გულშემატკივრის სვეტი

12:30 | 12.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

დიდი კაცი!

თუკი ნამდვილი, ღირსეული ხალხი გახსოვს და გიყვარს, თუკი დიდ ფეხბურთზე რაიმე შეგიძლია ილაპარაკო, მაშინ ყოველთვის უნდა გახსოვდეს ერთი ჩასხმული, სქელკისერა და კეთილად მომღიმარი ინგლისელი კაცი, რომელსაც ალან შირერი ჰქვია! 

ინგლისის პრემიერლიგაში ვინ არ გვინახავს, როგორი უცნაური და საოცარი გოლები არ გვახსოვს. ბრიტანეთში ხომ ათას ცნობილ ფეხბურთელს უთამაშია, მაგრამ როდესაც ბრიტანული ფეხბურთის უპირველეს ტურნირზე – პრემიერლიგაზე - საუბრობენ, უწინარესად, სწორედ ალან შირერი მახსენება. ჩვენი თაობის საყვარელი ფეხბურთელი, რომელმაც „საუთჰემპტონსა“ და „ბლექბერნ როვერსში“ გატარებული 4-4-წლიანი პერიოდის შემდეგ („ბლექბერნში“ ჩატარებულ 138 მატჩში, მან სულაც 112 გოლი მიითვალა) მთელი დარჩენილი კარიერა ინგლისური მასშტაბით არცთუ დიდ “ნიუკასლ იუნაიტედში“ გაატარა (303 მატჩი, 148 გოლი) და ბევრს დღემდე არ ესმის, რატომ გააკეთა ეს, მაშინ როდესაც შირერის შეძენა არაერთ ცნობილ და მდიდარ კლუბს სურდა. 
ალან შირერი ერთ-ერთი უკანასკნელი წარმომადგენელი იყო ფეხბურთელთა იმ თაობისა, რომლებმაც კლუბის ერთგულება ჯერ კიდევ იცოდნენ და რომლებიც ღირსეული ადამიანის სახელს უფრთხილდებოდნენ. 
არ მინდა იფიქროთ, რომ დღევანდელ ცნობილ ფეხბურთელებს ვერჩი რამეს. კლუბების ცვლა და მაღალი ხელფასის გამო, ღვთისაგან მივიწყებულ მახაჩყალაში თამაში კონკრეტული ადამიანების არჩევანია და ჩვენ ამ არჩევანს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ გავა ათწლეულები და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიას სწორედ თავიანთი ერთგულებითა და ღირსეული საქციელით განთქმული პაოლო მალდინი და გაბრიელ ბატისტუტა, ჯუზეპე ბერგომი და ალან შირერი დარჩებიან. მახაჩყალაში ბურთის გორება კი (თუნდაც, ეტოოსა და რობერტო კარლოსის მიერ), ჩემი სუბიექტური აზრით, მალე, ფეხბურთის ქომაგთა დიდ უმრავლესობას არ ემახსოვრება.
გახსოვთ ალან შირერმა ჩვენს ნაკრებს “უემბლიზე“ გოლი რომ გაუტანა? რომელი ინგლისური ფეხბურთის ქომაგი მე ვარ, მაგრამ როდესაც ინგლისის ნაკრები თბილისში ჩამოვიდა, ინგლისელ ფეხბურთელთა არც ერთი ნაბიჯი გამომიტოვებია. მე და ჩემი მეგობრები ელექტრობოძებივით იქ ვიყავით დარჭობილი, სადაც ისინი გაიჭაჭანებდნენ. 
საქართველოსა და ინგლისის ნაკრების შეხვედრისას ხომ, თამაშამდე საათნახევრით ადრე მივედით სტადიონზე. მაშინ დროც თავზე საყრელად გვქონდა და ხალისიც მეტი იყო. თან კარგად ვიცოდით, რომ ინგლისელი ფეხბურთელების მეორედ ნახვის შესაძლებლობა შეიძლება მეორედ აღარც გვქონოდა. ჰოდა, დავდევდით უკან ამ ბიჭებს და ვიყავით ბედნიერნი. 
იმ დღეებიდან ბევრი რამ დამამახსოვრა, რასაც დღესაც ვიხსენებ ხოლმე. მაგალითად, დამამახსოვრდა, ტონი ადამსის საშინელი ხმით ყვირილი მაშინ, როდესაც ერთ-ერთმა ქართველმა ქომაგმა პოლიციის ალყა გაარღვია და საწერი კალმითა და ფურცლით “შეიარაღებული“ გაიქცა ინგლისელებისკენ, ნანატრი ავტოგრაფის მოსაპოვებლად. ადამსს კი, არ ვიცი, რა მოელანდა. ალბათ იფიქრა: “ველური კავკასიელი“ მოკვლას გვიპირებსო და ეს მთასავით კაცი ბიზონივით აღმუვლდა: “ეეეოოოოოო“... 
მახსოვს, ერთ-ერთი ქართველი ქომაგის წუწუნიც იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისურ მატჩში ალან შირერი ვერ ითამაშებდა. მგონი, პირველად მაშინ გავიგე ამ კაცის გვარ-სახელი. საპასუხო მატჩის სანახავად ინგლისში წასვლას აბა როგორ შევძლებდით? მაგრამ ერთ-ერთი ქართველი ქომაგის მონაყოლიც მახსოვს, რომელიც ბედნიერი დამთხვევის გამო, ინგლისი-საქართველოს მატჩს “უემბლიზეც“ დაესწრო: “ალან შირერი იყო ერთადერთი კაცი ინგლისელი ფეხბურთელებიდან, რომელმაც პოლიციელების მიერ გაკეთებული დამცავი ზღუდე თავად გადმოლახა და მისი ხილვით ბედნიერ ქომაგებში გაერია. ზოგს ხელს ართმევდა, ზოგს ავტოგრაფს აძლევდა, ზოგთან სურათს იღებდა... ერთადერთი ალან შირერი მიხვდა, რომ ეს ხალხი მას არაფერს დაუშავდებდა“, – იხსენებდა შემდეგ ეს კაცი. 
ახლა მახსენდება და თვალწინ მიდგას ნიუკასლელი ხელოსნის შვილი - ალან შირერი, რომელმაც ძალიან კარგად იცის გაჭირვება რა არის და ალბათ, იმასაც კარგად ხვდებოდა, ქომაგებს მისი თუნდაც ხელის ჩამორთმევით, მცირედ სიხარულს რომ ანიჭებდა. მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ალან შირერი საოცარი კაცი იყო და რა თქმა უნდა, არ გამკვირვებია გამარჯვება იმ გუნდისა, რომელსაც ასეთი კაცი ჰყავდა. 
როცა ჩვენში ხშირად იხსენებენ ინგლისი-საქართველოს შეხვედრას (ალბათ, გახსოვთ გოგრიჭიანის საგოლე მომენტიც), დარდიანად საუბრობენ იმაზე, რომ: “ჩვენს გუნდს, მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე, არ უნდა წაეგო, მაგრამ არ გაგვიმართლა და წავაგეთ“. არ მოგატყუებთ და ძალიან მახალისებს ასეთი პათეტიკური გამოსვლები, რადგან დარწმუნებით ვიცი, რომ ჩვენმა გუნდმა რიგით “ვარსკვლავებთან“ კი არა, დიდ ალან შირერთან წააგო. უბრალო ხელოსნის შვილთან, რომელიც ვერც პოპულარობამ შეცვალა და ვერც ბევრმა ფულმა. ასეთ ხალხს მსოფლიო ფეხბურთში დღესაც ვეძებ და ალაგ-ალაგ როდესაც გადავაწყდები, ვხვდები, რომ ჯერ კიდევ უნდა გვქონდეს მომავლის იმედი. ფეხბურთს ჯერ კიდევ თამაშობენ კაცები და ალან შირერისა და მისი თაობის ჭეშმარიტი ვარსკვლავების დიდ საქმეებს დავიწყება არ უწერია!
 
ლევან სეფისკვერაძე
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091274