გულშემატკივრის სვეტი

17:04 | 5.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

დიადი “ბარსელონას” ბნელი მხარე

მოკლედ, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო - ლონდონის ფინალში “ბარსელონამ” “მანჩესტერ იუნაიტედი” უდავოდ დაჯაბნა და ენა არ უნდა მოგვიბრუნდეს იმის სათქმელად, რომ კატალონიელებს თასი არ ეკუთვნოდათ, ანდა სხვა გარეშე ფაქტორების ჩარევით შეძლეს ჩემპიონობა. ყველაფერი მართლაც რომ კანონზომიერად მოხდა, მაგრამ “რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელიაო” და “უემბლის” მატჩშიც მოხდა ერთი გულსატკენი შემთხვევა, რომლის ართქმაც, უბრალოდ, არ შეიძლება. ინგლისელი ჟურნალისტების გამოთვლით, ლონდონში “ბარსელონას” საგულშემატკივროდ ჩასული ათიათასობით კატალონიელი ქომაგიდან მხოლოდ სამს (!) გაახსენდა კუნძულზე ესპანეთის დროშის წაღება და ასეთი შემთხვევები, ბოლო დროს, “ბარსას” ქომაგებში უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. კატალონიური სეპარატიზმი ესპანელთა პრობლემაა, მაგრამ როდესაც ამ სენისგან განაწამებ ქვეყანაში ცხოვრობ და ხედავ, თუ რაოდენი გასაქანი აქვს სეპარატისტულ მოძრაობებს შუაგულ ევროპაში, შიშთან ერთად, უიმედობის განცდაც გეუფლება, რადგან ბევრი ევროპელი ასეთ ფაქტებზე უბრალოდ თვალს ხუჭავს და ლოგიკით - “ვისაც რომელი სურს, ის დროშა აფრიალოს” - თავსაც იტყუებენ და არც სხვების მოტყუებაზე არიან მწყრალად.
როდესაც ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, მაშინაც ვწერდი, რომ ეს ზოგადესპანური სიხარული, შეიძლება, კატალონიური სეპარატიზმის (შარშანდელ ტრიუმფატორ ესპანეთის ნაკრებში ხომ არაერთი კატალონელი თამაშობდა) მიზეზიც გამხდარიყო და საბოლო ჯამში, ასეც მოხდა. როდესაც “ფურია როხამ” ნანატრი ოქროს მედლები მიიღო, ბარსელონაში იმავე საღამოს გაიმართა საპროტესტო აქცია, სადაც ერთადერთი მოთხოვნა იყო – კატალონიის დამოუკიდებლობის აღიარება. ეს არასასიამოვნო ტრადიცია წლეულსაც გაგრძელდა და ლონდონიდან კატალონიაში დაბრუნებული “ბარსელონას” გულშემატკვირების ერთმა ნაწილმა, ბარსელონაში მდებარე ესპანეთის სამთავრობო მუნიციპალიტეტის შენობებს ქვები დაუშინა და ამის გამო, რამდენიმე ქომაგის დაკავებაც გახდა საჭირო.
როგორც გითხარით, მეტად უცნაური და პარადოქსული რამ ხდება. ჩართავ ტელევიზორს და უყურებ “ბარსელონას” – ამ მართლაც რომ საოცარი გუნდის თამაშს, რომელიც მწვანე მინდორზე გასაგიჟებელ რამეებს აკეთებს და ბედნიერი ხარ იმით, რომ ფეხბურთი გიყვარს და ამ თამაშს “ბარსელონაც” თამაშობს. მაგრამ, ამავე დროს, ისიც იცი, რომ კატალონიური გრანდის ყოველი წარმატების შემდეგ, ქართველთათვის ესოდენ გულის დამთუთქველი სენი – სეპარატიზმი ამოფუთფუთდება მავანთა ტვინებიდან და მთელი ეს ფეხბურთით მიღებული სიამეები ერთად გავიწყდება, რადგან სეპარატიზმი გაგონებს ყველაფერ ცუდს, რაც კი შეიძლება აგონდებოდეს კაცს, რომელიც უკვე ხუთ ომს მოესწრო და არც ახლა სძინავს მთლად მშვიდად და უშფოთველად.
“ფეხბურთი ზიზღზე მაღლა რომ დგას, ეს ინგლისში თამაშის დროს გავიგე. არგენტინა-ინგლისის ომის შემდეგ, ჩემს ქვეყანაში ინგლისელები არ უყვართ და ვიცოდი, რომ ინგლისშიც ვერ გვიტანდნენ არგენტინელებს. მაგრამ, როდესაც პრემიერლიგაში თამაში დავიწყე, იმის შემდეგ, ინგლისელებისგან იმხელა სითბოს ვგრძნობ, რომ ვხვდები - ფეხბურთი მართლა დიდებული სპორტია, რომელიც მტრობას ყველას ავიწყებს”, - არგენტინელი კარლოს ტევესის ამ შესანიშნავ სიტყვებს განსაკუთრებული გარჩევა რომ არ სჭირდება, დამეთანხმებით. სწორედ ამიტომაც, ნამდვილ სულელებად მივიჩნევ “ბარსას” ან “რეალის” იმ ქომაგებს, რომლებიც ფეხბურთზე წინ, ჭკუიდან გადასული გენერალი ფრანკოს მიერ დათესილ შუღლს აყენებენ და მით უმეტეს უცნაურია, როდესაც ეს აბსურდული მტრობა საქართველოშიც არის ფესვგადგმული. ერთ მხარეს მესი, პედრო, ინიესტა, ხავი და მათი ძმაბიჭები... მეორე მხარეს პორტუგალიელები: ჟოზე და კრიშტი, გერმანელ-თურქი ოზილი და გაღმაოკეანელი კაკა. განა ეს უბრალო ამბავია?! მთელი გასული სეზონის განმავლობაში, ოთხჯერ ვნახეთ ელ-კლასიკოებში ამ ვეფხვების ჯახი და შეჭიდება. ოთხჯერ ვნახეთ ჟოზეს მუშტების ჰაერში სავსავი და გვარდიოლას მრავლისმეტყველი ღიმილი. სხვა რა გინდა, თუკი ფეხბურთი გიყვარს? რად ყურყუმალაობ ამ სეპარატისტულ წუმპეში, როცა ცოტა ხნის წინათ სიკვდილს ხელიდან დამსხტარი აბიდალის ბედნიერ სახეს უყურებ?! როცა თვით დიდი ”ფერგიც” კი მოდის და კაცურად აღიარებს, რომ დღეს “მანჩესტერზე“ მაგრები ხართ! ფეხბურთი ხომ გაცილებით მეტია, ვიდრე ლუდვიგ ჩიბიროვი...
 

 

ლევან სეფისკვერაძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090658