მსოფლიოს საფეხბურთო სამყაროს ახალი ჩემპიონი ჰყავს! ესპანეთის ნაკრებმა დამსახურებულად დაისაკუთრა ოქროს თასი და მომავალი 4 წლის განმავლობაში, პირენელები ჩემპიონის ტიტულს ატარებენ.
წლევანდელ ფინალში ინგლისელი მსაჯის მიერ დაშვებული შეცდომის გამო, ბევრი ამბობს, რომ ესპანეთის ნაკრები არ არის ღირსეული ჩემპიონი და ამ ტიტულს ჰოლანდია უფრო იმსახურებდა. მსგავსი საუბრები, რა თქმა უნდა, ჩრდილს ნამდვილად ვერ მიაყენებს პრაქტიკულად მთელი ჩემპიონატის განმავლობაში შესანიშნავად მოთამაშე ესპანეთის ნაკრებს. ამ ჩემპიონატზე, მსაჯებმა ფინალთან შედარებით ბევრად უარესი შეცდომები დაუშვეს და ისეთი გოლები არ ჩათვალეს (ან პირიქით, ჩათვალეს) რომ ამ შეცდომებმა არა მხოლოდ კონკრეტულ მატჩებზე, ზოგადად, მსოფლიოს ჩემპიონატზეც კი იქონიეს გავლენა. შესაბამისად, არასერიოზული იქნება ესპანეთის გამარჯვებაში ეჭვის შეტანა და მცირე ობიექტურობის გათვალისწინებითაც კი შეგვიძლია წარმოვთქვათ: ესპანეთი ღირსეული ჩემპიონია და ესპანელთა გამარჯვება, უპირველესად მათივე თამაშის გამოისობით, დამსახურებული იყო!
ფინალამდე ერთი დღით ადრე და “ფურია როხას” გაჩემპიონების შემდეგ, ბარსელონაში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია გაიმართა. კატალონიელები ესპანეთის შემადგენლობიდან გამოსვლას და ცალკე ქვეყნად გამოყოფას ხმამაღლა მოითხოვდნენ. აქციაზე გაისმოდა ფრაზები: “მსოფლიოს ჩემპიონი კატალონიაა და არა ესპანეთი”! “ესპანეთის ნაკრები არ არსებობს, ეს ბარსელონაა”! “თავისუფლება ბასკეთსა და კატალონიას”! და სხვა...
დიქტატორ ფრანკოს არაადამიანური და დიქტატორული რეჟიმის დასრულების შემდეგ, კატალონიელები დამოუკიდებლობას ათწლეულებია, ღიად თუ ფარულად ითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ფრანკომ მათი ხალხი იმ დონეზე ტანჯა და აწამა, რომ არანაირი მორალური საფუძველი არ არსებობს მათი ესპანეთის შემადგენლობაში ყოფნისა. ფრანკოს ავკაცობები, ალბათ, ყველას კარგად მოგეხსენებათ და ის უსამართლობათა კასკადიც, რაც ესპანეთის ცენტრალურმა მთავრობამ ფრანკოს მმართველობის წლებში “ბარსელონას” დაატეხეს თავს. ამიტომ, ამ საკითხზე შეჩერება არც ღირს, მაგრამ კატალონიელთა ბოლოდროინდელი გააქტიურება, განსაკუთრებით, ევროკავშირის მთელი რიგი ქვეყნების მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ დაიწყო. როდესაც კატალონიელებმა დაინახეს, რომ ღიად სეპარატისტული და ნახევრადტერორისტული კოსოვო დამოუკიდებლად ცნეს, კატალონიისა და ბასკეთის პრობლემას კი, ყველა წაუყრუებს, პროტესტის მიზეზიც მიეცათ...
ბევრს, განსაკუთრებით კი ჩვენს “მოძმე” რუსეთს ჰგონია, რომ მთელი კატალონია დამოუკიდებლობის მომხრეა. ეს მხოლოდ რუსეთის ხელმძღვანელობისა და ევროპის სხვა მტრების ოცნებაა. მრავალმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ კატალონიაში დამოუკიდებლობას მოსახლეობის მხოლოდ 25-30 პროცენტი მოითხოვს და ამ ხალხის დიდი ნაწილი, სწორედ ფეხბურთის გულშემატკივრები არიან. “ბარსელონას” წარმატებები ამ ადამიანებისათვის, ფაქტობრივად, კატალონიის ეროვნული ნაკრების წარმატებების რანგში აღიქმება და როდესაც ხედავენ, რომ ესპანეთის სხვა რეგიონების კლუბები მათი ძლევამოსილი გუნდის ფონზე არაფრად მოსჩანან, ბუნებრივია, მადაც უმძაფრდებათ. ესპანეთის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონობამ ხომ საერთოდ ექსტაზში ჩააგდო კატალონიელები. ესპანეთი ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანაა, სადაც დიდი სპორტული წარმატებები და საერთო სიხარული ხალხს კი არ აერთიანებს, პირიქით, სეპარატიზმის მუხტს აღვივებს მათში და ხალხის ამბიციები სულ სხვა მიმართულებით გამოიხატება.
ამ ეტაპზე, კატალონიის დამოუკიდებლობის ცნობა და დასავლეთ ევროპის საზღვრების ხელაღებით შეცვლა წარმოუდგენლად, მეტიც – სასწაულად მიმაჩნია. თუმცა, ამაზე დიდი სასწაული ის გახლავთ, რომ კატალონიელთა და ბასკთა დამოუკიდებლობას, არც მეტი, არც ნაკლები – ზოგიერთი ქართველიც უჭერს მხარს. ალბათ, თქვენც გინახავთ ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც ბასკთა ხვედრზე სწუხან და ესპანეთის მთავრობას ამუნათებენ, აქაოდა, რატომ არ აღიარებენ ბასკეთს ცალკე რესპუბლიკადო. ამ დროს კი, დასავლეთის ქვეყნების სწორედ ამ არაღიარების გამოა, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო კვლავ საქართველოს კუთხეებად მიიჩნევა და რომ არა დასავლეთის ასეთი “სიჯიუტე”, ამ კუთხეების დაბრუნების არსებული მცირე შანსიც კი არ გვექნებოდა.
რა სჯობს ისეთი გუნდების გულშემატკივრობას, როგორიც ესპანეთის ნაკრები, ან “ბარსელონაა”. მხოლოდ საფეხბურთო ტკბობა და სიამე შეიძლება მიიღოს ნეიტრალურმა ქომაგმა ესპანელთა თამაშისაგან. მაგრამ გასაკვირი ისაა, რომ ხშირად ქართველები მხოლოდ ფეხბურთით არ ვკმაყოფილდებით და ხელს სწორედ იმაში ვაფათურებთ, რამაც ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში ამდენი ნგრევა და უბედურება მოიტანა...







