ბლოგი

10:53 | 10.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

დიახ, ქართველები სოჭის ოლიმპიადაზე არ უნდა წავიდნენ!

დიახ, მეც ვიზიარებ იმას, რომ ქართველი ოლიმპიელები სოჭის ოლიმპიადაზე არ უნდა წავიდნენ! დიახ, მეც ვფიქრობ, რომ როდესაც რუსულმა ოკუპაციამ ყოვლად ამაზრზენი და უტიფარი სახე მიიღო, აფხაზეთის საზღვართან გამართულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა, მინიმუმ, უთავმოყვარეობაა. დიახ, ქართველებს სოჭის ოლიმპიადაზე, სწორედაც რომ არაფერი გვესაქმება!

ეს, ემოციურად... ახლა, მოდით, ცოტა ჩავუღრმავდეთ ამ ამბავს. როდესაც სპორტსმენი მთელი ოთხი წლის განმავლობაში ემზადება ოლიმპიადისთვის (მედლის მოპოვების შანსი ძალიან მცირეც რომ ჰქონდეს) და ბოლოს ირკვევა, რომ ოლიმპიადაზე პოლიტიკური მოსაზრებებით ვერ მიდის, ბუნებრივია, გაჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ამას გააპროტესტებენ და წმინდა სპორტული კუთხით, ალბათ, მართლებიც იქნებიან. მაგრამ მათ, ვინც “წმინდა სპორტულს აწვება”, მინდა ვკითხო: ჩემო მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ საოკუპაციო ზოლში აფხაზეთის, ან სამაჩაბლოს საზღვართან ჩახვიდეთ და ადგილობრივებს ეს აუხსნათ? შეძლებთ, რომ სახლებიდან გამოყრილ და მამა-პაპის მიწიდან გამოძევებულ ადამიანებს “სპორტული სისადავის” შესახებ ესაუბროთ?! თუ შეძლებთ, ვიტყვი, რომ თქვენი ნაბიჯი გამართლებული იქნება, მაგრამ ძალიან მეეჭვება, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამას გაბედავენ. აქ მხოლოდ იმაზე არაა საუბარი, რომ ოკუპაციით გამწარებულმა გლეხმა, შეიძლება, მასთან “ვითარების ასახსნელად” მისულ ადამიანს პანღური უთავაზოს. მთავარი ისაა, რომ, როდესაც სოჭში ოლიმპიადაზე ჩვენი სპორტსმენების ჩასვლას მოითხოვ, მინიმუმ, იმ ხალხზე უნდა აიღო პასუხისმგებლობა, რომლებიც ოლიმპიადის მომწყობებმა სახლებიდან მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზის გამო გამოყარეს: მათი “დანაშული” მხოლოდ ისაა, რომ ქართველები არიან!

თუკი, ვინმე ქართული სპორტული საზოგადოებიდან (სოჭის ოლიმპიადაზე გამგზავრების მომხრეებიდან), ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამოძევებულ ხალხთან მივა და მინიმუმ, ბოდიშს მოუხდის, მაშინ ჩვენც მოვუხდით ბოდიშს სპორტსმენებს, რომლებიც ოთხი წელი ემზადებოდნენ და ალბათ, დღეებსაც ითვლიდნენ ოლიმპიადის დაწყებამდე. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ბოდიშის მოხდა გვიჭირს და ეს არ შეგვიძლია მაშინ, როდესაც ამ ბოდიშს, ბევრი კარგი რამის გაკეთება შეუძლია.

ყველამ კარგად ვიცით, რომ ქართველი ოლიმპიელების სოჭში წაუსვლელობა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ პრობლემას ვერ გადაჭრის. ისიც ვიცით, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, უწინარესად, ჩვენს ქვეყანას აწყობს. მაგრამ, ის ხალხი, რომლებიც დღენიადაგ “ქართველების ღირსებაზე”, “გაუტეხლობაზე”, “მტერთან დაუზავებლობაზე”, “თავმოყვარეობასა” და მსგავს რამეებზე საუბრობენ, მიკვირს როგორ ახერხებენ იმას, რომ მათთვის “თავმოყვაროება” მხოლოდ მიტინგებზე დასაკივლებელი სიტყვა იყოს, რეალურად კი, მხოლოდ იმის ინტერესით ცხოვრობდნენ, რომ მთავარია, რუსები თბილისში, მათ სახლებში არ შევიდნენ. რამდენიმე ქართული სოფელი კი, მეწყერსაც წაუღია...

ყველას შეიძლება განსხვავებული აზრი ჰქონდეს. მით უმეტეს იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ კიდევ სჯერათ, რომ სპორტი პოლიტიკისგან ბოლომდე გამიჯნული ფენომენია. ზოგი სპორტსმენებს უთანაგრძნობს და ზოგი მათგანი, სამაჩაბლოელთა მიმართ სოლიდარობას მოითხოვს. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ დღეს, სწორედ ახლა, როდესაც ჩვენს ქალაქებსა თუ სოფლებში ვსაქმიანობთ და ღამით მშვიდად ვიძინებთ, ხშირად არ გვინდა გვახსოვდეს, რომ აქვე, ჩვენგან სულ რამდენიმე ათეულ კილომეტრში, ჩვენს დებსა და ძმებს საკუთარი სახლებიდან ყრიან, ამცირებენ, ვენახს უჩეხავენ, სულში აფურთხებენ და ამ დროს თავის მოკატუნება, რომ თითქოს, დიდი არაფერი ხდება - უსინდისობაა და მეტი არაფერი!

დიახ, ქართველები სოჭის ოლიმპიადაზე არ უნდა წავიდნენ! მე არ მინდა, ჩემი შვილი უთავმოყვარეო ხალხის ქვეყანაში ცხოვრობდეს!

0.117387