ვინც არ უნდა იყო შენ...
იტალიის ქომაგი თუ ესპანეთზე შეყვარებული ინჩასი, ინგლისური ფეხბურთის მოტრფიალე თუ გერმანიის ნაკრების სიხარულით მცხოვრები ადამიანი; არა აქვს მნიშვნელობა ტანს ნიდერლანდებივით ნარინჯისფრად შეიმოსავ თუ ”მარსელიოზას” მოსმენისას მოგეძალება დარდი; იქნებ, პოლონეთის ნაკრების ქომაგი იყო, ან სულაც უკრაინას გულშემატკივრობდე, ძველი მეგობრობისა და წარსული ტკბილი მოსაგონარის ხათრით...
მოკლედ, თუ გიყვარს ფეხბურთი და თუ ცოცხლობ მისით, ვიცი, რომ მალე ყველაზე ბედნიერი ადამიანი იქნები. 8 ივნისს ხომ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება!
ახლა, ჩვენ ყველანი დიდ სამზადისში ვართ. ბაზარ-ბაზრობებზე დავეძებთ საყვარელი გუნდების მაისურებსა და დროშებს, წინასწარ ვიგულებთ ლუდხანებს, სადაც დიდი ტელევიზორიცა აქვთ და მიმტანი გოგონებიც უჟმურად არ იჭყანებიან. ჩავცქერით ჩემპიონატის კალენდარს და გულში უკვე წარმოდგენილიც კი გვაქვს რომელ მატჩზე უნდა შევკრიბოთ მეგობრები და რომელი თამაშის ცქერა სჯობს მარტო, დაფიქრებული კაცის პოზაში. ცოტა ხნით მაინც დავივიწყებთ პოლიტიკას და არც მსგავსი სისულელებით დავიღლით ტვინს. ჩვენ ხომ ფეხბურთი გვაერთიანებს! და ეს ბედნიერიება, მინიმუმ, ორ წელიწადში ერთხელ გვაგრძნობინებს, იმ ადამიანის უპირატესობას, რომელსაც ფეხბურთი უყვარს და ზაფხულის ცხელი დღეებიც კი ვერაფერს აკლებს მის ამაღლებულ, დიდებულ განწყობას.
ახალგაზრდა გულშემატკივრები სხვებისგან უწინარესად იმით გამოირჩევიან, რომ მათ შეუძლიათ უსასრულოდ იკამათონ ისეთ არაფრისმომტან თემებზე, როგორიცაა მაგალითად: კრიშტიანუ რონალდუ სჯობს თუ ანდრეს ინიესტა. ან: რომელ გუნდს უფრო კარგი გულშემატკივრები ჰყავს.
ეს პერიოდი ყველას გვაქვს გამოვლილი და კარგად მესმის, საღამოობით უბნების ბირჟებზე შეკრებილი ბიჭების, რომლებიც ევროპის ჩემპიონატს ერთმანეთთან საპაექრო ასაპარეზად აღიქვამენ. მაგრამ, გავა დრო და ეს ახალგაზრდა მხიარული ბიჭებიც მიხვდებიან, რომ მეორეხარისხოვანია, ვის რომელი ნაკრები, ან რომელი ფეხბურთელი მოგვწონს; ვის რომელი გუნდი არ გვეპიტნავება და რომელ მსაჯს ვერ ვიტანთ დასანახად; ეს ყველაფერი არაფერია იმასთან შედარებით, რაც ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას ხდება და რაც შემდეგ მთელი ცხოვრება გაგვყვება.
რა გვახსოვს წინა ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატებიდან? ყველა გოლი? ყველა საინტერესო სათამაშო ეპიზოდი? თუ ყველა მატჩი გვახსოვს?
ჩვენ ამგვარი დიდი ტურნირებიდან უპირველესად ემოციები გვრჩება. სწორედ ამიტომაცაა ფეხბურთი დიდებული სანახაობა, რომ აქ ყველაფერი ემოციებია. ემოციები და სახეები, რომლებიც კადრებად გვიტრიალებს მეხსიერებაში და შემდგომ, შვილებსაც და შვილიშვილებსაც, ამ სახე-კადრების შესახებ მოვუყვებით.
არიენ რობენის სახე ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელი ფინალის დროს, მას შემდეგ, რაც პენალტი გააფუჭა; 2010 წელს, მსოფლიოჩემპიონობის სიხარულით გაცისკროვნებული ჩავი; დიეგო ფოლანი კოპა-ამერიკაზე არგენტინის ნაკრების დამარცხების შემდეგ; რობერტო ბაჯოს სახე 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში; ევროპის ჩემპიონი ბერძნები და საკუთარ სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამარცხებული პორტუგალიელები; დევიდ ტრეზეგე 2000 წლის ევრომუნდიალის ფინალში გადამწყვეტი გოლის გატანისას; თმაგაშლილი და ხმაჩახლეჩილი მაურო კამორანეზი 2006 წლის ტრიუმფისას; რივალდოს, რობერტო კარლოსისა და რონალდინიოს სიმღერა ტელეკამერების წინ, 2002 წელს; მსაჯისათვის მუშტის მომღერებელი და გაცეცხლებული პოლ გასკოინი... ეს ყველაფერი ემოციებია და კადრებია, რომლებიც არასოდეს დაგვავიწყდება.
არიან ადამიანები, რომლებსაც ეს ალბათ შეუძლიათ, მაგრამ მე ნამდვილად ვერ შევძლებ იმის ახსნას, თუ რატომ მიყვარს ფეხბურთი და ვერც სხვას განვუმარტავ, რატომ უნდა უყვარდეს იგი. ”ფეხბურთი სპორტის ლამაზი სახეობაა”, ”საინტერესო სანახაობაა”, ”ფეხბურთი ჯანმრთელობაა”, ”მთელი მსოფლიო მაგას თამაშობს” და მსგავსი ფრაზები, ჩემი აზრით, არა და ვერ გამოხატავენ ფეხბურთის არსს. ფეხბურთის გულშემატკივრისთვის ფეხბურთი ცხოვრების წესია, ევროპისა და მსოფლიო სჩემპიონატები კი, წლის ჭეშმარიტი გვირგვინი. გულშემატკივრებისათვის ხომ ახალი წელი პირველ იანვარს კი არა, აგვისტო-სექტემბერში - საფეხბურთო სეზონის დაწყებასთან ერთად იწყება.
ევროპის ჩემპიონატამდე დღეებიღაა დარჩენილი. ჩვენი მოლოდინი უსაშველოდ დიდია და ამ ყველაფერს მხოლოდ ის აუფერულებს, რომ მსოფლიოს 16 საუკეთესო გუნდს შორის საქართველოს ეროვნული ნაკრები ვერ მოხვდა. რას ვიზამთ, ეს ხომ ჩვენი მუდმივი სადარდელია...
ლევან სეფისკვერაძე