- რა იყო შე კაცო, ამდენი ალაპარაკეთ ეს ხალხი და ბოლოს მაინც მიდიხართ ოლიმპიადაზე? ვითომ მოიგებთ რამეს? დავიჯერო?
- ჩვენ სპორტსმენები ვართ და სპორტსმენი ოლიმპიადაზე უნდა გამოდიოდეს – აბა სხვანაირად როგორ იქნება?
- ოლიმპიადა თუარა, აავსებთ ოლიმპიურ კომიტეტს მედლებით. დამხმარეები წაიყვანეთ, მკერდი რომ დაგიმძიმდებათ მედლებით, წაგეშველებიან ცოტას...
- ასე რამ გაგაბოროტა ბიძაჩემო. ოლიმპიადაზე მივდივართ, მტერს ხომ არ ჩავბარდით ხელაწეული?
- კაცმა რომ თქვას მაგი ერთი და იგივეა!
- შეურაცხყოფას რომ გვაყენებ მაგას თუ ხვდები? რა ლაპარაკია ახლა ეგ?
- მე რა შეურაცხყოფა უნდა მოგაყენოთ ბიძია. რომ მოინდომოთ, ისე მიმჟეჟავთ – ძვლებს არ დატოვებთ ჩემსას. მე იმაზე ვბრაზობ, იმ დასაწვავ სოჭში რომ მიეხეტებით ასე ტყუილუბრალოდ და თან რომ გჯერათ, რუსებთან ურთიერთობას ვათბობთო... იმდენი პუტინის ტვინი გაახუროს მამაზეციერმა, რაც თქვენ რუსებთან ვერაფერს დაათბობთ. წახვალთ, პაწა ჰაერს ჩაყლაპავთ და წამოხვალთ. იხიტიბარს კი არ იტეხთ, მარა მე ხომ ვიცი რაც იქნება და როგორც იქნება.
- რომ გავტეხოთ ნავსი და მოვიგოთ ერთი მედალი მაინც – არ შეგრცხვება ბიძაჩემო?
- მე რა უნდა შემრცხვეს შვილო. თქვენ არ გრცხვენიათ და რაღაც შტერული მიზეზებით ეახლებით პუტინს და აქეთ ჩვენ გვდებთ რაღაცეებში ბრალს. ისე, დედას გაფიცებ, მართლა გჯერა რომ იზამთ რამეს? აი, შენ მაგალითად რომ შემომცქერი - მოიგებ ვითომ რამეს?...
- სპორტსმენი იმის სპორტსმენია, რომ ყოველთვის გასამარჯვებლად უნდა წავიდეს ნებისმიერ ტურნირზე. აბა ისე როგორ იქნება?!...
- კაი, კაი ახლა... მოსმენილი მაქვს მაგ ზღაპრები მე. საბჭოთა კავშირში მეტს კი არაფერს იძახდნენ ის ოჯახდაქცეულები. მთავარი მონაწილეობაა და არა გამარჯვებაო. ისემც მაგათ დაუმშვენდა ცხვირი, რაც ეგრე არ იყოს. მთავარი თუ რამეა ამქვეყნად, სწორედაც რომ გამარჯვებაა და არაფერი სხვა გამარჯვების გარდა! კაცი რომ ომში მიდის და წინასწარ იმას იძახის, მთავარია ვიბრძოლო და თუ არ გავიმარჯვებ ამ ჩემს ფეხებსო – კაი კაცია მაგი? კაი კაცი კი არა, მშიშარაა და მთხლეა მაგნაირი კაცი!
- ეგ გავიგე, მაგრამ ჩვენს რას გვემართლები ბოლომდე მაინც ვერ გავიგე. თუ არ წავალთ რა მოხდება ვითომ? ეს ოლიმპიადა უჩვენოდ მაინც გაიმართება და ჩვენი კოღოს ნაკბენივით პროტესტი არც არაფერს შეცვლის. ამიტომ, ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო – ასე ვიცი მე...
- მაგ შტერული ანდაზის მომგონს უნდა ამოგლიჯოს კაცმა ენა მე თუ მკითხავ. ჩათრევას ჩაყოლა რატომ ჯობია ვითომ? მტერი აგერ კარზე რომ მოგადგა ის არ გეყო და ახლა შენ თვითონ უნდა ეახლო დამნაშავესავით თუ რაფერაა საქმე? აქამდე რომელმა “ჩაყოლამ” მოიტანა კარგი შედეგი, ამან რო მოიტანოს? აგიგდებენ რუსები მასხრად ბიძია და უყარე მერე კაკალი. თუმცა შენ კი არა, ჩვენს ქვეყანას, მთლიანად საქართველოს დასცინებენ – ომი მოვუგეთ, დედა ვუტირეთ და მაინც აქეთ გვეხვეწებიან – თქვენს იქით გზა არა გვაქვს, გვაპატიეთ ყველაფერიო. აგერ ნახე ასე თუ არ იქნება. ესეც არ იყოს, სეპარატისტებს გააჩერებ შენ? გაშლიან იმ თავიანთ დროშებს შუა სოჭში დიდი ამბით და დაიწყებენ ბღავილს – თავისუფლება გვინდა და ქართველებმა არ გაიხარონ, რო არ გვეშვებიანო. ჰოდა რომ მიაჩერდები პირღია, მერე გამიხსენებ მე, მარა გვიანი იქნება ყველაფერი.
- იქ რა იქნება, მაგას მოდი წინასწარ ნუ ვიტყვით...
- მე ჩემი მითქვამს და გამიხსენებ-მეთქი გეუბნები...