანმხლები ბაჰამელი პარტნიორი სკოჩზე დაპატიჟა და ჩვენი თანამემამულის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც აღმოჩნდა, რომ ალექს ფერგიუსონმა საქართველოზე ძალიან ბევრი რამ იცოდა. შეგახსენებთ, რომ “ფერგი” ჩვენს ქვეყანაში არასოდეს ყოფილა, მაგრამ მას გასინჯული ჰქონდა ხინკალი, ახსენა რამდენიმე ქართული ღვინო და თქვენ წარმოიდგინეთ, 1989 წლის ავბედითი 9 აპრილის ამბებიც კი იცოდა. “თქვენ შოტლანდიელებივით ხართ. არასოდეს ელოდებით თავისით როდის დაიშლება იმპერია” – უთქვამს ფერგიუსონს...

დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ თანამედროვე ფეხბურთი (და ზოგადად თანამედროვე სპორტი) დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს და ამის გამო, ფეხბურთელები და მწვრთნელები ფეხბურთს იქით, სხვა ტიპის განათლებას ვეღარ იღებენ. ზემოთ შემთხვევით არ მითქვამს, რომ სამყარო კონკრეტულ ადამიანებზე დგას და ყველა ადამიანის ერთად განხილვა სისულელე იქნება. სერ ალექს ფერგიუსონი სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც შეუძლებელია მასზე, როგორც მხოლოდ მწვრთნელზე ისაუბრო. ფერგიუსონი მოაზროვნე კაცია, თავის საქმეს ჭეშმარიტად პოეტურად და შემოქმედებითად უდგებოდა და სწორედ ამიტომაცაა, რომ მის მიერ მოპოვებული არც ერთი ტიტული არ ბადებს ეჭვს. გულშემატკივრებს ფერგიუსონისთვის არასოდეს დაუსვამთ ფეხბურთში ესოდენ აქტუალური კითხვა: იქნებ, სხვა გუნდი უფრო იმსახურებდა გამარჯვებას?

პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჩვენს თანამემამულეებს მინდა გული დავწყვიტო და გითხრათ, რომ ღირსება ისეთი რამეა, რომელსაც ვერც მოიპოვებ და ვერც დაკარგავ. შესაბამისად, ღირსება ან გაქვს - ან არა. სერ ალექს ფერგიუსონმა თავისი და “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსება ათწლეულები ზიდა მხრებით და ძველი ევროპელი რაინდივით (“ფერგი” ხომ მართლაც ატარებს სერის – რაინდის ტიტულს) ვაჟკაცურად განვლო თავისი ცხოვრების უმთავრესი წლები. და მერე წავიდა!

ძნელია, ამის დაჯერება, მაგრამ ალექს ფერგიუსონი ფეხბურთიდან წავიდა!

ევროპა “ფერგის“ გარეშე...

“მანიუ” ფერგის გარეშე...…

დიდი მადლობა სერ ალექს, რომ არსებობთ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის!

 

 

0.119658