ჩვენი დაცემა მაშინ დაიწყო, როცა კავკასიის მზე ჩაესვენა - დანანებით ამბობდნენ ჩრდილოკავკასიელთა ლიდერები ამ ასი წლის წინათ, კავკასიის მზეში კი საქართველოს გულისხმობდნენ... განსაკუთრებული სითბოთი ოსები გამოირჩეოდნენ ქართველთა მიმართ და ერეკლეს მიმართავდნენ - რა დროსაც დაგჭირდეთ, თავი ჩვენი თქვენს სამსახურში დაგვიდიაო... არაერთ ოს ვაჟკაცს დაუდია თავი საქართველოსთვის. 1770 წელს ასპინძის ბრძოლაში ერეკლე მეფის დამიზნებულ ტყვიას შეუშვირა მკერდი და ერეკლეს შეეწირა ბულატიკო ხეთაგური. ერეკლე მეორემ ისე განიცადა მისი დაღუპვა, პირადად აჩეხა მისი მკვლელი, ბულატიკო შინ ჩამოასვენებინა და მის მამას, დახჩიკოს დიდი მამულები მიუზომა. კრწანისის ბრძოლაში ლომივით იბრძოდნენ ჩერმენ გაგლოევი, გივი ოსი, ყარაჯა და სხვა ოსი ვაჟკაცები. კრწანისის გმირ იოანე ბატონიშვილს, როცა დაუნახია ერეკლეს ბუზებივით თავსმოხვეული სპარსელები, თავი გადაუდვია, ხმლით შევარდნილა პაპის გამოსახსნელად და იმდენი უჩეხია მტერი, სისხლიანი დერეფანი გაუკეთებია. იოანეს უკან მიჰყვა ორი ოსი მხედარი, ძმები თვაურები და საქართველო საუკუნის სირცხვილს გადაარჩინეს – ერეკლე გამოიხსნეს და მთიულეთისკენ გააქანეს ძალით. ერთი წლის შემდეგ, როცა ქართველებმა ძალები მოიკრიბეს, განჯას მიუვარდნენ, ციხეს ალყა შემოარტყეს. ციხიდან გამოიჭრა განჯელთა მეთაური არზუმანა, რომელმაც თბილისი გადაწყვა და დიდიან-პატარიანად ხოცავდა უიარაღო ქალებსა თუ ბავშვებს. ოსმა გივიმ იცნო არზუმანა, ხმლით მიეჭრა, ციხის კედლებს მიალურსმა და თბილისელთა ბოღმა ამოიღო...
- გაუმარჯოს მამაც გივის! – შესძახა ქართველთა ლაშქარმა.
- გივის კი არა, საქართველოს გაუმარჯოს, – იქუხა ოსმა ჭაბუკმა, საქართველოს დროშას აკოცა და ტანზე შემოიხვია...
დრო იყო, უერთმანეთოდ პურს არ ვჭამდით, აღარაფერს ვიტყვი სპორტსა და ფეხბურთზე. მაგრამ ჭკვიანი დამპყრობლებისა და უტვინო ქართველების გამოისობით მტრებად მოვეკიდეთ ერთმანეთს, მაგრამ ყველაფერ ცუდს ხომ დასასრული აქვს? ამიტომაც, შობა დღეს, სამსახურში ანაზდათ შემოსულმა ძალიან გავიხარე, როცა ოსი ჭაბუკების გუნდი შევნიშნე – ჩვენს მთავარ არენას განცვიფრებულები ათვალიერებდნენ. მათმა მწვრთნელმა რუსლან სოზაევმა მომიყვა:
- ოცნებად მქონდა თბილისში ჩამოსვლა და ამიტომ ძალიან გავიხარე, როცა 35-ე საფეხბურთო სკოლის დამრიგებელმა გოჩა ავსაჯანიშვილმა თბილისში მოგვიწვია. უგზოობას არ შევუშინდით და 1995 წელს დაბადებულ ჭაბუკთა გუნდით წამოვედით. ჩვენი კლუბის, "ავტოდორის" მეოხმა, ბატონმა ხასან ალბეგონოვმა, როგორც კი გაიგო, თბილისში მივდიოდით, დაგვაფინანსა და სპორტული აღჭურვილობის ფულიც გამოგვატანა, გოჩას დახმარებით "სალერის" სპორტული კომპლექტი შევიძინეთ. გუშინ ვითამაშეთ თქვენი სკოლის გუნდთან ფრედ 3:3 და ხვალაც გვინდა, კიდევ ერთხელ შევერკინოთ. ასეთი კონტაქტები ჩვენთვისაც ძალიან სასარგებლოა და თქვენთვისაც. გაოცებული ვარ თქვენებურთა თბილი დახვედრით, თან გადაგვყნენ და მალე ჩვენთანაც მოვიწვევთ ვლადიკავკაზში. მშობლები ყოველ საათში რეკავენ და ისინიც ძალიან გახარებულები არიან, რომ ასეთი თბილი დახვედრა მოგვიწყვეს ქართველმა ძმებმა, თბილისი დაგვათვალიერებინეს, მცხეთის სვეტიცხველშიც ვიყავით.
გუნდს ახლდა ქართველი მწვრთნელი დათო დვალიშვილი, რომელიც “ავტოდორში" მწვრთნელად მუშაობს და საგულისხმო ამბები მომიყვა: “თბილისში რომ მოვდიოდი, ვლადიკავკაზის მე-19 ქართული სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ეთერ ფიცხელაურმა მითხრა თქვენთვის გადმომეცა, რა კაცია ამ კლუბის მეპატრონე ხასან ალბეგონოვი: როდესაც სკოლა ლამის დანგრევის პირას მისულა, ბატონ ალბეგონოვისთვის უთხოვია დახმარება. ბატონმა ხასანმა მყისვე გაიღო თანხა ქართული სკოლის დასახმარებლად და როგორც აღმოჩნდა, იმაზე გაცილებით მეტი თანხა მიუცია, ვიდრე სკოლას სჭირდებოდა. ეს კაცი იმდენ გაჭირვებულს ეხმარება, თვლა არ აქვსო... მოკლედ, არ დაკარგულა ვაჟკაცური ოსური გენი და იმედია, ეს ნაბიჯი დიდი ძმობის ხელახალი დასაწყისი იქნება...”
თქვენ კი, მკთხველო, ვინძლო, არ დაიზარო და ხვალ 11 საათზე “მარაკანას” სტადიონს მიაკითხო, სადაც ქართველი და ოსი ჭაბუკების მატჩი დაიწყება. “ავტოდორიდან” 5 ჭაბუკი უკვე წაუყვანია ვლადიკავკაზის “ალანიას”, ორ-ორი მოსკოვის “დინამოსა” და ცსკა-ს, ხოლო ერთი – “ზენიტს”. მოკლედ, ვინ იცის, იქნება ისევ ითამაშონ ოსებმა თბილისის “დინამოში” და ისეთივე კვალი დატოვონ, როგორიც ანდრო ზაზროევმა, ზაურ კალოევმა, გურამ ცხოვრებოვმა, ვოვა გუცაევმა...
მამუკა კვარაცხელია